სუსტია უმაღლესების აკადემიური პროგრამები – ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდები შრომის ბაზარზე დამკვიდრებას ვერ ახერხებენ
„საქართველოში მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი განათლების საფეხურს ასრულებს მინიმალური საბაზო კომპეტენციებით, რაც მათ ხელს უშლით 21-ე საუკუნის პროფესიებისა და ადგილობრივი თუ გლობალური შრომის ბაზრისთვის მომზადებაში,“ – წერია 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დაამტკიცა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს სკოლის მოსწავლეები, სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით, უფრო დაბალ ქულებს იღებენ და დაბალი მაჩვენებლები აქვთ. მაგალითად, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის, საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს.
სტრატეგიაში ასევე წერია, რომ 15-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ყოველი მეოთხე არ სწავლობს, არ არის დასაქმებული და არც გადამზადებას გადის. როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებს კი ხვდებათ სირთულეები შრომის ბაზარზე გადასვლის პროცესში. კურსდამთავრებულთა შორის მაღალია როგორც უმუშევრობის (5%), ისე კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმების მაჩვენებელი (25%). ამის მიზეზად კი დოკუმენტში ის არის დასახელებული, რომ ბავშვები და ახალგაზრდები არასაკმარისად არიან ინფორმირებული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ.
„ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ, შემდეგი ტენდენციები გამოავლინა: გამოკითხული 18-25 წლის ახალგაზრდების ნახევარი – 50%, ხოლო 26-29 წლის ახალგაზრდების 31% არ არის დასაქმებული და ეძებს სამსახურს. როგორც პროფესიული სტუდენტები ფიქრობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი უნარ-ჩვევებისა (26%) და დასაქმების სერვისების არ არსებობაა (25%); კურსდამთავრებულები ფიქრობენ, რომ მათი უმუშევრობის მიზეზი დასაქმების სერვისებისა (37%) და ნაცნობების/ნათესავების არარსებობაა (23%), ხოლო დაახლოებით 1/3-ს არ სურს დასაქმება (32%) ან არ აქვს კონკრეტული მიზეზი (21%). პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამები სრულფასოვნად ვერ ითვალისწინებს შრომის ბაზარზე სხვადასხვა პროფესიების მიმართ მოთხოვნის ზრდას, განსაკუთრებით კი თანამედროვე პროფესიების მიმართულებით. პროფესიული განათლების არსებულ პროგრამებში ნაწილობრივ ინტეგრირებულია ძირითადი კომპეტენციების სწავლება, თუმცა, უნარები როგორიცაა პრობლემების გადაჭრა, კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება სრულად არ არის ასახული პროფესიული განათლების პროგრამასა და კურსის სწავლის შედეგებში. სუსტია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პროგრამების პრაქტიკული კომპონენტი, რაც სტუდენტებს შესაძლებლობის გარეშე ტოვებს დააკავშირონ პრაქტიკული გამოცდილება აკადემიურ ცოდნასა და ინტერესებთან“, – წერია დოკუმენტში.
განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხსა და შესაბამისობასთან დაკავშირებული გამოწვევების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორად კი განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნულ სტრატეგიაში კომპეტენტური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი მისაწვდომობაა დასახელებული.
ასევე იხილეთ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 (დოკუმენტი)
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება