GE

სტუდენტი: საგრანტოს გამოცდისთვის შეუსაბამოდ მცირე დროა გამოყოფილი

“საგრანტო გამოცდებში ცუდი ყველასთვის ისაა, რომ თითოეულ არასწორად შემოხაზულ პასუხზე 0.2 ქულა გაკლდება, მაგრამ რაღაც დოზით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს, რადგან უფრო ჩანს, ვინ რა იცის. გარტყმაზეც ვერ დაწერ და რომ იცი, არასწორ პასუხზე ქულა გაკლდება, ბევრად უფრო კონცენტრირებული ხარ”, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნიკოლოზ მარშანიშვილი, რომელმაც დღეს, 12 ივლისს, 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და იმედოვნებს, რომ მინიმუმ 50%-იან დაფინანსებას მოიპოვებს.

მისი თქმით, გასულ წელს ძალიან ცოტა დააკლდა კარგი შედეგისთვის და ამაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებს.

“ხელი მქონდა ჩაქნეული ბეჯითად მეცადინეობაზე. ახლა, როდესაც ვუყურებ, რომ უფრო მეტი შემიძლია და იმის შანსი მაქვს, უფასოდ ვისწავლო უნივერსიტეტში, თავისთავად, მინდა გრანტის მოპოვება. მინდა აღვნიშნო, რომ გამოცდაში მოცემული 42 ტესტისთვის ძალიან შეუსაბამო და მცირე დროა გამოყოფილი. 2 საათი და 35 წუთი, არ მგონია, ყველა სტუდენტისთვის საკმარისი იყოს ტექსტის სრულად გასააზრებლად და შემდგომ მაღალი სირთულის მქონე დავალებებზე პასუხების გასაცემად.

გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზმა გვითხრა, რომ ტესტს თავი გაართვა და უკმაყოფილო არ არის.

“ტექსტის გააზრება ძალიან მარტივი იყო, 21-ივე კითხვა კარგად გავიარე. ლოგიკური ნაწილი საკმაოდ რთული იყო, სამი კითხვა პასუხგაუცემელი დავტოვე და მათემატიკური ნაწილი, პირადად ჩემთვის, უმარტივესი იყო. დროს რაც შეეხება – ჩავეტიე, მაგრამ მაინც დიდი წნეხია და მცირე დროის ქონა ნერვიულობას ამძაფრებს. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ.

“ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო გვაძლევს ჩვენი შედეგების გაუმჯობესებისა და სასწავლო გრანტის მოპოვების, თუ გაზრდის შანსს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს საგრანტო გამოცდაზე გასვლა ყოველ წელს შეუძლიათ”, – ამბობს სტუდენტი EDU.ARIS.GE-სთან.

2023 წლის ზაფხულის გამოცდების ფარგლებში, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა მხოლოდ დღეს და ერთ სესიად წარიმართა, გამოცხადდა სტუდენტთა დაახლოებით 75%.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური