GE

როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის

„რას ნიშნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება“ – ასე ჰქვია საინფორმაციო ბროშურას, პუბლიკაციას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და გვიამბობს, როგორ უნდა განიხილონ ბავშვთან დაკავშირებული ყველა საკითხი ზრდასრულებმა და როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ისეთ გადაწყვეტი­ლებას იღებენ, რომელიც ბავშვს ეხება. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სასამართლოზეა საუბარი.

EDU.ARIS.GE პუბლიკაციას უცვლელად წარმოგიდგენთ:

ეს ბროშურა გიამბობს, როგორ უნდა განიხილონ ბავშვთან დაკავშირებული ყველა საკითხი ზრდასრულებმა და როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომელიც ბავშვს ეხება. ამ შემთხვევაში, გიამბობთ, კონკრეტულად სასამართლოზე.

  • სასამართლოში ბავშვთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, ყოველთვის და ყველა უნდა უსმენდეს, პატივს სცემდეს და იცავდეს ბავშვს.
  • ბავშვთან მომუშავე ყველა ადამიანს მიღებული უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლება, ცოდნა და ამის დამადასტურებელი საბუთი.
  • ყველა ბავშვს, რომელიც მონაწილეობს სასამართლო პროცესში, უფლება აქვს, რომ პირადად ჰქონდეს მოსამართლესთან ურთიერთობა და დეტალური ინფორმაცია საკუთარ საქმეზე.

საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვე ახსნა-განმარტება, გასაუბრება ადვოკატთან, მოსამართლესთან.

ბავშვის საუკეთესო ინტერესი

ბავშვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უფროსები უნდა ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მათი გადაწყვეტილება ან მოქმედება ბავშვზე. უფროსებმა აუცილებლად უნდა ჰკითხონ აზრი ბავშვს და მოუსმინონ მას. ყველა ზრდასრულმა უნდა გააკეთოს ის, რაც ბავშვისთვის არის საუკეთესო კონ კრეტულ შემთხვევაში.

ვის შეხვდები სასამართლო პროცესის დროს:

მოსამართლეს – მოსამართლე არის ადამიანი, რომელიც სასამართლოში შენგან მოისმენს, რა გადაგხდა, შეისწავლის ყველა ფაქტს და მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის გადასაჭრელად, შენი ან მეორე მხარის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსამართლემ შენთვის გასაგებად უნდა აგიხსნას და მოგაწოდოს ინფორმაცია, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება.

მოსამართლის თანაშემწეს – მოსამართლის თანაშემწე არის ადამიანი, რომელიც მოსამართლეს ეხმარება სასამართლო პროცესებისთვის მომზადებაში და გადაწყვეტილების დაწერაში.

სხდომის მდივანი – სხდომის მდივანი შეგატყობინებს, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. ის სასამართლო პროცესის დროს მოსამართლის გვერდით ზის, ყოველთვის ჩართული აქვს კომპიუტერი და აუდიო ფორმით იწერს მხარეების საუბარს.

სასამართლო მანდატური – სკოლის მანდატური არ გეგონოს, სასამართლოსაც ჰყავს თავისი მანდატური. ის ესწრება სასამართლო პროცესს და იცავს წესრიგს. თუ ვინმე წესრიგს დაარღვევს, მოსამართლე მანდატურს სთხოვს ამ ადამიანის დარბაზიდან გაყვანას.

სოციალური მუშაკი – სოციალური მუშაკი მუშაობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. ეს ორგანიზაცია ბავშვებზე ზრუნვისთვის, შენი საჭიროებების შეფასებისა და დახმარებისთვის შეიქმნა. სასამართლოში სოციალური მუშაკი შენს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მოაგროვებს: მაგალითად, ინფორმაციას შენი საცხოვრებელი პირობების შესახებ, გაქვს თუ არა ყველაფერი იმისათვის, რომ განათლება მიიღო, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შენი უფლება რა მიზეზებით დაირღვა. მისი ვალდებულებაა, რომ შენ უსაფრთხოდ იყო, რომ არავინ დაგაზიანოს. მანვე, მოპოვებული დეტალური ინფორმაცია სასამართლოს უნდა წარუდგინოს.

ფსიქოლოგი – ეს არის ადამიანი, რომელიც გისმენს და შენთან ერთად აფასებს შენს ემოციურ მდგომარეობას, თავს როგორ გრძნობ და რა არის ამის მიზეზი. ფსიქოლოგი უნდა დაგეხმაროს გაიგო საკუთარი ემოციები (მაგალითად, რატომ შეიძლება გრძნობდე ბრაზს, სევდას) და დაგეხმაროს, რომ თავი კარგად იგრძნო.

ადვოკატი – ადვოკატი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს შენი უფლებების დაცვაში, სასამართლოს გააცნოს შენი მოსაზრებები, შენი პოზიცია და დაიცვას ის: https://www.children.las.ge

მოპასუხე და მოპასუხის ადვოკატი – მოპასუხე ის არის, ვინც, შესაძლოა, შენი უფლებები დაარღვია. ეს შეიძლება იყოს პიროვნება ან ორგანიზაცია. მოპასუხის ადვოკატი კი არის ადამიანი, რომელიც მის უფლებებს იცავს და მის მოსაზრებებს წარმოადგენს სასამართლოში.

აუცილებელია, ყველამ:

  • პატივი სცეს ბავშვის ყველა უფლებას;
  • მოექცეს ბავშვს პატივისცემით, მისი ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად;
  • იყოს მეგობრული ბავშვთან.

მართლმსაჯულება ბავშვზე მორგებულია, როცა:

– გაქვს ინფორმაცია შენთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე: შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია მთელ პროცესზე, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით. ასევე, იმის შესახებ, თუ არ დაეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რა შეიძლება გააკეთო.

– დაცულია შენი პირადი და ოჯახის მონაცემები: შენს საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული ინფორმაცია და პირადი მონაცემები, დაუშვებელია ვინმემ გამოაქვეყნოს ან გააზიაროს, განსაკუთრებით, მედიაში. ამის გაკეთება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, შენი საუკეთესო ინტერესების დასაცავად შეიძლება.

– თავს გრძნობ უსაფრთხოდ: შენი უსაფრთხოება ყოველთვის დაცული უნდა იყოს, მათ შორის, სასამართლოში. ეს ნიშნავს იმასაც, რომ სასამართლოსთვის მიმართვის გამო არავის აქვს უფლება თავი ცუდად გაგრძნობინოს, შეგაშინოს ან რაიმე დაგაბრალოს.

– ბავშვთან მომუშავე ადამიანებს აქვთ სპეციალური ცოდნა ბავშვთა უფლებებზე და ამის დამადასტურებელი საბუთი: ბავშვთან მომუშავე ყველა ადამიანს, პროფესიონალს, მას, ვისაც უშუალო ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი ბავშვის უფლებების, და ზოგადად, ბავშვებთან პოზიტიური ურთიერთობის შესახებ.

– გადაწყვეტილება მიიღება მულტიდისციპლინური მიდგომით – მრავალმხრივი, რამდენიმე მიდგომის ერთობლიობით: იმისათვის, რათა ზრდასრულებმა შეძლონ შენი დახმარება, საჭიროა, შენი მდგომარეობა სწორად და ზუსტად გაიგონ. ეს რომ მოახერხონ, საჭიროა, ერთად იმუშაონ მოსამართლემ, იურისტმა, ფსიქოლოგმა, სოციალურმა მუშაკმა, შესაძლოა, ექიმმაც და სხვა პროფესიონალებმა.

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება მოიცავს სამ ეტაპს:

პირველი ეტაპი: ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება სასამართლომდე – სანამ სასამართლოს მიმართავ, შეგიძლია მიმართო სხვა დაწესებულებასაც – მაგალითად, სკოლას, განათლების სამინისტროს, სხვა სამინისტროებს, იმ ქალაქის მერიას ან გამგეობას, სადაც ცხოვრობ და შენი საჩივარი იქ მიიტანო, მოითხოვო შენი უფლებების დაცვა. ამას ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვა ჰქვია. ადმინისტრაციულ ორგანოებს ასევე აქვთ შენი უფლებების დაცვის ვალდებულება. თუ ამ ეტაპის შესახებ მეტი ინფორმაცია დაგჭირდა, შეგიძლია ჰკითხო სახალხო დამცველის აპარატს ან/და ადვოკატს, იურიდიული დახმარების სამსახურში.

მეორე ეტაპი: ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება სასამართლო პროცესის დროს, რაზეც არის ეს ბროშურა.

როგორც გაგიზიარეთ, შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია მთელ პროცესზე, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების მიღების და შემდგომი პროცესების შესახებ. სასამართლოში შეგიძლია თან წაიყვანო შენზე მზრუნველი ადამიანები და ზრდასრული ადამიანები, ვისაც ენდობი. შესაძლოა, მარტო გსურდეს მოსამართლესთან საუბარი. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოში გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვი იქ თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობდეს. ზრდასრულებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა მათმა ქმედებებმა და იმ გარემომ, სადაც იქნები, არ გამოიწვიოს უარყოფითი ემოციები.

როდესაც მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და შენი აზრის გასაგებად გაგესაუბრებიან, კითხვებს დაგისვამენ, ამას შენთან ინტერვიუ ჰქვია. ამ დროს შენთვის გასაგებად, მარტივად უნდა გესაუბრონ და ისე, რომ თავი უსაფრთხოდ და კარგად იგრძნო. თუ რაიმე გაუგებარი იქნება, მოითხოვე ახსნა. ხოლო, თუ დაიღლები ან აღარ გექნება ინტერვიუს გაგრძელების სურვილი, უფლება გაქვს შესვენება მოითხოვო.

მესამე ეტაპი: ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება სასამართლო პროცესის შემდეგ.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იცოდე:

სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრება – ბავშვს უნდა გადაეცეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მოსამართლემ ბავშვს მისთვის გასაგებად უნდა აუხსნას, რა წერია გადაწყვეტილებაში და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ამ დროს ბავშვს ისიც უნდა აუხსნან, რა შეუძლია გააკეთოს, თუ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.

პირველი ინსტანცია – სასამართლო, სადაც პირველად შეგაქვს სარჩელი. ამ სასამართლოს „საქალაქო სასამართლო“ ან „რაიონული სასამართლო“ ჰქვია. იმის მიხედვით, ქალაქშია თუ რაიონში.

მეორე ინსტანცია – „სააპელაციო სასამართლო“, თუ არ დაეთანხმე პირველი ინსტანციის სასამართლოს, ეს არის ადგილი, სადაც შეამოწმებენ, რამდენად სწორად მიიღო პირველმა სასამართლომ გადაწყვეტილება.

მესამე ინსტანცია – „საქართველოს უზენაესი სასამართლო“ – თუ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ დაეთანხმები, შეგიძლია მიმართო უზენაეს სასამართლოს. ამ სასამართლოში საქმეებს იხილავენ, თუ სასამართლო ისტორიაში ასეთი საქმე არასდროს განუხილავთ.

თუ ფიქრობ, რომ შენს ქვეყანაში შენი უფლებები არ დაიცვეს, შეგიძლია, დამოუკიდებლად ან ადვოკატის, უფროსების დახმარებით, მიმართო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროცესის მიმდინარეობის ან მისი დასრულების შემდგომ, ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს რაიმე დახმარება, მაგალითად, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ექიმის ან სხვა პროფესიონალის. თუ დახმარება დაგჭირდება, იცოდე, რომ ის უფასოდ შეგიძლია მიიღო. ამის შესახებ უნდა იმსჯელოს მოსამართლემ და მიიღოს გადაწყვეტილება.

და ბოლოს, ყოველთვის გახსოვდეს… შენ მარტო არ ხარ შენი უფლებების დაცვის დროს. ზრდასრულები ვალდებულები არიან, ყოველთვის პატივს სცემდნენ შენს უფლებებს, მათ შორის, სასამართლოში. ყოველთვის გახსოვდეს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპები და მოითხოვე მათი დაცვა.

ასევე იხილეთ:

რატომ არ აქვს რეალურად მშობელს უფლება, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს? – „საჯარო სკოლები მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური