როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება!
რა სახის შესაძლებლობები გეშლება თვალწინ, როცა შვეიცარიის ერთ-ერთ მოწინავე უმაღლეს სასწავლებელს ასრულებ, რომელიც სრულყოფილ განათლებას ყველაზე მოთხოვნად, პოპულარულ და მზარდ სფეროში გაძლევს? პასუხი მარტივია – უსაზღვრო შესაძლებლობები, რაც ნებისმიერი ქვეყნის წამყვან ბრენდებთან მუშაობას გულისხმობს.
ჩვენი რესპონდენტისთვის ყველა ეს შესაძლებლობა უკვე რეალური და ხელშესახებია.
ირაკლი ვასაძე 23 წლისაა. 2016 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც გაიარა, თუმცა სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში არ გაუგრძელებია და სასწავლებლად უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა. ამისათვის IELTS-ის გამოცდა ინგლისურ ენაში წარმატებით ჩააბარა და არჩევანი შვეიცარიაზე, კერძოდ კი მსოფლიო ლიდერზე სტუმარმასპინძლობის დარგში Swiss Education Group-ზე შეაჩერა. ჯგუფი ოთხ უნივერსიტეტს აერთიანებს. თითოეულ მათგანს წამყვანი პოზიციები უკავია სტუმარმასპინძლობის შესახებ განათლების გლობალურ და ეროვნულ რეიტინგში. ირაკლიმ განაცხადი Swiss Hotel Management School-ში, სასტუმროების მენეჯმენტის ფაკულტეტზე გაგზავნა, რომელიც სასტუმროს მართვასა და მომსახურების შესახებ კურსდამთავრებულებს სრულყოფილ ცოდნას ინოვაციური სწავლების მეთოდებითა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვანი ბრენდების სასტუმროებში პრაქტიკით აძლევს. უნივერსიტეტი თავის სფეროში მსოფლიოს ტოპ 10 უმაღლეს სასწავლებელს შორისაა და მჭიდროდ ურთიერთობს არაერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან.
მრავალფეროვანი, დატვირთული, საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე 3,5 წლის შემდეგ ირაკლიმ, გასულ ზაფხულს, სწავლა წარმატებით დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გზა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე ცნობილ კომპანიებში ხსნილია და მისნაირი განათლების მქონე კადრთან ნებისმიერი ბრენდი სიამოვნებით ითანამშრომლებს, ირაკლის მიზანი თავიდანვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და იქ მიღებული ცოდნის აქ გამოყენება იყო.
ირაკლი ვასაძე: Swiss Hotel Management School-ი თავისი მაღალპროფესიონალური პროგრამებით გამოირჩევა. სასტუმროს საქმე სხვადასხვა ნაწილად იყოფა და აქაც ცალ-ცალკე ისწავლება food and beverage, room division, housekeeping და ა.შ. პირველ კურსზე food and beverage, ანუ სარესტორნო განყოფილება გავიარეთ სრულად. 5 თვე თეორიულად ვისწავლეთ. აქედან 2 თვის განმავლობაში პრაქტიკულად შევისწავლეთ მიმტანისა და ბარმენის საქმე. ეს პრაქტიკები თავად უნივერსიტეტშივე გვიტარდებოდა. დილით 6 საათზე ვიღვიძებდით და უფროსკურსელებს ვემსახურებოდით ისე, როგორც ჩვეულებრივ, სასტუმროსა და რესტორანში ემსახურებიან. ასევე, ვსწავლობდით სამზარეულო საქმესაც, შეფ-მზარეულებს სხვადასხვა კერძის მომზადებაში ვეხმარებოდით. ამ პერიოდში სრულყოფილად გავიარეთ თავად კვების მრეწველობის, როგორც დარგის პრაქტიკა. ამისთვის უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურულად სრულად აღჭურვილი იყო. უმაღლესი კლასის ინვენტარითა და მასალით ვიყავით უზრუნველყოფილნი. უნივერსიტეტს სამი სარესტორნო სივრცე აქვს და სასტუმროს სარესტორნო განყოფილების შესახებ ყველანაირი ცოდნა მივიღეთ.
პირველი კურსის ბოლოს, უნივერსიტეტის დახმარებით, 5-თვიან პრაქტიკაზე პორტუგალიაში, ქალაქ კაშკაიში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში – „კაშკაი მირაჟში“ გავემგზავრე. იგი საკმაოდ მაღალი რანგის სასტუმროა. ამ დროის განმავლობაში პრაქტიკა გავიარე ბარმენის, მიმტანის, ბანკეტის მომსახურე პერსონალის განხრით. ხელფასიც დამენიშნა. პრაქტიკის ბოლოს ვიდეოს ჩაწერა დაგვავალეს, სადაც მოვყვებოდით ყველაფერს, რაც ვისწავლეთ და ამის მიხედვით გვაფასებდნენ.
მეორე კურსზე „ფრონტ ოფისი“ ვისწავლეთ. ანუ, ყველა ის პოზიცია შევისწავლეთ, რომლებიც სტუმრის მიღებას ეხება, მათ შორის, მიმღების, ე.წ. „რისეფშენის“ თანამშრომლის საქმეც. პრაქტიკა უნივერსიტეტშივე გავიარეთ. გარდა ამისა, ვისწავლეთ სხვა ბევრი საგანიც, რომლებიც კავშირშია სასტუმროს სფეროსთან, ბიზნესთან, ტურიზმთან. მათ შორის ადამიანების ტიპოლოგიაც, რაც აუცილებელია მათთვის, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს.
– როგორც ვხედავთ, პრაქტიკას უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და გარდა თავად საუნივერსიტეტო პრაქტიკისა, თქვენ წამყვან სასტუმროებშიც საქმდებოდით. რამდენად ღირებული გამოცდილება მიიღეთ იქ?
– იმ 3,5 წლის განმავლობაში, რომელიც ამ უნივერსიტეტში გავატარე, რამდენიმეთვიანი პრაქტიკა ორჯერ გავიარე. პირველ და მეორე კურსზე 5 თვე სწავლას ეთმობოდა, 5 თვე კი – პრაქტიკას, მუშაობას. სწავლის პერიოდი, ჯამში, 10 თვიან პრაქტიკას ითვალისწინებს. მე ეს დრო ორ კურსზე გავანაწილე. მეორე კურსზე გამიმართლა და „Kempinski Hotel”-ში მოვხვდი, მოსკოვში. ეს მართლაც სერიოზული გამართლებაა, რადგან ასეთი დონის სასტუმროში 5 თვე ვიმუშავე. ჩემი მთავარი მიზანი „Kempinski Hotel”-დან უმაღლესი დონის სარეკომენდაციო წერილის წამოღება იყო. ამიტომ, მაქსიმალურად მოვინდომე, თავი საკმაოდ კარგად გავართვი და „Kempinski Hotel“-მა ძალიან კარგი სარეკომენდაციო წერილი დამიწერა.
– რა ხდებოდა მესამე და მეოთხე კურსზე?
– მესამე და მეოთხე კურსებზე უკვე სწავლებას გავდიოდით არა როგორც მონაწილეები და შემსრულებლები, არამედ როგორც მენეჯერები. პირველ და მეორე კურსზე მაინც უფრო ზოგადი ცოდნა მივიღეთ, მესამე კურსიდან კი უშუალო პროფილები ავირჩიეთ. ჩვენს უნივერსიტეტში სამი მიმართულება იყო – „Hotel Management”, “ Hotel and Event Management ” და “Hotel and Design”. მე Hotel Management ავირჩიე, ანუ სასტუმროს მართვა. თუმცა, ცოდნა და გამოცდილება მაქვს ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვის მიმართულებითაც. გამიმართლა იმაშიც, რომ Swiss Hotel Management School, სხვა მსგავსი პროფილის სასწავლებლებისგან განსხვავებით, კადრებს, ექსკლუზიურად, ღონისძიებებისთვისაც უმაღლეს დონეზე ამზადებს.
მეოთხე კურსზე ჩვენ შეგვეძლო აგვერჩია კლასიკური ხასიათის დისერტაცია, ან ბიზნეს პროექტი. მე ბიზნეს-პროექტი ავირჩიე, რადგან ეს ბევრად მეტს მომცემდა და საკმაოდ კარგი ქულაც მივიღე. ბიზნეს-პროექტი გულისხმობდა იმას, თუ რა ტიპის სასტუმროს აშენება მინდა მე – სად, რა ტერიტორიაზე, რამდენად მოერგება გარემოს, რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას, რამდენად მიწყობს ხელს ადგილობრივი პირობები და რა თქმა უნდა, დეტალური ფინანსური გათვლა – რა დაჯდება ამ სასტუმროს შექმნა. მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რასაც ამ ნაშრომით მივაღწიე.
– როგორი გამოცდები ჰქონდა უნივერსიტეტს?
– Swiss Hotel Management School-ს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული Apple -სთან და უნივერსიტეტი ჩვენ უზრუნველგვყოფდა Apple-ს Macbook-ებითა და iPad-ებით. სწორედ მათი მეშვეობით, სპეციალურ პროგრამაში გვქონდა გამოცდა. ვწერდით ტესტებსაც და გვქონდა პრაქტიკული ხასიათის დავალებებიც. მაგალითად, პირველი კურსის ბოლოს უნდა დაგვეწერა პროექტი რესტორნის შექმნის შესახებ. დეტალურად უნდა გაგვეწერა ყველაფერი, რაც რესტორნის დაარსებისთვისაა საჭირო. მეორე კურსზე კი მსგავსი პროექტი უკვე მთლიანად სასტუმროზე უნდა დაგვეწერა და მისი პრეზენტაცია ჩაგვეტარებინა.
– რა შესაძლებლობებს გიხსნით დიპლომი, რომელიც უნივერსიტეტმა მოგცათ?
– მე შემიძლია ჩემი მონაცემები მსოფლიოს უამრავ პრესტიჟულ და ცნობილ სასტუმროში გავგზავნო და ისინი ჩემ კანდიდატურას რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე განიხილავენ. ეს დიპლომი რომ არა, ცდის საშუალებაც კი არ მექნებოდა. რაც ყველაზე მთავარია, ამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვეძლევა არა მხოლოდ Swiss Hotel Management School-ის დიპლომი, არამედ ბრიტანული University of Derby-ს დიპლომიც, რადგან ეს ორი უმაღლესი და უდიდესი უნივერსიტეტი ერთმანეთთან თანამშრომლობს და ერთმანეთის მსგავსი პროგრამები აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი ერთმანეთის დიპლომის სტატუსს აორმაგებენ. ჩვენ შეგვეძლო გვესარგებლა დერბის უნივერსიტეტის ონლაინ ბიბლიოთეკითაც. გარდა ამისა, ასევე ავიღეთ შვეიცარული უმაღლესი დიპლომიც. ანუ, მე ახლა სამ დიპლომს ვფლობ.
ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზეც, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ და რა ტიპის დაშვება გაქვს ევროპის ქვეყნებში. მე საქართველოს პასპორტი მაქვს და ეს ბევრ რამეს მიადვილებს. ჩემთვის შედარებით მარტივი იყო და არის ევროპის ქვეყნებში წასვლა და მუშაობა, ვიდრე ჩემი აზიელი თანაკურსელებისთვის. Swiss Hotel Management School ძალიან დიდი პრესტიჟით სარგებლობს და სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასწავლებელია.
– რამდენად ეხმარება სასწავლებელი კურსდამთავრებულებს დასაქმებაში?
– სტუდენტებს დიდ კომპანიებთან ინტერვიუებისთვისაც გვამზადებდნენ. Swiss Education Group ერთადერთია სასტუმროს დარგის შემსწავლელი უნივერსიტეტებიდან, რომელიც ყოველწლიურად მასშტაბურ დასაქმების ფორუმს ატარებს. International Recruitment Forum-ზე, მთელი მსოფლიოდან, 80-ზე მეტი უდიდესი კომპანიის წარმომადგენლები ჩამოდიან და თავიანთი სასტუმროებისათვის, სხვადასხვა პოზიციაზე, ახალგაზრდა, მოტივირებულ კადრებს არჩევენ. უნივერსიტეტი ამ გასაუბრებებისთვის გამზადებს, გეხმარება CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენაში და ა.შ. ამ ფორუმზე რომც არ გაგიმართლოს და არ აგირჩიონ, მაინც ძალიან დიდ სარგებელს იღებ, რადგან უამრავ საჭირო კონტაქტს იძენ და პირდაპირ კავშირს ამყარებ მსოფლიოს უზარმაზარი ბრენდების HR მენეჯერებთან.
– რა დაგეხმარათ უნივერსიტეტში მოხვედრაში? ექცევა თუ არა მათი მხრიდან ყურადღება არა მხოლოდ აქაური სკოლის ქულებს, არამედ სხვა აქტივობებსაც?
– რა თქმა უნდა. გარდა სკოლის ატესტატისა, ისინი დაინტერესდნენ მქონდა თუ არა რაიმე სახის მიღწევები სხვა სფეროებშიც, მაგალითად სპორტში.
– რა შეგძინათ სტუდენტობის წლებმა გარდა იმ ცოდნისა, რაც უნივერსიტეტში მიიღეთ?
ამ წლების განმავლობაში შევიძინე უამრავი ძალიან კარგი მეგობარი და დავაგროვე ძალიან ბევრი საჭირო კონტაქტი. შემიყვარდა შვეიცარია მთელი თავისი კულტურითა და ტრადიციებით. გარდა ამისა, ვისწავლე სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან ურთიერთობა და ბევრად უფრო კომუნიკაბელური გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც საკმაოდ კომუნიკაბელური ვიყავი. სასტუმროს ბიზნესი, პირველ რიგში, ადამიანთან ურთიერთობაა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, რადგან ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს.
– რა არის თქვენი გრძელვადიანი მიზანი, რას გინდათ რომ მიაღწიოთ წლების შემდეგ?
– მიზანი, რა თქმა უნდა, ბრენდულ სასტუმროებში მუშაობაც იყო და არის, თუმცა მხოლოდ გამოცდილების მიღების მიზნით. საქართველოში, სასტუმროს სფეროში, ბევრი არაკვალიფიციური ადამიანი მუშაობს და მენეჯერი ჰქვია. ეს არაკვალიფიციურობა გამოიხატება არაპროფესიონალიზმში, ადამიანებისადმი ცუდ ემოციურ დამოკიდებულებაში და ა.შ. ამ ყველაფრის სწავლაში მე ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯე. დიდი ძალისხმევა და ნერვები იხარჯება იმაში, რომ ადამიანს შენი ნაშრომი, გაკეთებული საქმე მოეწონოს და ელემენტარულად, მადლობა გითხრას.
საბოლოო ჯამში კი ჩემი გეგმაა გავხსნა სასტუმრო, რომელიც ჩემს სადისერტაციო ბიზნეს-პროექტად წარვადგინე. საუბარი თბილისთან ახლოს გამორჩეულ და განსხვავებულ საოჯახო სასტუმროზეა. ეს ჩემი არც ისე რთულად, თუმცა არც ისე იოლად განსახორციელებელი მიზანია.
სასტუმროს მენეჯმენტის შვეიცარიული სკოლა – ნამდვილ სტუმარმასპინძლობას აქ ასწავლიან!
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ
- სასტუმრო ინსტიტუტი მონტრე – ცნობილი შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის პრაქტიკა და თანამედროვე ამერიკული ბიზნეს-გამოცდილება! by სწავლა საზღვარგარეთ