GE

სპეცმასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება

კანონპროექტი, რომელმაც სპეციალური მასწავლებლის სტატუსი უნდა განსაზღვროს პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა. როგორც EDU.ARIS.GE-სთან განათლებისა და მეცნიერების მინისტის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა, კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია.

„ამასთან დაკავშირებით მუშაობა დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. დასრულებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და საგაზაფხულო სესიებზე წარვადგენთ ამ დოკუმენტს. კანონში ცვლილება შედის მასწავლებლის სტატუსთან დაკავშირებით.

„ასევე, რაც შეეხება „ინკლუზიური განათლების წესს“ – ამ დოკუმენტზე მუშაობაც დასრულებულია და დასამტკიცებლად ეს ცვლილებაც გაზაფხულის სესიაზე გავა პარლამენტში“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

დღეს სპეციალური მასწავლებლის ხელფასი 260 ლარია, მათი რაოდენობა კი ქვეყანაში 1500–მდე.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ–ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ისინი სკოლაში ადმინისტრაციულ, ან ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან. შესაბამისად, ვერ სარგებლობენ  ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში. სპეციალურ პედაგოგიკაში დამოუკიდებელი ექსპერტის ჟანა კვაჭაძის შეფასებით, დღეს „კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

სამინისტრო: სპეცმასწავლებლისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მომდევნო წლიდან მოხდება

„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური