სკოლაში გაკვეთილების შემცირება საბაზო საფეხურს შეეხება – ინტერვიუ ლია გიგაურთან
განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლაში გაკვეთილების შემცირება დააანონსა.
“ძალიან ბევრი გაკვეთილია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვმუშაობთ, რომ შედარებით განვტვირთოთ გაკვეთილების ცხრილი.
სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. სახალისო და არჩევითი გაკვეთილების რაოდენობა კი უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა მინისტრმა.
რატომ დადგა გაკვეთილების შემცირების საჭიროება, კონკრეტულად რომელ კლასებს შეეხება აღნიშნული ინიციატივა, როდის აისახება ეს ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, – ამის შესახებ უფრო დეტალურად განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.
–განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, რომლიც მან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, იგეგმება გაკვეთილების რაოდენობის შემცირება. რომელ კლასებს შეეხება აღნიშნული ინიციატივა?
–ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის 5-6 კლასის საგნობრივი პროგრამები უკვე მნიშვნელოვნად განიტვირთა. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბაზო საფეხურის პროგრამები განიტვირთოს, რათა მოსწავლეებს ახალი მასალის გააზრების და განმტკიცების საშუალება ჰქონდეთ, გაკვეთილი იყოს საინტერესო და სახალისო, მასწავლებელს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომების შესაძლებლობას უტოვებდეს. თუმცა განტვირთვა არ მოხდება იმის ხარჯზე, რომ რომელიმე საგნის შინაარსიდან არსებითი ნაწილები ამოვარდეს და თანმიმდევრულობას საფრთხე შეექმნას.
–რატომ დადგა დღის წესრიგში გაკვეთილების რაოდენობის შემცირება და როდის აისახება ეს ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში?
–ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგის ანალიზმა, საერთაშორისო თუ სახელმწიფო შეფასებებმა, მოსწავლეების შედეგების მიღწევებთან და საგაკვეთილო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით, მთელი რიგი ხარვეზები წარმოაჩინა, რომლის საფუძველზეც დაიწყო ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი. სხვა მიზნებთან ერთად, რევიზია ემსახურება სასწავლო პროგრამების განტვირთვასაც. საბაზო საფეხურის სასწავლო გეგმაზე მუშაობა და განხილვები, სავარაუდოდ მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა კი დამტკიცდა 2016 წლის 18 მაისს და იგი განთავსებულია ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე ncp.ge .
–ტექნიკურად რა პროცედურები სჭირდება გაკვეთილების შემცირებას?
–მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლა-სწავლების პროცესის ადმინისტრირების ორგანიზებას და კონცეპტუალურ საკითხებს განსაზღვრავს. მათ შორის, რეკომენდაციებს სავალდებულო საგნების საათობრივ დატვირთვასთან დაკავშირებით. როდესაც დასრულდება საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება, აიგება შესაბამისი საათობრივი ბადეც.
–ვინ არიან ის ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და არსებობს თუ არა ერთიანი პოზიცია გაკვეთილების შემცირებასთან დაკავშირებით მათ შორის?
–ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადებაზე ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს საგნობრივი ექსპერტები მუშაობენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დოკუმენტის განხილვა საჯაროდ მოხდება. ზოგადად, მასწავლებლები, ექსპერტები, მშობლები თუ ფართო საზოგადოება თანხმდება, რომ დგას გადაუდებელი საჭიროება, არსებული სასწავლო გეგმის, შეძლებისდაგვარად, შინაარსობრივ განტვირთვასთან დაკავშირებით, თითოეული მოსწავლე რომ იყოს მოტივირებული. მისი გონებრივი დატვირთვა, სასკოლო და გაკვეთილების მომზადების დრო რელევანტური იყოს მის ასაკობრივ შესაძლებლობებთან, ამასთან, დასვენებისა და გართობის დროც დარჩეს.
–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. სახალისო და არჩევითი გაკვეთილების რაოდენობა კი უნდა გაიზარდოს. როგორ იმოქმედებს ეს სასწავლო პროცესზე? კლასების მიხედვით რა შეიცვლება?
–მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში ყოველდღიური სავალდებულო საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და ინტერაქტიური, ორიენტირებული სააზროვნო უნარების განვითარებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არჩევითი საგნების ფართო სპექტრი იქნას შეთავაზებული მოსწავლეებისთვის. მათ ქონდეთ არჩევითი საგნების საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად არჩევის საშუალება. პროექტების კეთებით, პრაქტიკული აქტივობების გზით საინტერესოდ დაიგეგმოს და წარიმართოს სწავლა- სწავლების პროცესი, დამატებით გაიღრმავონ ცოდნა, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9, ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9 კლასებს.
სკოლაში გაკვეთილების შემცირება მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება
შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება