წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი.
საგმოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი”, – განმარტავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.