GE

შეეზღუდება თუ არა განათლების მინისტრს სკოლის დირექტორის დანიშვნა?! – პარლამენტი ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებაზე მსჯელობას იწყებს. კანონპროექტის ავტორი და ცვლილების ინიციატორი კომიტეტის წევრი სერგო რატიანია.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სკოლის დირექტორების დისკრეციის წესით დანიშვნის უფლება უნდა გაუუქმდეს. დისკრეცია გულისხმობს, რომ იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოები დირექტორებს ვერ ან არ აირჩევენ, მინისტრი უფლებამოსილია, აღნიშნულ სკოლაში დირექტორი 6 წლის ვადით, თავად დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში კი ხელშეკრულებასაც დირექტორებთან სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფორმებს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორს, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ექნება და არა დირექტორის.

უფრო კონკრეტულად, თუ რას გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის ავტორი Aris.ge-განათლებას დეტალურად ესაუბრა.

– მე ვფიქრობ, რომ ის მუხლი, რომელიც დისკრეციას ეხება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ზოგადად, თვითონ კანონის სულისკვეთებას. წესით, ჩვენ სკოლებში უნდა გვყავდეს სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეული დირექტორები და სკოლა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ის ფაქტი, რომ უმრავლეს სკოლებში დღეს გვყავს მინისტრის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირები, ეს საერთოდ ამოვარდნაა კანონის სულისკვეთებიდან.

– რა არის თქვენი ალტერნატიული ვარიანტი? სამინისტრო საერთოდ არ უნდა ჩაერიოს პროცესში?

– მთავრობას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ როდესაც სამეურვეო საბჭო ვერ ირჩევს დირექტორს დანიშნოს ხელმძღვანელი პირი, მაგრამ მე ვთვლი, რომ არა პირდაპირ დირექტორი  არამედ მოვალეობის შემსრულებელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხედავდეს, რომ სკოლაში არის პრობლემა, იქ დროებითი ხელმძღვანელია, სიტუაციას გამოსწორება სჭირდება და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

– თუ გაქვთ კანონპროექტში განსაზღვრული ვადა – რა ვადით უნდა დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებელი?

– ამ მიმართულებით გახსნილები ვართ. მთავარია დისკრეციის უფლების მუხლი იქნეს ამოღებული და სხვა ყველა სახის არგუმენტის და მოსაზრების განხილვა შესაძლებელია. ვინაიდან დირექტორი ინიშნება 6 წლის ვადით, პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ მოვალეობის შემსრულებელი 2-3 წელზე მეტი ვადით არ უნდა დაინიშნოს.

– „დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა სკოლის განვითარების და შეუძლია აირჩიოს სამი სკოლა, რომელთა ხელმძღვანელობაც სურს“ – ეს მოქმედი კანონმდებლობით; ამ მუხლთან დაკავშირებითაც ხომ არ გაქვთ შენიშვნები?

 არა, მხოლოდ დისკრეციის უფლებების გაუქმებას მოვითხოვთ.

– განხილვის პროცედურა როგორია?

– ჯერ იქნება საკომიტეტო მოსმენები და განხილვები, უახლოეს კომიტეტზე პირველი მოსმენაა. ვიმედოვნებთ, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან არასამთავრობო სექტორის და სამინისტროს წარმომადგენლები. განხილვების შემდეგ უკვე დაიწყება სასესიო მოსმენები.

– შანსი როგორია, რომ დისკრეციის უფლებით დირექტორთა დანიშვნის მუხლი შეიცვალოს, ელოდებით პარლამენტის მხარდაჭერას?

– მე ვფიქრობ, არგუმენტები, ჩემი ინიციატივის საწინააღმდეგოდ უბრალოდ არ იარსებებს. ვფიქრობ, ,,რესპუბლიკელები” და ,,თავისუფალი დემოკრატები” დაუჭერენ მხარს. უმრავლესობის ერთმა წევრმაც თქვა, რომ ძნელია ამ კანონ-პროექტის წინააღმდეგ  წასვლა. ასე რომ, იმედი მაქვს ეს ინიციატივა მიიღებს კანონის სახეს და მინისტრი სკოლაში პირდაპირ დირექტორს კი არა, მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს.

– ბატონო სერგო, თქვენ გარკვეული შენიშვნები გასაუბრებების პროცესთან დაკავშირებითაც გქონდათ…

– დიახ ასეა. პირველ ეტაპზე დირექტორობის დაახლოებით 3000 მსურველიდან წერილობითი გამოცდა გაიარა 1600-მდე კანდიდატმა და შემდეგ გასაუბრების 15 წუთიანი პროცესით გაიცხრილა 700. მე ვფქირობ, რომ გასაუბრების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს მყარ კრიტერიუმებს. თუ ეს მყარი კრიტერიუმები არ არსებობს აპლიკანტს შედეგის გასაჩივრების საშუალებაც არ აქვს. ეს კი პროცესის მიმართ უნდობლობის განცდას აჩენს.

როგორია კომიტეტის წევრთა განწყობა ახალი ინიციატივის შესახებ, ამის გასარკვევად Aris.ge – განათლება განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეს დაუკავშირდა:

“დისკრეციის უფლება უნდა ჰქონდეს მინისტრს. დავუშვათ, სამეურვეო საბჭომ ვერ მოახერხა დირექტორის არჩევა, მაშინ სკოლა უპატრონოდ ხომ არ დარჩება. ახლა იცით რაზე ვმსჯელობთ: კიდევ ერთხელ მიეცეს საშუალება სამეურვეო საბჭოს დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. ანუ თუ პირველ ჯერზე არ აირჩევს, მინისტრმა პირდაპირ კი არ გამოიყენოს დისკრეციის უფლება, არამედ მეორედაც მისცეს კანდიდატი საბჭოს ასარჩევად. სერგო რატიანი თავის კანონპორექტს სავარაუდოდ ამ კუთხით წაიყვანს და ამიტომაც გადაიდო მისი მოსმენა შემდეგ სასესიო კვირამდე,“– განაცხადა ივანე კიღურაძემ.

რაც შეეხება საკითხს – სამინისტრომ იგივე კანიდატი უნდა წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს თუ სხვა, ამაზე კიღურაძის განმარტებით, ჯერ შეჯერეულები არ არიან და ეს საკითხი განხილვის პროცესში უნდა გადაწყდეს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს ტესტირებას, მეორე ეტაპი კი გასაუბრებას. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია ატარებს. მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სამინისტრო კანდიდატს წარუდგენს სკოლის სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭო საჯარო სკოლის დირექტორს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით, დანიშნოს დირექტორი რომლის დანიშვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური