სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე გახდა
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 12 მარტს გაიმართა და სადაც ერთადერთმა რეგისტრირებულმა კანდიდატმა – გიორგი ვაჩნაძემ კონსერვატორიის განვითარების გეგმა აკადემიური საბჭოს წინაშე წარადგინა.
“შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე”, – ნათქვამია კონსერვატორიის ინფორმაციაში.
გიორგი ვაჩნაძის ბიოგრაფიული ცნობები:
– გიორგი ვაჩნაძე დაიბადა თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წელს სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში („Mannes College of Music“). 1994 წელს დაამთავრა ინდიანას უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
– იგი არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1994 წელი – ჯინა ბახაუერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, მეოთხე ადგილი; 1996 წელი – ალაბამას ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსი, პირველი ადგილი; 1997 წელი – მსოფლიოს საფორტეპიანო კონკურსი, ცინცინატი, პირველი ადგილი; 1998 წელი – პალმ ბიჩის საფორტეპიანო კონკურსი, პირველი ადგილი).
– სხვა მუსიკალურ ფორუმებთან ერთად, ის გამოდიოდა ჰოლივუდის ბოულის ფესტივალზე, რავინიას ფესტივალზე, სტრესას ფესტივალზე და როტერდამის ფილარმონიის ფილიპს-გერგიევის ფესტივალზე.
– 1999 წელს ვაჩნაძის დებიუტი ნიუ-იორკში გაიმართა ლინკოლნ ცენტრის Alice Tully Hall-ში. კრიტიკოსი და მწერალი ფაუბიონ ბაუერსი American Record Guide-ში წერდა – ვაჩნაძე არის სრულყოფილი არტისტი, რომელიც ახლა თავისი მუსიკალური და ინტელექტუალური ძალების სიმაღლეზეა. მას ფორტეპიანოზე აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია“.
– 2002-2005 წლებში იყო ინდიანას უნივერსიტეტის ლექტორი, 2004-2011 წლებში – მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ასევე ვილა სანდრას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლეზაში (ლაგო მაჯორე), იტალია.
– გიორგი ვაჩნაძე წარმატებით მართავს სოლო, ასევე კონცერტებს სხვადასხვა ორკესტრთან ერთად აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, ფინეთში, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში, ტაივანში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, და ა.შ.
– საქართველოში ჩამოსვლამდე გიორგი ვაჩნაძე პროფესორის რანგში მოღვაწეობდა ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტში, სადაც ფორტეპიანოს განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ.