GE

შემოქმედებითი უნარების განვითარება გაკვეთილზე – მასწავლებლის ბლოგი

ავტორი – ქეთევან კუბლაშვილი

თანამედროვე ცხოვრებაში  მეტად მნიშვნელოვანია ადამიანი ფლობდეს შემოქმედებით  უნარებს, შეეძლოს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. შემოქმედებითი უნარების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებენ  ფსიქოლოგებიც და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადამიანის უნარი, ააგოს თავისი სამყარო, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება(სიტყვით, ხატვით, მუსიკით, საქმიანობით) და წარმოაჩინოს თავისი თავი ამ  სამყაროში“, სწორედ ამიტომ, ამ უნარის განვითარებას სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

მასწავლებლის ნიჭიერება არა მარტო საგნის ღრმა ცოდნაში ვლინდება, არამედ იმაშიც, რამდენად იცნობს ის თავის მოსწავლეებს, რამდენად ესმის მათი. მასწავლებელმა უნდა აღმოაჩინოს, გამოავლინოს და განავითაროს მოსწავლეებში ის თვისებები, რომლებიც მათი შემოქმედებითი აზროვნების საფუძველში დევს ჩანასახის სახით, ამას ის მოახერხებს შემოქმედებითი მიდგომით, ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნით.

ამბობენ, რომ  ,,შემოქმედ მასწავლებელს ჰყავს შემოქმედებითი უნარის მქონე მოსწავლეები“, სრული ჭეშმარიტებაა, რადგან  სწორედ მასწავლებელი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, სიახლის მაძიებელი, ორიგინალური, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიმღები,  შემოქმედი. ის მუდმივად უნდა ზრუნავდეს გამოიწვიოს მოსწავლეები, წააქეზოს თამამად წარმოაჩინონ თავიანთი უნარები,  შესაძლებლობები და, შემდეგ, ეს ისევ მათი შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად გამოიყენოს.  მასწავლებელი მიზანმიმართულად უნდა წარმართავდეს თავის საქმიანობას და აუცილებლად მიაღწევს შედეგს.

XXI საუკუნის მასწავლებელს ბევრი რამ მოეთხოვება, მას რთული, საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა, რომელსაც წარმატებით უნდა გაართვას თავი. თანამედროვე მასწავლებლის წარმატების ასეთი ფორმულა შემოგვთავაზა ერთ-ერთმა უცხოელმა კოლეგამ:

,,პროფესიის სიყვარული+შთაგონება+კომპეტენტურობა+შორსმხედველობა=თანამედროვე მასწავლებელი“.

ამ ფორმულიდან ვერცერთ შესაკრებს ვერ გამოვრიცხავთ, პირიქით, მათი  რაოდენობა შეიძლება მეტადაც გაიზარდოს. შემოქმედი მასწავლებელი არა მარტო ცოდნას გადასცემს, არამედ ასწავლის ცქერას და დანახვას, ფიქრს და გაანალიზებას, კამათს და არგუმენტირებას, კვლევას და საკუთარი პოზიციის დაცვას. ყველა ბავშვს გააჩნია მდიდარი ფანტაზია, წარმოსახვა, გამოგონების, შეთხზვის, თამაშის მოთხოვნილება, ამიტომ მასწავლებელმა ეს უნდა გამოიყენოს მათი შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად, შესთავაზოს მათ სხვადასხვა სახის აქტივობა-დისკუსიები, თამაშები, პრობლემური სიტუაციები და სხვა.

ასეთი  მასწავლებლისა  და მისი მოსწავლეების საქმიანობა თავისთავად უკვე არის შემოქმედებითი პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი გახლავთ შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა- მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.

ამგვარად, ,, შემოქმედებითობა, ანუ კრეატიულობა ეს არის შემეცნების, არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილების პოვნის უნარი, ეს არის მიზანდასახული სვლა ახლის აღმოსაჩენად და საკუთარი გამოცდილების სიღრმისეული გაცნობიერება“, ამიტომ შემოქმედებითი უნარების განვითარებას გაკვეთილზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.   

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური