GE

სკოლებში ახალი მასწავლებლის საჭიროების შესახებ სისტემურად დამუშავებული მონაცემები სამინისტროს არ აქვს

განათლების სამინისტრო ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს კითხვას და უცნობი რჩება, რამდენ სკოლაში შეიქმნა პენსიონერი მასწავლებლების სისტემიდან გასვლის შემდეგ პედაგოგების დეფიციტი.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება 1890 პედაგოგმა მოიპოვა, აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).

როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა დატოვეს სკოლა, ვაკანსიები გამოცხადდა და სკოლებში ახალი კადრების შეყვანა დაიწყო. როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ განათლების სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 1-ლ ოქტომბრის მდგომარეობით, 6 301 საჯარო სკოლის პედაგოგმა ისარგებლა სამინისტროს ინიციატივით და გავიდა სისტემიდან.

ორგზის მცდელობის მიუხედავად, სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა დაზუსტებული მონაცემი და პასუხი იმის შესახებ თუ რომელია ის სკოლები, სადაც პენსიონერების გასვლის შემდეგ არის მასწავლებლის საჭიროება, თუმცა ვერც არსებულებისთვის მოხერხდა საათების გადანაწილება და ამ დრომდე ვერც ახალი მასწავლებელი მიიღეს.

მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, მხოლოდ იმ ბრძანებების და წესების შესახებ ინფორმაციებს, რომლითაც მასწავლებელს შეუძლია სკოლაში თავისი საქმიანობის დაწყება.

EDU.ARIS.GE-ს დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ზემოთ აღნიშნული სკოლების ჩამონათვალის მოწოდება, განგვიცხადეს, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ეს მონაცემი სისტემურად დამუშავებული არ აქვს.

„სისტემურად დამუშავებული მსგავსი ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას არ აქვს, რა თქმა უნდა, არსებობს სტატისტიკური მონაცემები, ვთქვათ, რამდენმა საპენსიო ასაკის პედაგოგმა დატოვა სისტემა, რამდენის ჩანაცვლება მოხდა და ა.შ. თუმცა ეს ინფორმაცია მუდმივად ცვალებადია და მონაცემიც ყოველდღიურად იცვლება“, – განაცხადეს სამინისტროში.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით კი საქართველოს ასეულობით სკოლას მასწავლებელთა პრობლემა აქვს და მათ ნაწილში გაკვეთილების ჩატარებაც ვერ ხერხდება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური