GE

შოტლანდიამ სასკოლო პროგრამაში შეიტანა გაკვეთილები, რომელიც ლგბტი თემის უფლებებს ეხება

შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გადაწყვიტა სასკოლო პროგრამაში გაკვეთილების ჩართვა, რომლებიც ლგბტი (ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ინტერსექსუალები) თემის უფლებებს ეძღვნება. ამის შესაღებ გაზეთი Guardian იუწყება.

გამომცემლობის მონაცემებით, ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში მოსწავლეებს ლგბტი მოძრაობის ისტორიაზე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის შესახებ მოუყვებიან. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის Time for Inclusive Education (TIE) რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო. აღნიშნული ორგანიზაცია ლგბტი საზოგადოების უფლებების დაცვისთვის იბრძვის.

TIE-ს თანადამფუძნებელმა, ჯორდან დეილიმ გაკვეთილების შემოტანას 1988 წელს მიღებული კანონის დამანგრეველი მემკვიდრეობის დასასრული უწოდა. აღნიშნული კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალობის პროპაგანდას უკრძალავდა. შოტლანდიაში ის 2001 წელს, ხოლო დიდი ბრიტანეთის დარჩენილ ტერიტორიაზე კი ორი წლის შემდეგ გაუქმდა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისტორიული მომენტია. ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როცა ყველა საჯარო სკოლაში  ლგბტი თემის ინკლუზიური განათლება დაინერგება. გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ეს ლგბტი თემის ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის ნათელი და ძლიერი სიგნალი გახდება და ისინი გაიგებენ რომ აქ, შოტლანდიაში მათ აფასებენ“, – განაცხადა დეილიმ.

TIE-ს მონაცემებით, რომელთაც Guardian აქვეყნებს, შოტლანდიის სკოლებში ლგბტი თემის ათიდან ცხრა წარმომადგენელი ჰომოფობიას განიცდის, 27% კი აცხადებს, რომ დაცინვის შემდეგ მათ ცხოვრების თვითმკვლელობით დასრულება სცადეს.

„ჩვენმა განათლების სისტემამ ყველას მხარი იმიტომ უნდა დაუჭიროს, რომ ნებისმიერმა სტუდენტმა თავისი პოტენციალის რეალიზება ბოლომდე შეძლოს“, – აცხადებს შოტლანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჯოს სუინი.

გამომცემლობა აცხადებს, რომ შოტლანდია ლგბტი თემის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ქვეყანად ითვლება. აქ ჰომოსექსუალიზმის დეკრემინალიზაცია 13 წლით გვიან მოხდა, ვიდრე ინგლისსა და უელსში – 1980 წელს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური