ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის
„ლატვია, ევროპაში განათლების მიღების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის, ერთგვარ ალტერნატივად იქცა“ – ჩვენი რესპონდენტის, რიგაში მცხოვრები ქართველი სტუდენტის, ანა მამალაძის ეს სიტყვები არ გაგვკვირვებია მას შემდეგ, რაც იქაური სწავლის პირობებს, განათლების ხარისხსა და პროგრამა Study in Latvia-ს გავეცანით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ახალგაზრდებში, ლატვიაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, სტუდენტების მოზიდვითა და დაფინანსების მოპოვებაში დახმარებითაა დაკავებული.
ანა მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა მისი გამოცდილებისა და მიღწევებიდან გამომდინარე ამას ვერ იფიქრებ – წარმატებული კურსდამთავრებულის სტატუსის გარდა, ანას უკვე შეუძლია იამაყოს იმითაც, რომ იგი მასშტაბური საერთაშორისო საქმიანობის მქონე პროგრამის Study in Latvia რჩეული და ლატვიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩია.
სკოლა 2020 წელს დაასრულა და იმავე წელს სასწავლებლად ლატვიაში გაემგზავრა. საზღვარგარეთ სწავლა მოულოდნელად, აბიტურიენტობისას გადაწყვიტა. ამბობს, რომ თვალსაწიერის გაფართოება უნდოდა. დანამდვილებით მხოლოდ ის იცოდა, რომ ევროპაში სწავლა ხიბლავდა და საერთაშორისო სამართალი აინტერესებდა. თუმცა, არც ქვეყანასთან და არც უნივერსიტეტთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ იყო. ინტერნეტში სამართლის სკოლების ძებნა და გაცნობა დაიწყო და მაშინ აღმოაჩინა რიგის სამართლის უმაღლესი სკოლა (Riga Graduate School of Law) და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი, რომელიც მის ინტერესებს ზუსტად პასუხობდა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება მარტივად მიიღო. გვეუბნება, რომ ლატვიამ და შემთხვევით აღმოჩენილმა უნივერსიტეტმა მისი მოლოდინები სრულად გაამართლა, სრულყოფილი განათლება მისცა, სტუდენტობის საუკეთესო წლები აჩუქა და გზა არაერთი შესაძლებლობისკენ გაუხსნა.
ლატვიაში ბაკალავრიატის საფეხური 3 წლიანია. შესაბამისად, ანამ სწავლა წელს უკვე დაასრულა, ბოლო გამოცდა სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. ახლა მას აქვს ევროპული განათლება, ევროპული დიპლომი და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობა. უკვე მიიღო შემოთავაზებები სამსახურთან დაკავშირებით და დასახა არაერთი გეგმა, რომელთა განხორციელებასაც ლატვიაში აპირებს და რომლებზეც EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა.
ანა მამალაძე: ჩემთვის, ლატვიის განათლების სისტემის რეპუტაცია, ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდა. განსაკუთრებით, სამართლისა და დიპლომატიის სფეროში. წესით, ასეთ დროს, აპლიკაციას სხვადასხვა უნივერსიტეტში აგზავნიან ხოლმე, მაგრამ მე მხოლოდ რიგის სამართლის უმაღლესი სკოლაში გავაგზავნე, რადგან არჩევანში დარწმუნებული ვიყავი.
რით მოგხიბლათ უშუალოდ ამ უნივერსიტეტმა და რატომ აღარ გაგიჩნდათ სხვა სასწავლებლების ძებნის სურვილი?
სამართლის სწავლა ადრეული ასაკიდან მქონდა გადაწყვეტილი. ბოლო წლებში პოლიტიკითაც დავინტერესდი. ეს უნივერსიტეტი კი იდეალურ ინგლისურენოვან ფაკულტეტს მთავაზობდა – სამართალი და დიპლომატია. როცა გამაცნეს რა საგნებს გავივლიდი, მაშინ კიდე უფრო დავრწმუნდი. აქ იყო სამართლის თეორიაც, პრაქტიკაც, დიპლომატიაც, რაშის საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკაც შედიოდა. ამ საგნების ნახვის მერე ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი აღარ შემპარვია.
აღფრთოვანებული ვიყავი იმ ფაქტითაც, რომ ლექტორები, რომელთაც ამ ფაკულტეტზე ლექციები უნდა წაეკითხათ, მოქმედი, ლატვიის საჯარო სექტორის წამყვანი პროფესიონალები იყვნენ – ზოგი მინისტრის მოადგილე, ზოგიც მრჩეველი და ა.შ. მითუმეტეს, პროგრამაზე ბევრი სტუდენტი არაა და ლექტორსა და სტუდენტს შორის უფრო ინდივიდუალური ურთიერთობა მყარდება. გაცნობა და დაახლოება უფრო მარტივია.
როგორი იყო ბიუროკრატიული პროცედურები და რა საფეხურები გაიარეთ ჩაბარებამდე? მიმართეთ თუ არა ვინმეს კონსულტაციისთვის?
ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე. სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან შედარებით, ლატვიაში ბიუროკრატიული პროცედურები შემცირებულია. უნდა ჩამებარებინა ინგლისურის გამოცდა IELTS ან TOEFL, გამევლო გასაუბრება და გამეგზავნა აპლიკაცია. ეს საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. თან, მაქსიმალურად გიწყობენ ხელს, თუკი ხედავენ, რომ სურვილი გაქვს.
როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც შეგარჩიეს? რას ექცევა ყურადღება ლატვიის უნივერსიტეტებში მიღებისას?
მთავარი, მაინც, მოტივაცია და ენთუზიაზმია. რა თქმა უნდა, აკადემიური მოსწრებაც, ამ ყველაფერს, ხელს უნდა უწყობდეს. მგონია, სხვა აპლიკანტებისგან გამომარჩია იმ ფაქტმა, რომ ჩემი რეზიუმე მოხალისეობრივი საქმიანობით სავსე იყო. სკოლის პერიოდში ბევრ აქტივობაში ვიყავი ჩართული და ამ მხრივ მდიდარი გამოცდილება მქონდა. ვფიქრობ, ამან საკმაო როლი ითამაშა. საქართველოში მთელი აქცენტი აკადემიურ მოსწრებაზე კეთდება, ლატვიაში კი პიროვნებასა და მის ინტერესებზე.
ბევრი სტუდენტი სწავლობს საქართველოდან ლატვიაში?
ბალტიისპირეთის ქვეყნების კვალობაზე, შეიძლება ითქვას, რომ ლატვიაში ქართველი სტუდენტები საკმაოდ არიან, მაგრამ სხვადასხვა სფეროში გადანაწილებულები. ბევრ სტუდენტს ვიცნობ, რომლებიც განათლებას ტექნოლოგიურ, სამედიცინო, ტურიზმის ფაკულტეტებზე იღებენ. არჩევანი ნამდვილად ბევრი აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინგლისურად. ლატვია, ევროპაში განათლების მიღების მსურველი ქართველის სტუდენტებისთვის, ერთგვარ ალტერნატივად იქცა. ამას მისი მდებარეობაც უწყობს ხელს. სტუდენტებისთვის დიდი შესაძლებლობაა – ევროპული განათლების, დიპლომის მიღება და ევროკავშირში პროფესიით დასაქმების მაღალი შანსები.
მოგვიყევით პროგრამის Study in Latvia-ს შესახებ…
ამ პროგრამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც აქ ჩამოვედი. ჩვენი შეხვედრა ლატვიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შედგა. როგორც ვიცი, აქტიურ ქართველ სტუდენტს ეძებდნენ და საელჩომ რეკომენდაცია მე გამიწია. Study in Latvia სტუდენტებს, სხვადასხვა ქვეყნიდან, შესაძლებლობას აძლევს ერთგვარი ამბასადორები გახდნენ თავიანთ ქვეყნებში და შეასრულონ შუამავლის როლი ორგანიზაციასა და თავისი ქვეყნიდან ლატვიაში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს შორის.
ორგანიზაცია დაკავშირებულია ლატვიაში განათლების სამინისტროსთან და მისი დაფინანსებით მუშაობს. მათი მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში, ახალგაზრდებში ლატვიაში განათლების მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებაა. განსაკუთრებით ეხმარებიან სტუდენტებს, რომელთაც უნივერსიტეტებში სხვადასხვა სახის დაფინანსების მოპოვება სურთ. ჩვენს უნივერსიტეტში დაფინანსება არ არის – არც საჭიროების არსებობის დროს, არც მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში. თუმცა, სხვა უნივერსიტეტებში არის და ორგანიზაცია სტუდენტებს საუნივერსიტეტო და სახელმწიფო გრანტების მოპოვებაში ეხმარება. როდესაც მათ შევხვდი, მითხრეს, რომ საქართველო მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა.
როგორი იქნება თქვენი როლი ქართველი ახალგაზრდების ინფორმირებულობის პროცესში?
ვინაიდან Study in Latvia არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდოს ლატვიის უნივერსიტეტებისა და დაფინანსებების შესახებ, მე შემიძლია დაინტერესებულ სტუდენტებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. უფრო მარტივია კითხვები დაუსვა ადამიანს რომელიც შენი თანატოლია, შენს ენაზე საუბრობს, ეს გზა უკვე გაიარა და ლატვიაში სტუდენტური ცხოვრება გამოცადა. სხვა ფორმალური ვალდებულებები მე არ გამაჩნია.
რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდამ, რომელსაც ლატვიაში უნდა სწავლა? რა პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას?
ჩემი რჩევა იქნებოდა, პირველ რიგში, ყველამ ჩაატაროს ონლაინ-კვლევა, რათა წარმოდგენა შეექმნათ როგორია ლატვია, უნივერსიტეტები, სტუდენტური ცხოვრება, თუნდაც კლიმატი და ა.შ. ვურჩევდი რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება შეისწავლონ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ და ამის შემდეგ Study in Latvia-ს დაუკავშირდნენ. ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, მათ, შემდგომი იმედგაცრუებისგან დაიცავს. ჩემნაირი, რომელმაც უნივერსიტეტი შემთხვევით აღმოაჩინა, ზუსტად მიხვდა, რომ იქ სწავლა უნდოდა და კმაყოფილიც დარჩა, მგონი, ძალიან ცოტაა.
თქვით, რომ უნივერსიტეტი თქვენი მოხალისეობრივი საქმიანობით მოხიბლეთ. რა შანსები აქვთ ახალგაზრდებს, რომელთაც ამ მხრივ ნაკლები გამოცდილება გააჩნიათ?
ეს სავალდებულო არ არის. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის შეიძლება მოხიბლო იმით, რაც გაქვს – აკადემიური მისწრაფებებით, ზოგადი ინტერესებით, კლასგარეშე აქტივობებით და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ლატვიის უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცესს ყველა მარტივად გაივლის.
როგორც ვიცით, მრავალმხრივია თქვენი ურთიერთობა საქართველოს საელჩოსთან ლატვიაში და ახლახან ახალგაზრდა ელჩიც გახდით. მოგვიყევით ამის შესახებ.
საქართველოს საელჩო და საკონსულო, ლატვიაში, საკმაოდ აქტიურია. სულ დავდიოდი მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ვერთვებოდი ყველანაირ აქტივობაში. ახლა კი, სულ რაღაც ერთი თვის წინ, ახალგაზრდა ელჩი გავხდი და შესაბამისად, ჩვენს შორის კავშირი უფრო გაიზარდა. ვფიქრობ, ამით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ Study in Latvia-ს ჩემი თავი შესთავაზეს.
როგორ გახდით ახალგაზრდა ელჩი და რას გულისხმობს ეს?
ეს სტატუსი მონიჭებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და გულისხმობს საქართველოს მდიდარი კულტურის, მემკვიდრეობისა და ტრადიციების ლატვიის საზოგადოებაში პოპულარიზაციას. მაქვს პატივი ვემსახურო საქართველოს ახალგაზრდა ელჩად ლატვიის რესპუბლიკაში. ჩემი მანდატის განმავლობაში შევეცდები გავაძლიერო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავხდი ელჩი, ესაა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა, რომელიც საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ცხადდება, თან არა მხოლოდ ევროპაში. კანდიდატად თავი უნდა წარადგინო და შერჩევის შედეგად ერთი წლის ვადით იმარჯვებ. როგორც ვიცი, კონკურენცია საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებში.
როგორია თქვენი გეგმები ახალგაზრდა ელჩის სტატუსით? ახსენეთ, რომ აპირებთ გააძლიეროთ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. როგორ აპირებთ ამის მიღწევას?
ეს მანდატი ბევრ რამეს მოიცავს. იგი მხოლოდ სტუდენტებთან კავშირს არ მოიაზრებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც შედის. ჩემი ერთ-ერთი გეგმა სწორედ ლატვიაში განათლების მიღებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის კონსულტაციის გაწევაა. ეს შეიძლება იყოს პრეზენტაციების გაკეთება უნივერსიტეტებში, მათთვის შეთავაზების გაკეთება, რომ ჩაერთონ საქართველოში განათლების გამოფენებში და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. როგორიცაა ურთიერთობა დიასპორასთან, აქტიური თანამშრომლობა ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების ახალგაზრდა ელჩებთან და ა.შ. არანაირი ლიმიტი არ არსებობს, უამრავი აქტივობის განხორციელება შეიძლება. ეს იქნება მრგვალი მაგიდის მოწყობა, გამოფენების, მიღებების თუ სხვა.
ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება და პროგრამა ამას ითვალისწინებს? სხვა სტუდენტების ჩართვასაც მოიაზრებს?
დიახ, ეს საგრანტო პროგრამაა, ამიტომ დაფინანსებას ითვალისწინებს. ვინაიდან პროგრამაში ერთი გამარჯვებულია, სამოქმედო გეგმაც, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ელჩმა უნდა შეასრულოს.
სწავლა უკვე დაასრულეთ. ახლა რას აპირებთ გარდა ახალგაზრდა ელჩად საქმიანობისა?
უკვე ბევრი შემოთავაზება მივიღე რიგაში დასაქმებასთან დაკავშირებით, როგორც ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ისე სრულგანაკვეთიან დასაქმებაზე. ახლა მათი განხილვის პროცესში ვარ. მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას, ჯერ-ჯერობით, არ ვაპირებ. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, სამომავლოდ აუცილებლად მინდა, თუმცა ჯერ აქ მაქვს გეგმები.
როგორია სტუდენტური ცხოვრება რიგაში და რით განსხვავდება აქაური სტუდენტური ცხოვრებისგან?
ორივე ქალაქს აქვს თავისი მახასიათებლები, რაც კონტრასტული, მაგრამ თანაბრად ღირებული გამოცდილებების მიღებას უწყობს ხელს. რიგა მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სხვადასხვა წარმომავლობის სტუდენტებს იზიდავს. ეს გარემო სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, გაცვალონ იდეები და თავიანთი ჰორიზონტი გააფართოონ. ვფიქრობ, მთავარი განსხვავება თბილისთან, ესაა. განსხვავებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ აქ ერთ-ერთი თვალსაჩინო ასპექტი აკადემიური დისციპლინაა. აქაური უნივერსიტეტები, მათ შორის ჩემი უნივერსიტეტი, ცნობილია მომთხოვნი და მკაცრი აკადემიური პროგრამებით. მჯერა, რომ ეს ძლიერი სამუშაო ეთიკის, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისა და სწავლისადმი ერთგულების დანერგვას უწყობს ხელს.
თბილისში სტუდენტურ ცხოვრებას კი თავისი ხიბლი აქვს. მე არ გამომიცდია, მაგრამ მეგობრებისგან რაც მესმის, შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი, რიგასთან შედარებით, მდიდარ ისტორიასა და ტრადიციულ ღირებულებებს აერთიანებს. შევამჩნიე, რომ თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტად მეგობრული გარემოთი გამოირჩევიან. ეს მენტორებისა და ლექტორების სტუდენტებისადმი მხარდამჭერ დამოკიდებულებას გულისხმობს. მჯერა, რომ ორივე ქალაქი სტუდენტებს მდიდარ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. არჩევანი მათ შორის, მაინც ინდივიდუალურ სურვილებზე და რა თქმა უნდა, აკადემიურ მისწრაფებებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება გართობას, სტუდენტური ცხოვრება გართობის გარეშე ხომ წარმოუდგენელია?
ლატვიაში იმდენად მომთხოვნი პროგრამებია, რომ არ ვიცი სტუდენტებს გართობისთვის დრო რამდენად რჩებათ. ვფიქრობ, თბილისშიც და რიგაშიც გასართობი საკმაოდ ბევრია. სტუდენტური ცხოვრება ორივე ქალაქში იგრძნობა.
რამდენად მიღებული და აპრობირებულია რიგაში სწავლის პარალელურად დასაქმება დამატებითი შემოსავლის გამომუშავებისთვის?
რა თქმა უნდა, არიან სტუდენტები, რომელთაც უნდათ ოჯახისგან დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ფინანსებზე. გააჩნია რას სწავლობენ და რა ინტერესები აქვთ, მაგრამ ნახევარ განაკვეთზე, ონლაინ, ან ფრილანსერად მუშაობის შესაძლებლობები არის.
ფასების შედარება რამდენად რელევანტურია? ვგულისხმობ როგორც სწავლის, ისე საცხოვრებლისა და კვების ფასებს.
მგონია, რომ დიდი განსხვავება თბილისსა და რიგას შორის, ფასების მხრივ, არ არის. ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვერ ვგრძნობ. საყოფაცხოვრებო ნივთების, საკვებისა თუ ტანსაცმლის ფასები, მიუხედავად იმისა, რომ აქ ევრო მოქმედებს და კურსი საქართველოსთან განსხვავებულია, ჩემი აზრით, საკმაოდ ნორმალურია. რაც შეეხება სწავლის საფასურს, ინგლისურენოვან პროგრამებზე, ლატვიის სხვადასხვა უნივერსიტეტში, დაახლოებით 2000-დან 6000 ევრომდე მერყეობს.
და არსებობს სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებიც…
რა თქმა უნდა. ჩემი უნივერსიტეტი კონკრეტულად სამართლის სკოლაა. ის პატარაა და საკმაოდ ცოტა სტუდენტი სწავლობს. ამიტომ, როგორც გითხარით, სტიპენდიები არ აქვს, თუმცა, ისეთ სასწავლებლებში, სადაც ათასობით სტუდენტი სწავლობს, მაგალითად სამედიცინო უნივერსიტეტში, დაფინანსების გაცილებით მეტი შესაძლებლობაა.
როგორია ლატვიური უნივერსიტეტების ჩართულობა კურსდამთავრებულების დასაქმების საკითხში? სწავლის პერიოდშივე ცდილობს ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და პოტენციური დამსაქმებლების გაცნობას, შემდგომში თანამშრომლობის პერსპექტივით?
ლატვიაში თითოეულ უნივერსიტეტს აქვს კარიერის დეპარტამენტი, რომელიც სტუდენტებისთვის სხვადასხვა ვაკანსიის შეთავაზებას უზრუნველყოფს. სტუდენტებს ინფორმაცია, მათგან, მთელი წლის მანძილზე მისდით. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს კონკრეტული პოზიციის, ვაკანსიის შესახებ, ან კომპანიების, რომლებიც მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძებენ. კონკრეტული უნივერსიტეტის პროფილისა და ფოკუსის შესაბამისად, ყოველწლიურად ტარდება დასაქმების ფორუმები, გამოფენები. იმართება ე.წ. „Networking events“, სადაც პირადად შეგიძლია გაიცნო ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიაში უკვე მუშაობენ. მათთან პირადი, არაფორმალური საუბრით მიიღო საჭირო ინფორმაცია და სამსახურის ძიების პროცესი გაიადვილო.
როგორია თქვენი გეგმები გრძელვადიან პერსპექტივაში? რა მიმართულებით წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერის განვითარება და სად – საქართველოში თუ საერთაშორისო ასპარეზზე?
ირგვლივ მყავს ადამიანები, რომლებმაც უნივერსიტეტი დაასრულეს, დიპლომი აიღეს, მაგრამ პროფესია არ მოსწონთ და ამ სფეროში მუშაობა არ სურთ. ჩემს შემთხვევაში ასე არაა. საქართველოში დაბრუნება და აქ მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება ჩემს სამომავლო გეგმებში ნამდვილად შედის. მიმაჩნია, რომ საზღვარგარეთ სწავლა შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. ჩემი პირადი მიზანია ხელი შევუწყო პროგრესს, სამართლიანობასა და მდგრად ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. მჯერა, ორივე სფეროში მიღებული განათლება ამაში დამეხმარება.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება