სკოლიდან პირდაპირ მრავალწლიანი ისტორიის მქონე, უდიდეს ევროპულ უნივერსიტეტში – ქართველი გოგონას გზა თბილისიდან მილანამდე
სკოლის დასრულებისთანავე სწავლის უცხოეთში გაგრძელება, მრავალწლიანი ისტორიის მქონე და ერთ-ერთ უდიდეს ევროპულ უნივერსიტეტში სასწავლო სტიპენდიის მოპოვება, სტუდენტური წლების მილანში გატარება და გაცვლითი პროგრამით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება – წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა, რომლისთვისაც ეს ყველაფერი ოცნება არ არის? ასეთის პოვნა რთული იქნება. დღეს კი გაგაცნობთ იმ გამორჩეულ ქართველ სტუდენტს, რომელმაც ეს ყველაფერი აისრულა და ამისათვის მიზნის სწორად დასახვა, წარმატებული სწავლა და საჭირო არჩევანის გაკეთება დასჭირდა.
ნატა დარბაისელი ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულია. დამამთავრებელ კლასში უკვე იცოდა, რომ სწავლას უცხოეთში განაგრძობდა და საამისოდ დროული თადარიგიც დაიჭირა. სხვადასხვა მოწინავე უნივერსიტეტებიდან მიღებული დადებითი პასუხის შემდეგ, საბოლოო არჩევანი იტალიაზე, კერძოდ მილანსა და მის ერთ-ერთ გამორჩეულ უმაღლეს სასწავლებელზე – „კატოლიკას“ უნივერსიტეტზე (Università Cattolica del Sacro Cuore) შეაჩერა და, როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ამბობს, არც შემცდარა. მისი არჩევანი განაპირობა სწავლების ხარისხმა, რასაც ამ უნივერსიტეტში მიიღებდა და ასევე, მომავლის პერსპექტივამ, რადგან სწავლის შემდეგ წარმატებული დასაქმების ბრწყინვალე პერსპექტივები აქვს. ამასთანავე, უნივერსიტეტი ევროპის ტოპ-სასწავლებლების სიაში საკმაოდ სოლიდურ და მოწინავე ადგილს იკავებს.
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები
ნატა ამბობს, რომ უნივერსიტეტების შერჩევისას სამოქმედო გეგმის დასახვაში, შემდგომ, მის წარმატებით განხორციელებასა და საბოლოოდ, სწორი არჩევანის გაკეთებაში განათლების საკონსულტაციო ცენტრ PRIME STUDY-მ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, მით უფრო რომ გლობალური პანდემიით გამოწვეულ ფორს-მაჟორულ ვითარებაში უნივერსიტეტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების და სასურველი ინფორმაციის დროულად მიღების გზები ერთი-ორად იყო გართულებული.
კორონავირუსით შექმნილი სირთულეების გამო პირველ კურსზე სწავლა დისტანციურად, საკუთარი ქვეყნიდან გადაწყვიტა, რისი საშუალებაც, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტმა უცხოელ სტუდენტებს შესთავაზა, რათა სტუდენტების ჯანმრთელობას დამატებითი საფრთხე არ შექმნოდა. თანამედროვე ონლაინ პლატფორმების გამოყენებით უნივერსიტეტმა სრულად უზრუნველყო სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში ინტეგრაცია, რისი საშუალებითაც ნატა და მის მსგავსად ასეულობით სხვა უცხოელი სტუდენტი საჭირო ცოდნას უპრობლემოდ ეუფლება. შესაბამისად, ნატა პირველ კურსს, სამშობლოში მყოფი, დისტანციურად დაამთავრებს, მეორე კურსიდან კი მილანში გამგზავრებასა და სრულყოფილი სტუდენტური ცხოვრებით დატკბობას აპირებს.
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაები
ნატა დარბაისელი: „ბავშვობიდან ჰუმანიტარული სპეციალობები მიტაცებდა. ამიტომ, დაახლოებით მე – 6 კლასიდანვე ჩამოვყალიბდი, რომ სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის განხრით მინდოდა. Università Cattolica კი ძალიან კარგ პროგრამას მთავაზობს, პროფესიაში არ მზღუდავს და საშუალებას მაძლევს სხვა სპეციალობებიც შევისწავლო. მაგალითად, ეკონომიკასაც კი ძალიან საფუძვლიანად ვსწავლობთ. შედეგად, ბიზნესსა და ეკონომიკაშიც გვაძლევს საკმაოდ სოლიდურ საფუძველს და შესაძლებლობას, რომ თუკი მაგისტრატურაზე განსხვავებული გზის არჩევას გადავწყვეტთ, საბაზისო ცოდნა გვქონდეს. „კატოლიკას“ უპირატესობა მისი მრავალფეროვანი საგნებია, რაც სილაბუსიდანაც ჩანდა.
იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მრავალწლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტში სწავლობთ, მოგვიყევით მის შესახებ, იმ ღირებულებებსა და ტრადიციებზე, რომელთაც აღნიშნული უნივერსიტეტი ეფუძნება.
უნივერსიტეტს წელს საიუბილეო თარიღი ჰქონდა – 150 წლის გახდა. თავიდანვე რაც დავინახე, ისაა, რომ აქ მიზანი სტუდენტების ჩაჭრა, ან ამ ისედაც რთულ პერიოდში დამატებითი შეზღუდვების შექმნა არაა. პირიქით, გაძლევენ შანსს, რომ შენი მიღწევები გამოასწორო, ნიშანზე იმუშაო. მათი მიზანი რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვაა, თუმცა, ამავდროულად, არ კარგავენ ინდივიდუალიზმს და მაქსიმალურად ცდილობენ გაგვაცნონ იტალიური კულტურა, ენა, ტრადიციები და ა.შ.
უნივერსიტეტს ფილიალი ხუთ სხვადასხვა ქალაქში აქვს, უზარმაზარი კამპუსებით. მაგალითად, რომში სამედიცინო კამპუსი ამ ქალაქის ყველაზე დიდი საავადმყოფოა, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობენ. მე მილანში ჩავაბარე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემს ფაკულტეტს საუკეთესო ლექტორები სწორედ აქ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ კურსზე 500-მდე სტუდენტია, ეს ლექტორებთან პირდაპირ კომუნიკაციაში ხელს არ გვიშლის.
– როგორია იყო იტალიური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და იღებდე ევროპულ განათლებას? რა განასხვავებს მას საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და აქ განათლების მიღებისგან?
– სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ვიცოდი იტალიაში ჩაბარება მინდოდა თუ არა, მაგრამ ამ უნივერსიტეტზე რომ გავიგე, მისი წარმატებების ისტორია რომ ვნახე, გადაწყვეტილება იტალიის სასარგებლოდ მივიღე. მიუხედავად ამდენწლიანი ისტორიისა და ტრადიციებისა, უნივერსიტეტი სწავლების სრულიად თანამედროვე მეთოდებს გვთავაზობს. მაგალითად, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად განვიხილავთ მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებს. თითოეულ თემას ისე ვამუშავებთ, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეგვიძლია მსჯელობა. პირველივე კურსზე მოგვცეს ცოდნა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე. ვფიქრობ, ეს უნივერსიტეტის დიდი პლიუსია.
რაც შეეხება იმას თუ რა განასხვავებს ქართული საგანმანათლებლო სისტემისაგან, შემიძლია ვთქვა, რომ შეფასების სისტემა საკმაოდ განსხვავებულია. აქ თითქოს ერთი შანსი გეძლევა, რომ საგანი ჩააბარო. გამოცდას თუ ვერ დაწერ, ჩაიჭრები. იტალიაში კი რამდენჯერმე გაძლევენ საშუალებასა და დროს, რომ საკუთარ თავზე იმუშაო და ხარვეზები გამოასწორო. დავინახე ისიც, რომ იქაური პროგრამები, აქაურთან შედარებით, მეტად მრავალფეროვანია. იქაცაა გაწერილი გრაფიკი და სილაბუსი, მაგრამ შესაძლოა, მაგალითად, დღევანდელი დღის განრიგი და საგნების გეგმაც კი შეიცვალოს კონკრეტული ფაქტის, მოვლენის გამო და ამ მოვლენის განხილვას დავუთმოთ დრო. იტალიაში სასწავლო პროცესი უფრო ცოცხალია და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ბევრადაა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ იტალიური საგანმანათლებლო სისტემა რეალური ცხოვრებისთვის უფრო მეტად გამზადებს, ვიდრე ქართული საგანმანათლებლო სისტემა. მხოლოდ წიგნიდან ნასწავლს არ აქცევენ ყურადღებას.
გარდა ამისა, მაქსიმალურად ცდილობენ თითოეული სტუდენტი ერთმანეთს დააახლოონ. 400-ზე მეტი კურსელი მყავს, მაგრამ დეტალურად ვიცით ვინ საიდანაა და რა ინტერესები აქვს. მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, უნივერსიტეტმა მოახერხა ჩვენი დაახლოება და ეს ყოველდღიურად გრძელდება ჯგუფური სამუშაოებით, სხვადასხვა ადამიანთან ონლაინ შეხვედრებით და ა.შ.
– როგორ შეძელით მიზნის შესრულება და რა გზა გაიარეთ Università Cattolica del Sacro Cuore-ში მოხვედრამდე?
– მიზნის მისაღწევად სკოლის ნიშნები საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. განსაკუთრებით, მაღალ კლასებში. ასევე, დახასიათება სკოლიდან. მე სკოლა უმაღლესი ნიშნით დავასრულე. ბოლო სამი წელიც საკმაოდ მაღალი ქულები მქონდა. სკოლაში სწავლის პერიოდში სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. ამ უნივერსიტეტში ჩემ გარდა სხვასაც ჰქონდა გაგზავნილი საბუთები, სკოლა ჩემნაირი ნიშნებით დაასრულა, მაგრამ არ მიიღეს, რადგან სასკოლო ცხოვრებაში, იქ მიმდინარე პროცესებში ჩართული არ იყო. სკოლას თავის წვლილს ვერ დავუკარგავ, მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი, რომ აქტიური სასკოლო ცხოვრებით გვეცხოვრა: ვაწყობდით საქველმოქმედო აქციებს, რომელთაც ჩვენვე ვგეგმავდით, სკოლა სხვადასხვა საგანში საუკეთესო მოსწავლეებს ავლენდა და ეს ძალიან დამეხმარა, რადგან სწორედ იმ საგნებში ვიყავი გამოვლენილი საუკეთესო მოსწავლედ, რომლებიც ჩემს ფაკულტეტს სჭირდებოდა. ინგლისურის ცოდნის დონის დასადასტურებლად, სკოლის დასრულების შემდეგ, IELTS-ის გამოცდა ჩავაბარე. მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობდი იმ ესეებს, რომლებიც უნივერსიტეტში მისაღებად უნდა გამეგზავნა. ესეს დაწერაშიც ხელს გიწყობენ – რამდენიმე თემას გიგზავნიან და გეკითხებიან თუ რაზე გსურს წერა. საშუალება გეძლევა ის თემა აირჩიო, რომელიც მეტად გაინტერესებს და რომელიც შენს პიროვნულობას მეტად წარმოაჩენს.
– რა როლი ითამაშა ამაში PRIME STUDY-მ და რამდენად გააადვილა მიზნისკენ სწრაფვის პროცესი?
– ძალიან დიდი. PRIME STUDY-ს წარმომადგენელს სკოლაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდი და ჩემმა უფროსმა მეგობრებმა მასთან მუშაობა მირჩიეს, რადგან უცხოეთში ჩაბარება საკმაოდ ბევრ და რთულ ბიუროკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული – საბუთების მოწესრიგება და დაგზავნა, სავიზო პროცესი, დიპლომის აღიარება და ა.შ. სწორედ ამაში დამეხმარა PRIME STUDY. მათ მირჩიეს თუ რომელ უნივერსიტეტებში იქნებოდა უკეთესი საბუთების გაგზავნა, ერთად ჩამოვყალიბდით 7-8 უნივერსიტეტზე, სადაც გავგზავნეთ კიდეც საბუთები და საბოლოო არჩევანი გავაკეთეთ. მართალია, მე პანდემიის გამო ვერ წავედი მილანში, მაგრამ PRIME STUDY გეხმარება ადგილზე ბინის მოძებნაშიც. ყველანაირი ბიუროკრატიული პროცედურა თავიანთ თავზე ჰქონდათ აღებული და ამავდროულად, კონსულტაციებს მიწევდნენ, რათა საუკეთესო არჩევანი გამეკეთებინა. ამ ყველაფერმა ეს გზა საკმაოდ გამიმარტივა და მომცა საშუალება, რომ მე მთლიანად ესეების დაწერასა და უნივერსიტეტის მოთხოვნების შესრულებაზე ვყოფილიყავი ორიენტირებული. ასევე, სკოლაში სასწავლო პროცესსაც არ ჩამოვრჩენილიყავი, რადგან ეს ყველაფერი სწავლის პერიოდშივე ხდებოდა.
– შეძელით თუ არა რაიმე სახის დაფინანსების მოპოვება?
– დიახ, მაქსიმალური დაფინანსება მაქვს, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას გულისხმობს. უნივერსიტეტი ასევე გვიწესებს სატრანსოპრტო, სატელეფონო და საცხოვრებელი ბინის ხარჯების შეღავათებს. მართლაც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ფინანსურადაც შეგვიწყონ ხელი და გარდა ამისა, გვაძლევენ დასაქმების შანსს თავად უნივერსიტეტის კანცელარიაში, რათა საკუთარი შემოსავალი გვქონდეს.
– სწავლის პირველი თვეების გატარება საკმაოდ რთულ პერიოდში მოგიწიათ. როგორ უმკლავდება უნივერსიტეტი კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებს და რას გთავაზობთ იგი სრულფასოვანი ცოდნის მისაღებად?
– იმდენად ხარისხიანია ყველაფერი, რომ არც ველოდი. ახლა გამოცდები გვაქვს და არანაირი შანსი არ არსებობს იმისი, რომ ინლაინ ფორმატის გამო რაიმე გადაწერო, ან გაიმარტივო. ფიზიკურად გამორიცხულია. სასწავლო პროცესს რაც შეეხება, მთლიანად შენზეა მორგებული. თუ რომელიმე კონკრეტულ ლექციაზე შესვლას ვერ შეძლებ, მოგვიანებით მისი მოსმენა მაინც შეგიძლია. კითხვების შემთხვევაში კი ნებისმიერ დროს შეგიძლია ლექტორს მისწერო. მაქსიმალურად ცდილობენ გაითვალისწინონ დროში განსხვავება და სხვა დაბრკოლებები.
დისტანციური სწავლება, აბიტურიენტობის დროს, საქართველოშიც მომიწია და ქართული სწავლების მეთოდებზე წარმოდგენა, ასე თუ ისე, მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ უხარისხოდ მაგ პერიოდს არც საქართველოში ჩაუვლია და სკოლამ მიაღწია იმას, რომ გვესწავლა. ასეა უნივერსიტეტშიც, კარგად სწავლას ითხოვენ და ვერ ვიტყვი, რომ დისტანციური რეჟიმის გამო ეს წელი უქმად გადის. საკმაოდ დატვირთული ვარ. ხელს გვიწყობენ, თუმცა საკმაოდ მკაცრადაც გვაფასებენ.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სტუდენტობის წლები იტალიაში? გარდა სწავლისა, რა შესაძლებლობებს გთავაზობთ უნივერსიტეტი სტაჟირების, პრაქტიკის, ან თუნდაც სტუდენტური დასაქმების მიმართულებით?
– პირველ რიგში, ქალაქის კარგად გაცნობა მინდა. პირველი შესაძლებლობისთანავე დავიწყებ მუშაობას, რათა გამოცდილება დავაგროვო. ჩემს პროფესიაში გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს. მინდა, რომ ახლო კონტაქტი მქონდეს ლექტორებთან, რადგან მათ ძალიან კარგი კავშირები აქვთ და ეს ამ სფეროში ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველკვირეულად სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები ტარდება, რომლებზე დასწრებაც სავალდებულო არაა, მაგრამ იმდენად დიდ ცოდნას გაძლევს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ ცოდნას, რომ ვაპირებ დავესწრო ხოლმე.
უნივერსიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების მიღებასაც გთავაზობს. გაცვლითი პროგრამებით სარგებლობას ვგეგმავ. ამას მეორე კურსზევე ვაპირებდი, მაგრამ ვინაიდან პირველი კურსის გატარება საქართველოში მომიწია, გადავწყვიტე მეორე კურსის პირველ სემესტრში მილანში დავრჩე, მეორე სემესტრიდან კი გაცვლითი პროგრამით ამერიკაში გავემგზავრო.
– რას გეგმავთ სწავლის დასრულების შემდეგ? აპირებთ თუ არა, რომ ევროპული განათლებით საკუთარ ქვეყანაში შეეცადოთ წარმატების მიღწევას?
– ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე ამერიკაში ვგეგმავ. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნება და საჯარო სექტორში მუშაობა მინდა. მინდა ხალხის კეთილდღეობისთვის ვიმუშაო.
– ჩვენს სტატიას ახლა ალბათ ბევრი ახალგაზრდა კითხულობს – მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები, რომლებიც უცხოეთში სწავლაზე ოცნებობენ. რას ურჩევდით მათ? რამდენად მარტივია უცხოეთში სწავლაზე ოცნება თუნდაც საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენელმა ახალგაზრდამ აისრულოს?
– ვურჩევდი, რომ განსაკუთრებით ბოლო სამი წლის ნიშნებსა და აქტივობებს მიაქციონ ყურადღება. რაც მთავარია, ისეთი სპეციალობა, უნივერსიტეტი და ქვეყანა აირჩიონ, რომელიც მათ ინტერესებს მთლიანად მოერგება.
რაც შეეხება ფინანსებს, ევროპის ქვეყნები მაქსიმალურ შანსს გაძლევენ, რათა დაფინანსება მოიპოვო. მათ შორისაა სწავლის სრული დაფინანსება და წასვლის ხარჯების ანაზღაურებაც კი. აქედან გამომდინარე, ძალიან რეალურია ის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს წასვლა და სწავლა. მითუმეტეს თუ უნივერსიტეტი მოტივირებულ, მონდომებულ ადამიანს ხედავს, მაქსიმალურად უწყობენ ხელს სწავლაში დაფინანსებიდან დაწყებული სამუშაოს შეთავაზებით დასრულებული.
იტალიის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტი “კატოლიკა” ქართველ სტუდენტებს სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს!
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ