სკოლებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვა იწყება – ყველა დეტალი სიახლის შესახებ
ახალი სასწავლო წლიდან, 400-მდე საჯარო სკოლაში, მატერიალური ჟურნალის პარალელურად, ელექტრონული ჟურნალის დანერგვა იგეგმება.
„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ უფროსის ლაშა ვერულავას თქმით, ელექტრონული ჟურნალი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია და სისტემის შექმნის მთავარი მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების ეფექტური მენეჯმენტის უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინ რეჟიმში განახლებასა და ანგარიშგებას.
ელექტრონული ჟურნალი მოიცავს დასწრებისა და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის, ნიშნების ნახვის, კალკულაციისა და გამოცდების მოდულებს.
როგორც ლაშა ვერულავა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, სისტემის საშუალებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია და პედაგოგები შეძლებენ დროის სასურველი პერიოდის შესაბამისად იხილონ მოსწავლეთა დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია, გააკეთონ სრულყოფილი ანალიზი განსხვავებული პერიოდების შედარების გზით და ა.შ.
ელექტრონული ჟურნალი ასევე, ითვალისწინებს სპეციალურ მოდულს მოსწავლის მშობლისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მათ რეალურ დროში მიადევნონ თვალი შვილების შეფასებებს, გაცდენებს, იხილონ ინფორმაცია სახელმძღვანელოების, საგაკვეთილო განრიგის, დავალებების შესახებ, ჰქონდეთ კომუნიკაცია დამრიგებელთან, საგნის მასწავლებლებთან და ა.შ.
როგორ უნდა იმუშაონ მასწავლებლემა ელექტრონულ ჟურნალთან, მიეცემათ თუ არა მათ ამისთვის დამატებითი ანაზღაურება, როგორ დაითვლება ქულები, – ამ და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს დეტალურად განათლების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ლაშა ვერულავა ესაუბრა.
–ბატონო ლაშა, რამდენ სკოლაში დაინერგება ელექტრონული ჟურნალი და როდიდან?
–ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წლიდან სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა მატერიალური ჟურნალის პარალელურად 400-მდე საჯარო სკოლას ექნება. ეს ის სკოლებია, რომლებშიც ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველი ეტაპის განხორციელებაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სკოლების მასწავლებლებს სისტემის ფუნქციონალის გაცნობისა და გამოყენების სწავლების მიზნით, თემატური ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ. სისტემის წარმატებული დანერგვისა და ფუქნციონირების მიზნით განსაზღვრულია პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგისა და შეფასების სხვადასხვა ღონისძიებები: სისტემის ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგის განხორციელება, მონიტორინგის პროცესში სისტემის ფუნქციონირების პარამეტრებზე შეგროვებული ინფორმაციის სისტემის საპროექტო მაჩვენებლებთან შედარება, შესაძლო პრობლემების გამოვლენა/რეაგირება და სხვა.
-რამდენია საპილოტე სკოლა და როგორ შეირჩა ის სკოლები, სადაც თავიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალი?
-ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც თავად გამოთქვეს პილოტში მონაწილეობის სურვილი. მოცემულ ეტპაზე საქართველოს მასშტაბით ასეთი 700-მდე საჯარო სკოლაა.
-სად შეავსებენ ჟურნალს მასწავლებლები, სკოლაში თუ სახლში? თუ ორივე ადგილიდან ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა?
-ელექტრონულ ჟურნალთან წვდომა მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ სკოლიდან, ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
-უნივერსიტეტებში ელექტრონულ ბაზებში ინფორმაცია სპეციალურად ამ საქმისთვის გამოყოფილ ადამიანს შეჰყავს, სკოლებში იქნება თუ არა მსგავსი თანამდებობა, ვინც დაეხმარება მასწავლებლებს ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში, თუ პედაგოგი მარტო აწარმოებს ჟურნალს?
-ყველა სკოლაში არსებობს თანამშრომელი, რომელიც სკოლის დონეზე უზრნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირებას. აღნიშნული გულისხმობს კლასების შექმნას, მოსწავლეების კლასებში განაწილებას, საგაკვეთილო განრიგის შედგენას, სახელმძღვანელოების არჩევას, საჭიროების შესაბამისად მოსწავლეების მობილობას, სტატუსის ცვლილებას, პერსონალის დამატებას, განთავისუფლებას და ა.შ. რაც შეეხება მოსწავლეების გაცდენებს და შეფასებას ჟურნალში უშუალოდ მასწავლებელი აღრიცხავს.
-ყველა საგნის პედაგოგს მოეთხოვება ელექტრონული ჟურნალის წარმოება? რა სიხშირით? ანუ როგორია პედაგოგების ვალდებულებები ამ მხრივ?
-ელექტრონული ჟურნალის წარმოება, ისე როგორც ეს მატერიალური ჟურნალის შემთხვევაშია, ყველა საგნის პედაგოგზე ვრცელდება. რაც შეეხება პერიოდულობას, პილოტის ფარგლებში სისტემაში ნიშნის/გაცდენის დასაფიქსირებლად განსაზღვრულია ერთკვირიანი პერიოდი.
-ელექტრონული ჟურნალის წარმოება დამატებით შრომას მოითხოვს, მიეცემათ თუ არა ამისთვის მასწავლებლებს დამატებითი ანაზღაურება?
-აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ჟურნალის პირობებში მასწავლებლებს მხოლოდ გაცდენებისა და შეფასებების აღრიცხვა უწევთ, ნიშნების გამოთვლის პროცესი კი სრულად ავტომატიზირებულია განსხვავებით მატერიალური ჟურნალისაგან. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სისტემაში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ნიშნების კალკულაციის მოდული, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესის შესაბამისად თითოეული მოსწავლისათვის ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს საგნის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშებას. საჭიროებისამებრ სისტემა საშუალებას იძლევა, საგნის წლიური ქულის კალკულაციისას გათვალისწინებულ იქნას სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული წლიური გამოცდის შედეგიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასევე, ნიშნების კალკულაციის შედეგად სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს ექსტერნის გამოცდების ჩაბარების საჭიროებას საბაზო-საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი.
მიგვაჩნია, რომ ზემო აღნიშნული პროცესების ავტომატიზაცია, პირიქით ეხმარება მასწავლებელს და მნიშვნელოვად ზოგავს მათ დროის რესურსს.
-ყველა მასწავლებელს, შესაძლოა, არ ჰქონდეს კომპიუტერი, ასევე ყველა სკოლაში არ იყოს კომპიუტერების საკმარისის რესურსი. რას გააკეთებთ ასეთ შემთხვევაში?
-საქართველოს ყველა საჯარო სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია, ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში და უზრუნველყოფილია ინტერნეტით. აღსანიშნავია, რომ სკოლებში არსებული IT ინფრასტრუქტურის ბაზაზე ყოველწლიურად წარმატებით ტარდება სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდები, ექსტერნების ცენტალიზებული გამოცდები მე-12 კლასელთთვის და სხვა არაერთი პროექტი, რომელიც განხორციელების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში არსებული კომპიუტერული პარკის განახლების უზრუნველსაყოფად, გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა. შესაბამისად, თუ რომელიმე სკოლაში კომპიუტერების არასაკმარისი რაოდენობაა, აუცილებლად იქნება მხედველობაში მიღებული.
-რამდენად იქნება სისტემა დაცული, რომ ვერ მოხერხდეს მისი გატეხვა და იქ მონაცემების შეცვლა?
-სისტემაში დაცულია უსაფრთხოების შესაბამისი ნორმები, რაც გამორიცხავს არასანქცირებულ შეღწევას.
-როგორც ცნობილია, ელექტრონული ჟურნალების ამოქმედება იგეგმებოდა 2013 წლიდან. რატომ ვერ მოხერხდა მისი დანერგვა ამ დრომდე?
-მითითებულ პერიოდში განხორციელებული პილოტის შედეგების ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ მაშინდელი სისტემის ტექნიკური გადაწყვეტა არ იყო ოპტიმალური.
სწორად აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ელექტრონული ჟურნალის მოდიფიცირების აუცილებლობა. გარდა მოდიფიცირებისა, განხორციელდა ასევე ელექტრონული ჟურნალის ახალ სისტემაში (ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემა) ინტეგრაცია, რომელიც 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდა და წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
-ჟურნალში უკვე შეტანილ შეფასებაში შესწორების საშუალება ექნებათ მასწავლებლებს? და დროის რა მონაკვეთი იქნება ამისთვის გამოყოფილი?
-პილოტის ფარგლებში სისტემაში ნიშნის/გაცდენის დასაფიქსირებლად განსაზღვრულია ერთკვირიანი პერიოდი.
-მშობლებს და მოსწავლეებს მხოლოდ მასწავლებლის დაწერილი კომენტარების და შეფასებების ნახვა შეუძლიათ, თუ რაიმე კომენტარის დატოვებას შეძლებენ სისტემაში?
-ელექტრონული ჟურნალში მშობლებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური მოდული, რომელიც საშუალებას მისცემს მათ რეალურ დროში მიადევნონ თვალი შვილების შეფასებებს, გაცდენებს, იხილონ ინფორმაცია სახელმძღვანელოების, საგაკვეთილო განრიგის, დავალებების შესახებ, ჰქონდეთ კომუნიკაცია დამრიგებელთან, საგნის მასწავლებლებთან და ა.შ.
აღნიშნულ მოდულზე მუშაობა მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს, ხელმისაწვდომი კი ოდნავ მოგვიანებით, 2017 წლიდან გახდება. სურვილის შემთხვევაში მშობლებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით.
-ის სკოლები, რომლებიც ელექტრონული ჟურნალების დანერგვის საპილოტედ შეირჩნენ, 15 სექტემბრიდანვე დაიწყებენ ელექტრონული შეფასების წარმოებას? ამის ვალდებულება აქვთ?
-ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც თავად გამოთქვეს პილოტში მონაწილეობის სურვილი. შესაბამისად, მათი მხრიდან არსებობს სისტემის გამოყენების მზაობა.
ცისანა არის© შერგილაშვილი
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება