GE

„სკოლაში უსაფრთხო პროცესის წარმართვაზე განისაზღვროს დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობა“ – კომისიის რეკომენდაციები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არაერთი თავი ეთმობა რეკომენდაციებს. მათ შორის “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კუთხით და იმ ღონისძიებების შესახებ, რაც კომისიის აზრით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

კერძოდ, კომისია ითხოვს, რომ ცვლილებები შევიდეს სკოლის დირექტორის უფლება-მოვალეობების მიმართულებით და ასევე სამსაფეხურიან სწავლების სივრცეს გამოეყოს საშუალო საფეხური.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ ნათლად აჩვენა, რომ სკოლებში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად“, – ვკითხულობთ დასკვნაში. რეკომენდაციები ასეთია:

  • საქართველოს ორგანულ კანონში ,,ზოგადი განათლების შესახებ” საჭიროა, შევიდეს ცვლილებები სკოლის დირექტორის სტატუსთან და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით

ა) სკოლაში უსაფრთხო პროცესის წარმართვაზე განისაზღვროს დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობა;

ბ ) სკოლის დირექტორს მიენიჭოს უფლება, საფუძვლიანი დასაბუთების შემთხვევაში აცილება მისცეს ასარჩევად წარდგენილ სკოლის მანდატურის კანდიდატურას;

გ ) სკოლის დირექტორს მიეცეს უფლება, გაანაწილოს ფუნქციები მანდატურებს შორის და მისცეს მათ შესაბამისი დავალებები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში მანდატურის სამსახურის წინაშე დააყენოს მანდატურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

დ ) სკოლის სამეურვეო საბჭოს მიენიჭოს უფლება, დროებით შეაჩეროს დირექტორის უფლებამოსილება.

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:

ა ) შეიმუშაოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ანტიბულინგური პროგრამის დანერგვის, განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ; ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვროს ანტიბულინგური პროგრამის განხორციელების დეტალები, ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის პროგრამა;

ბ ) შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა სრული ზოგადი განათლების მისაღებად საჯარო სკოლის სამსაფეხურიანი სწავლების სივრციდან საშუალო საფეხურის გამოყოფის შესახებ;

გ ) განსაზღვროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო საფეხურების ისე განლაგება, რომ სასწავლო პროცესში განსხვავებული საფეხურის მოსწავლეებისათვის პერსონალური მოხმარების სივრცეს განეკუთვნებოდეს ცალკე შენობა / ფლიგელი, სამოძრაო კიბე, საპირფარეშო, სასადილო ოთახი, სპორტული დარბაზი;

დ) შსს – სთან ერთად შეიმუშავოს სკოლის უსაფრთხოების ერთიანი კონცეფცია მოსწავლის ქცევის შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 (2016 წლის 12 სექტემბერი ) – ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის ( რეფერირების ) პროცედურების დამტკიცების თაობაზე” ეფექტიანად შესასრულებლად შესაბამისი გზამკვლევი;

ე ) დაავალოს საჯარო სკოლებს, რომ შექმნან უსაფრთხოების დაცვის დოკუმენტი, რომელშიც უსაფრთხოების დაცვის კომპონენტების გარდა, ზუსტად იქნება გაწერილი ის პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც ეფექტიანი იქნება კონკრეტული სკოლისთვის;

ვ ) შეიმუშაოს დეტალურად გაწერილი პროცედურა, თუ როგორ უნდა მართოს სკოლამ კრიზისული შემთხვევები, როგორ იმოქმედოს ბავშვებს შორის კონფლიქტის ესკალირების დროს, ძალადობის იდენტიფიცირებისა და ქცევითი / ემოციური სირთულეების შემთხვევაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური