GE

სერტიფიცირებული პედაგოგები პორტფოლიოების საფუძველზე მიღებულ კრედიტქულებს ახალ წლამდე გაეცნობიან

ძველ სქემაში ჩართული სერტიფიცირებული პედაგოგების პორტფოლიოების გასწორების პროცესი სრულდება. ძველი პორტფოლიოს შეფასება ეს არის საშუალება, რომლის დახმარებითაც სერტიფიცირებული მასწავლებლები ახალი სქემის ფარგლებში, მაქსიმუმ დამატებით 6 კრედიტ ქულას მიიღებენ და წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიუახლოვდებიან, ხოლო წამყვან მასწავლებლებს 10 კრედიტ ქულის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შეფასების დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც 21 – 25 დეკემბერს პედაგოგებს  მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), ახალი გრაფა გამოუჩნდებათ,  სადაც ის კრედიტქულა იქნება დაფიქსირებული, რომელიც მათ 2011 წლიდან 2014 წლამდე განხორციელებული საქმიანობისთვის მიენიჭათ.  შედეგების გამოცხადებას   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ნოემბრის თვეში გეგმავდა. თარიღის გადაწევის მიზეზად განცხადების დიდი რაოდენობა  და ბევრი ხარვეზი დასახელდა, რომელიც დაშვებული იყო მასწავლებლების მიერ დოკუმენტაციის ატვირთვის დროს.  რამდენი ადამიანი ასწორებს ძველ პორტფოლიოებს, რამდენმა  პედაგოგმა  გააკეთა განაცხადი  და დაახლოებით როგორია შედეგები?!  ამ და სხვა საინტერესოსაკითხებზე Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული   ცენტრის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვა“ პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი ესაუბრა.

-ძველი პორტფოლიოების შესწორების პროცესი საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა.  ამიტომაც ვადები გავახანგრძლივეთ, 21 -25 დეკემბრს,  პედაგოგებს, eSchool-ში, გამოუჩნდებათ ახალი დამატებითი ჩანართი (TAB), სადაც  მიღებული კრედიტების რაოდენობა იქნება ასახული.

თუ ჩანართში არ აისახება კრედიტის რაოდენობა, მასწავლებელს ექნება საშუალება შეიტანოს სააპელაციო განაცხადი ელექტრონული სახით, eflow პროგრამის გამოყენებით. სააპელაციო კომისია განიხილავს ყველა განაცხადს. შეფასების საბოლოო დამტკიცებული შედეგები 2016 წლის 8-10 თებერვალს გვეცოდინება. 

ბატონო კახა, სულ რამდენმა პედაგოგმა შემოიტანა განაცხადი?

-ძველ სქემაში, რომელიც 2011-2014 წლებში ფუნქციონირებდა 8000-ზე მეტი პედაგოგი იყო ჩართული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ესენი არიან  სერტიფიცირებული პედაგოგები. ჩვენდა გასაკვირად, ძალიან მაღალი არის- შემოსული განაცხადების ციფრი – 5266. თუმცა არის შემთხვევები,  რომ განაცხადი შემოსულია თუმცა შემდეგ პედაგოგს eSchool-ში მასალები ატვირთული არ აქვს. არის შემთხვევები, პედაგოგი საერთოდ არ იყო ძველ სქემაში ჩართული თუმცა მასალა მაინც  აქვს ატვირთული.

კიდევ ერთი დეტალი, ხშირ შემთხვევაში, პედაგოგებს იმაზე გაცილებით მეტი დოკუმენტი აქვთ ატვირთული, ვიდრე ჩვენ რეალურად ვითხოვდით. რადგან პირველი შემთხვევაა ძალიან ლოიალურად მივუდექით საკითხს და ვეცადეთ, ყველა დოკუმენტი გამოგვეყენებინა შეფასებისთვის. რეალურად ძალიან დიდი რაოდენობის დოკუმენტაციაა ატვირთული.

რა მასალები უნდა აეტვირთათ პედაგოგებს თქვენი მოთხოვნების მიხედვით?

-სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა, სასწავლო რესურსის შექმნა, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა.

თითოეული რამდენი ქულით ფასდება ბატონო კახა?

-სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა – 3 კრ/ქ

სასწავლო რესურსის შექმნა – 1კრ/ქ

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – 2 კრ/ქ

საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა (მხოლოდ სერტიფიცირებული დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლის მიერ) – 4 კრ/ქ

თითოეული მიმართულება ფასდება შემდეგი აქტივობებით: ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით მასწავლებელი წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:  საგანმანათლებლო პროექტი;  ინტეგრირებული გაკვეთილი;  სსსმ მოსწავლესთან მუშაობა;  სასწავლო პროცესის პრაქტიკული კვლევა.

სასწავლო რესურსის შექმნის მიმართულებით მასწავლებელი წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: 2 სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია;  სახელმძღვანელოს ავტორობა /თანაავტორობა; მასწავლებლის შექმნილი სასწავლო ციფრული ობიექტები, ისტ-ის ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების მაგალითი.

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით, აუცილებელია პროფესიული განვითარების გეგმისა და რეფლექსიის, აგრეთვე, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის წარმოდგენა: აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი; სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; კონფერენციებზე მომხსენებლად გამოსვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კათედრაზე თემის წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

-ყველაზე მეტი განაცხადი რომელი მიმართულებით შემოვიდა?

-ყველაზე მეტი განაცხადი მივიღეთ პროფესიული განვითარების რეფლექსიაში და ინტეგრირებული გაკვეთილები, ასევე საკმაოდ ბევრი სასწავლო რესურსი იყო წარმოდგენილი. გვაქვს შემთხვევები როდესაც სამივე მიმართულებით არის შემოსული განაცხადები. არის შემთხვევები როდესაც მხოლოდ ერთ აქტივობაზე აქვს აპლიკანტს განაცხადი შემოტანილი. საერთო ჯამში სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შეუძლიათ აღნიშნული პორტფოლიოთი მაქსიმუმ დამატებით 6 კრედიტ ქულა მიიღონ და წინ წაიწიონ წამყვანი მასწავლებლის გზაზე ხოლო წამყვან მასწავლებლებს შეუძლიათ აიღონ მაქსიმ 10- კრედიტ ქულა.

-შესწორების პროცესი თითქმის დასრულდა, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?

-მაქსიმალურად ვეცადეთ რომ გაგვეთვალისწინებინა არსებული რეალობა – შედეგები ნორმალურია,  საახალწლოდ ბევრ პედაგოგს გავახარებთ.  რა თქმა უნდა პრობლემა საკმაოდ ბევრია,  მითუმეტს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით.

თქვენთვის, ცენტრისთვის რა დამატებითი ღირებულებას წარმოადგენს ის საბოლოო, შედეგი რომელსაც ძველი პორტფოლიოების შესწორებით მიიღებთ?

– პირველ რიგში, არ  გვინდოდა, პედაგოგებს, რომლებმაც  წინა წლებში დამატებით იშრომეს, ეს შრომა დაჰკარგვოდათ;  ამ სქემის შეფასების კიდევ ერთი მიზანი კი გახლავთ ის, რომ მიღებული შედეგების შემდეგ ჩვენ შევძლებთ მოვამზადოთ სარეკომენდაციო დოკუმენტები. ეს იქნება დამხმარე მასალა შემდგომი მუშაობისთვის. ანალიზსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ერთგვარად ეს იქნება მოდელირება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ მაშინ, როდესაც 60 ათასი პედაგოგის დოკუმენტაციის გასწორებას დავიწყებთ და პრობლემებს შეეჭიდება სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი.

-ბატონო კახა, ვინ ასწორებს პედაგოგების შემოსულ დოკუმენტებს?

ამოწმებს ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელშიც დაახლოებით  80 ადამიანია.  მათ ჩვენ ტრენერ–კონსულტანტებს ვუწოდებთ. კომისიაში  არიან როგორც სკოლის მოქმედი დირექტორები, ასევე პედაგოგები.

-თუ ექნებათ პედაგოგებს შესაძლებლობა, გაასაჩივრონ კომისიის მიერ მათთვის მინიჭებული ქულა?

-რა თქმა უნდა ექნებათ.  თუ შედეგები არ დააკმაყოფილებთ და ჩათვლიან, რომ მეტ კრედიტ ქულას იმსახურებენ, შეუძლიათ გაასაჩივრონ. მას შემდეგ, რაც ქულები გამოქვეყნდება, დაიწყება აპელაციის პროცესი. მასწავლებლისათვის კრედიქტულების მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი, რაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.  დირექტორის ბრძანება საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. და კიდევ ერთი, ჩვენ ღიად  გვქონდა კრიტერიუმები გამოქვეყნებული. ობიექტური და გამჭვირვალე შეფასება ამის გარეშე შეუძლებელია პედაგოგებმა წინასწარვე იცოდნენ, რის მიხედვით მოხდებოდა მათი ნაშრომების გასწორება და როგორ უნდა მოემზადებინათ შესაფასებელი დოკუმენტაცია.

რომელ აქტივობაში რამდენი კრედიტქულა მიენიჭებათ ძველ სქემაში ჩართულ პედაგოგებს?!

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესში ცვლილება შევიდა

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური