GE

კომბინირებული გამოცდის არასახარბიელო შედეგები – „ამდენი „განულებული“ ნაშრომი მართლა დამაფიქრებელი იქნება საგამოცდო ცენტრისათვის“

14 აგვისტოს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის კომბინირებული გამოცდის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV) შედეგები გამოქვეყნდა და როგორც აღმოჩნდა, ესეს (ანალიტიკური წერა) თემაზე დაწერილი ნაშრომი მასწავლებლის გამოცდის მონაწილეების დიდ ნაწილს გაუნულდა.

ამ თემაზე სსიპ ქ.ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი, სოფიო ხვადაგიანი EDU.ARIS.GE-სთან საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ჩვენს კითხვაზე – შეიტანდა თუ არა თავად ტესტებში ესეს დავალებას ამ სახით, ამბობს, რომ ალბათ, ამ პირობით არა, რადგან მისი შეფასებით აშკარაა, რომ ის დამაბნეველი აღმოჩნდა მასწავლებლებისათვის.

“იყოს კონკრეტული პრობლემა ნათელი და მკაფიო და იმაზე მოსთხოვონ მასწავლებლებს მსჯელობა. ფაქტია, რომ აპლიკანტებს უჭირთ პრობლემის ამოცნობა”, – გვეუბნება სოფიო ხვადაგიანი და საკუთარ წერილს გვიზიარებს, სადაც დავალების შინაარსსა და საკუთარ არგუმენტებს გვაცნობს:

“წელს მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე (დაწყებითი საფეხური) აკადემიურ ნაწილში დასაწერად მეტად საინტერესო ესე მოვიდა. როგორც მასწავლებელთა ჯგუფებიდან ირკვევა, ძალიან ბევრი ნაშრომი შეფასდა ნული ქულით. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტებმა ვერ გაიგეს, რა პრობლემაზე უნდა ესაუბრათ, მიზეზშედეგობრივი საკითხები როგორ უნდა დაეკავშირებინათ და გამოსავალიც როგორ უნდა ეპოვათ.

ესეს პირობა ასეთი იყო:

– წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით:

  • მოსწავლეთა 70%-ზე მეტს ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გავლილი აქვთ წაკითხულის გააზრების უნარებისა და სტრატეგიების სწავლების ტრენინგი;
  • ქართველი მასწავლებლების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი იყენებენ მრავალფეროვან მიდგომებს და ელექტრონულ რესურსებს სწავლა-სწავლების პროცესში;
  • მოსწავლეების 80%-ზე მეტს მათი მასწავლებლები ინდივიდუალურად აწვდიან უკუკავშირს თითქმის ყოველ გაკვეთილზე.

– მიუხედავად ზემოაღნიშნული კვლევის შედეგებისა, როგორც PIRLS-ის, ისე PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები წიგნიერებაში კვლავ საერთაშორისო საშუალო მონაცემზე დაბალია.

გაიაზრეთ წარმოდგენილი მონაცემები და იმსჯელეთ:

➢ რა ხასიათის პრობლემა იკვეთება წარმოდგენილ საილუსტრაციო მასალაში?
➢ რა გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას ეს პრობლემა?
➢ რა შეიძლება დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზად?

აი, ეს იყო ესეს პირობა, მეტად საინტერესო და აქტუალური, რომლის მიხედვითაც კვლევებში გამოკითხული მასწავლებლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს სრულფასოვნად აკეთებდნენ. მოსწავლეთა შედეგები კი მაინც დაბალი იყო, მიუხედავად პედაგოგთა გადამზადებისა და გამოყენებული რესურსებისა.

ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო?
მაშინ რა ხდება? როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი?

მკურნალობისა არ იყოს, თუ პროცედურებს იტარებ, წამალს იღებ და მაინც არ გაქვს შედეგი, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის? ან ექიმია უცოდინარი და არასწორი მეთოდით მკურნალობს პაციენტს, ან წამალია არასწორად დანიშნული და არაეფექტური, ან კიდევ პაციენტი არ მიჰყვება სათანადო ინსტრუქციებს.

აქაც ასეა – ან ადამიანური რესურსის პრობლემაა, ან – მატერიალურის, ან ორივესი ერთად.

კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ იყენებს მრავალფეროვან მიდგომებსა და ელექტრონულ რესურსებს, რაც იმთავითვე ტყუილი და არასწორია. ამის მარტივად გაკონტროლება და მონიტორინგი შეიძლება, თუ წინასწარ დადგმულ სპექტაკლზე კი არ შეუღებ მასწავლებელს კარს, არამედ მოულოდნელად და გაუფრთხილებლად. (აქ მაპატიონ იმ კოლეგებმა, რომლებსაც თვეობით ნამზადები გაკვეთილის ჩვენება არასოდეს უკადრებიათ დამსწრისათვის). კარის შეღება ეგზეკუციასა და დამსჯელი ჯგუფის შესვლას კი არ გულისხმობს, არამედ რეგულარულ და არა ერთჯერად დაკვირვებას მხარდამჭერი და გამოცდილი მეთოდისტებისა, რომლებიც სწორ რეკომენდაციებს მისცემენ მასწავლებლებს. მრავალფეროვან გაკვეთილებს იმდენი რესურსი და მატერიალური ბაზა სჭირდება, რომ ამის მუდმივად შესრულებას არც მასწავლებლის ფინანსები გასწვდება და არც სკოლებია ისე აღჭურვილი, რომ ამის შესაძლებლობა მოგეცეს. ვისაც ერთხელ მაინც ჩაუტარებია გაკვეთილი, დამეთანხმება, რომ წარმოუდგენელია 80%-ს (30 მოსწავლიან კლასში) ინდივიდუალურად მისცე უკუკავშირი ყოველ გაკვეთილზე. ე.ი. კვლევაში მიღებული ინფორმაციები არასწორია. მათი პასუხების შემოწმების ან ტრენინგებზე მიღებული ცოდნის სასწავლო პრაქტიკაში დანერგვისა და მოსწავლეებამდე სწორად მიტანის მაკონტროლებელი არანაირი ზუსტი მექანიზმი სისტემას არ აქვს. (ვიყოთ, რა, ობიექტური!)

მატერიალური რესურსი უკვე ვახსენე, ანუ ძირითადი თუ დამატებითი რესურსების გამოყენების საშუალება რამდენად აქვს მასწავლებელს, ესეც განსაზღვრავს მიღწეული შედგების დონეს. ქსეროქსები, პრინტერი, კომპიუტერები, უწყვეტი ინტერნეტი, დამატებითი საკითხავები – თქვენ თავად გაეცით პასუხი, რამდენი სკოლა გეგულებათ ამ ყველაფრით სრულფასოვნად აღჭურვილი.

გარდა ამ ყველაფრისა, არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც ოჯახის როლი ჰქვია წიგნიერების განვითარების პროცესში. მასწავლებელი კი აკეთებს ყველაფერს, მაგრამ შინ ამ ცოდნას განმტკიცება და გაძლიერება სჭირდება. ამავე კვლევის მიხედვით, ტესტში იმ მოსწავლეებს აქვთ უკეთესი შედეგები, რომლებსაც უკეთესი საბაზისო უნარები ოჯახიდანვე მოჰყვებათ. მშობლები უკითხავდნენ წიგნებს, ხელს უწყობდნენ და ზრუნავდნენ ბავშვის განვითარებაზე. უმეტესწილად სოციალური მდგომარეობაც განაპირობებს წიგნიერებაში ჩამორჩენას. სამწუხაროდ, რეალურად ამ კუთხითაც დიდი პრობლემები გვაქვს. წაკითხვა კი არა, ნეტავ, თავად მშობელი ჰყავდეს გვერდით ყველა მოსწავლეს!

მოკლედ, ესეში დასმული პრობლემის მიზეზი ბევრგან უნდა ვეძებოთ და ყველაზე მეტად კი სახელმწიფოსა და სისტემის არასწორ მექანიზმში. ეს კი ისეთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, როგორიც წიგნიერების უმდაბლესი დონე, გაგება-გააზრებისა და თეთრისა და შავის ერთმანეთისაგან გარჩევის უნარის უქონლობაა.

გამოსავალი კი სისტემის გამართვა, მონიტორინგის გაძლიერება (რაც ასე ძალიან არ მოსწონთ ჩვენს მასწავლებლებს) და სწორად წარმართვა, სკოლებისათვის შესაბამისი მატერიალური რესურსის მიწოდება და აღჭურვა იქნებოდა.

ეს ყველაფერი რას მოვაყოლე და მე რა მაწუხებს – აპლიკანტებმა გულწრფელად აღიარეს, რომ ვერ გაბედავდნენ სისტემის კრიტიკას. თან უმეტესობას, რომლებსაც სკოლასთან შეხებაც კი არ აქვთ და პირველად გადიოდნენ გამოცდაზე, გაუჭირდებოდათ ამ ყველაფრის ანალიზი. ისინი ვერ ხედავენ სკოლების „შიდა სამზარეულოს” და ვერც ძალიან ცნობილი კვლევის მონაცემების სანდოობას დააყენებდნენ ეჭვქვეშ.

რა ვთქვა!

ამდენი „განულებული” ნაშრომი მართლა დამაფიქრებელი იქნება საგამოცდო ცენტრისათვის”.

ასევე იხილეთ:

საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა 2024 – გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური