GE

სტრატეგიები, რომელთა ცოდნაც მასწავლებლებს მშობელთან ურთიერთობის დროს დაეხმარებათ

მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ მშობელთა პოზიტიურ ჩართულობას შვილის სწავლა-განათლების საკითხებში (ან პირიქით, პასიურს) მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მოსწავლის, როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებაზე. სწორედ ამ იდეით, ისინი მუდმივად მოუწოდონ მშობლებს, გამონახონ უფრო მეტი დრო და საშუალება მათთან კომუნიკაციისთვის.

იმისთვის, რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის სწორი კომუნიკაცია შედგეს, მხოლოდ მოწოდება და სურვილი არ კმარა. პედაგოგებმაც კარგად იციან, რომ აუცილებლად უნდა ფლობდნენ იმ სტრატეგიებს, რომელსაც მშობლებთან კომუნიკაციის დროს გამოიყენებენ.

EDU.ARIS.GE შეეცადა, ახალგაზრდა სპეციალისტისგან გაერკვია, როგორ უნდა შედგეს მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამედროვე და ეფექტური კომუნიკაცია, რა გეგმით უნდა იხელმძღვანელოს პედაგოგმა და რა შედეგებს უნდა ელოდოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ მარიამ სარქისიანს მივმართეთ. მარიამი ბავშვთა პიროვნული და აკადემიური უნარების განვითარების სპეციალისტია. ის აქტიურად თანამშრომლობს როგორც მშობლებთან, ისე პედაგოგებთან და მათთვის სალექციო კურსს ატარებს.

– მარიამ, რამდენად მნიშვნელოვანია, პედაგოგმა და მშობელმა ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეძლონ და აქვე განმარტეთ, რას მოიაზრებთ „ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში“?

– პირველ რიგში, აუცილებელია, მშობელმაც და პედაგოგმაც იცოდნენ, რომ მათი კომუნიკაციის მიზანი მოსწავლის თუ შვილის დახმარებაა, მისი ფსიქო-სოციალური, პიროვნული თუ აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. სრულფასოვანი მხარდაჭერა კი, ამ პროცესში ეფექტური თანამშრომლობაა. როცა ვამბობთ, რომ მშობელსა და პედაგოგს შორის ეფექტური და ჯანსაღი კომუნიკაცია უნდა შედგეს, სწორედ ეს იგულისხმება, რომ კომუნიკაციის შემდეგ, ამ გამჭოლ მიზნებამდე შევძლოთ მისვლა. თუ ამ მიზნებამდე ვერ მივალთ, რაც არ უნდა გულთბილი შეხვედრა ჰქონდეს მშობელსა და მასწავლებელს, ის ვერ ჩაითვლება ეფექტურად.

– გვითხარით, რა არის ის თანამედროვე ურთიერთობის სტრატეგიები, რომლებსაც პედაგოგები უნდა იყენებდნენ?

– თანამედროვეა ურთიერთობის სტრატეგია, რომლის დროსაც მშობელი და პედაგოგი თანამშრომლები არიან და ერთმანეთის ურთიერთდახმარებით მიდიან მიზნისკენ, ხდება აღზრდა-განათლების ჰუმანური და მოსწავლის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება.

გაგიზიარებთ რამდენიმე სტრატეგიას:

სტრატეგია #1

„მთელი ყურადღებით გისმენთ“.

ეს სტრატეგია, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როცა მშობელი უფრო მეტ ინფორმაციას გაწვდით, ვიდრე თავად ფლობდით. ცდილობს, გაგარკვიოთ, მოგიყვეთ მეტი დეტალი და გაგიზიაროთ აზრი. უნდა გახსოვდეთ, რომ მოსმენა ეფექტური კომუნიკაციის ფუნდამენტია და თუ თქვენ აჩვენებთ მშობლებს, რომ აფასებთ მის გამოცდილებას, აზრებს, ხედვებს, მოსაზრებებს, სერიოზულად იღებთ მათ შეშფოთებას, ეს მათ თვალში მხოლოდ იმის ამსახველი იქნება, რომ თქვენ ნამდვილად გრძნობთ პასუხისმგებლობას, ხართ მიმღები და ყურადღებიანი;

სტრატეგია #2

„ყველაფერი კონფიდენციალურია, შეგიძლიათ მენდოთ“.

ეს სტრატეგია ორმხრივ ნდობას ეფუძნება. პედაგოგმა არ უნდა დასვათ ზედმეტი კითხვა მაშინ, როცა წინდაწინ იცით, რომ ეს კითხვა უხერხულობას გამოიწვევს. მაგალითად, თუ მოსწავლეს ოჯახში გარკვეული სირთულეები აქვს. ხშირია მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებული შემთხვევებიც… მასწავლებელმა უნდა იმოქმედოს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, არ დასვას ისეთი კითხვები მშობელთან, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მისი გაღიზიანება და ნდობის ატმოსფერო საპირისპიროდ შეცვალოს;

სტრატეგია #3

„დათმობაც შემიძლია და პოზიციის დაცვაც“.

ხშირია შემთხვევები, როცა მშობელი თქვენთან მოდის გარკვეული პრეტენზიებით და შესაძლოა, მართლაც დაუმსახურებელი საყვედურებით. ასეთ დროს პედაგოგმა განსაკუთრებული ზომიერება და სიმშვიდე უნდა გამოიჩინოს. აჩვენოს, რომ შეუძლია დათმობაც, მაგრამ პოზიციის დაცვაც. ეს კი მაქსიმალურად ზომიერად გააკეთოს;

სტრატეგია #4

„ვცდილობ, ვიყო ნეიტრალური და სამართლიანი“.

ამ სტრატეგიის გამოყენება განსაკუთრებით ხშირად უწევთ დამრიგებლებს მაშინ, როდესაც მშობელს შენიშვნა აქვს სხვა მასწავლებელთან, მოსწავლესთან, და პირველ რიგში, სწორედ დამრიგებელს ატყობინებს ამის შესახებ. ასეთ დროს მასწავლებელი ნეიტრალური უნდა იყოს და არ დაიცვას ვინმეს პოზიცია ცალსახად. ამით აჩვენოს, რომ ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შეუძლია, კარგი დიპლომატი იყოს;

სტრატეგია #5

„თქვენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია“.

მშობლებს ხშირად აქვთ დამოკიდებულება, რომ მასწავლებელთან კომუნიკაცია უბრალოდ ფორმალობის ნაწილია. როცა მშობელი აჟღერებს საკუთარ შენიშვნებს და შედეგებსაც ხედავს, მისი დამოკიდებულებაც იცვლება. მშობელს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც უნდა  აჩვენოთ, რომ მისი აზრი თქვენთვის ყურადსაღებია.

– მარიამ, თუ მშობელი საკმაოდ პრეტენზიულია და ხასიათიც შესაბამისი აქვს, რას ურჩევთ პედაგოგებს, რა სტრატეგიით იხელმძღვანელონ?

– პედაგოგმა თავდაპირველად უნდა გაიგოს და მოისმინოს, რა არის მისი პრეტენზიის მთავარი საბაბი და რა არის კონკრეტულად ამ მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან ურთიერთქმედების დროს. სასურველია, ამაზე საუბარი პრობლემის გაჩენისთანავე დაიწყოთ და დეტალები განიხილოთ. მშობელმა უნდა იგრძნოს, რომ ვეხმარებით. ეს არ უნდა ჰგავდეს დატუქსვას.

როდესაც პედაგოგსა და მშობელს შორის საუბარი თავიდანვე შედგება, შემდგომ პრობლემა არ ჩნდება. თუმცა, პრეტენზიას ყოველთვის აქვს მიზეზი და თავდაპირველად მისი დეტალები მშვიდ ვითარებაში და საფუძვლიანად უნდა გავიგოთ, ხოლო შემდგომ ერთობლივად, კოლაბორაციით ვიზრუნოთ პრობლემის მოგვარებაზე. უნდა გამოვიყენოთ დათმობის და ურთიერთშეთანხმების სტრატეგიაც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკითხი ერთბაშად შეიძლება, არ გადაიჭრას და ჩვენგან ნებისყოფას მოითხოვდეს.

– რა, არის ის პრაქტიკული რჩევები, რომელსაც პედაგოგებს მისცემდით?

იყავით წინასწარ მომზადებული. როდესაც მშობელთან კომუნიკაციისთვის ემზადებით, აუცილებლად უნდა გქონდეთ გეგმა. შეგიძლიათ, აწარმოოთ ჩანაწერიც, არ დაგავიწყდეთ მისი სახელი, თუ დაგავიწყდათ ან არ იცით, აუცილებლად ესაუბრეთ თქვენობით და აკადემიურად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელი თქვენი მეგობარია, არ დაგავიწყდეთ, დაიცვათ პროფესიული ქცევისა და ეთიკის წესები;

იყავით გულწრფელი და გულახდილი. შეეცადეთ, მარტივი და გასაგები ენით აუხსნათ სათქმელი. მიაწოდეთ ყველანაირი ინფორმაცია, რაც მის შვილს ეხება, რომ მაქსიმალური ნდობა შეინარჩუნოთ;

ყოველთვის შეინარჩუნეთ ზრდილობა. არ დაგვავიწყდეთ, რომ პედაგოგები ხართ და აკადემიური საქმიანობის სფეროს წარმოადგენთ;

გქონდეთ უწყვეტი კომუნიკაციია. ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში მშობელთან და ხშირად ვკითხოთ, რამე ხომ არ აქვს სათქმელი ჩვენთან, ან აინტერესებს;

ხშირად აღნიშნეთ თუ როგორი მნიშვნელოვანია მშობლის დახმარება. პრობლემების გზებზე საუბრისას პრობლემის არსებობისას ავხსნათ მისი არსი სწორად.

ასევე იხილეთ:

მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები მასწავლებლებისთვის

სკოლა და მშობელი – რას ნიშნავს მშობლის ჩართულობა და როგორ უნდა გაძლიერდეს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში?!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური