ტაბუდადებული სქესობრივი განათლება და ტაბუს შეწირული თაობები
ბავშვთა უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების ექსპერტები სკოლებში სქესობრივი განათლების ეფექტიანი სწავლების დანერგვას ითხოვენ. ამ დროისთვის მოქმედი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნულ სასწავლო გეგმის (2018-2024) მიხედვით, მოსწავლეთა სქესობრივი განათლების საკითხები 6 საგანის სტანდარტში ფრაგმენტულად არის გადანაწილებული. სწავლებას არ აქვს სავალდებულო და მდგრადი ხასიათი, არ არსებობს სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასების ქმედითი მექანიზმები, არ ჩატარებულა მიზნობრივი კვლევა, თუ რამდენად საფუძვლიანად აწვდიან, ან საერთოდ აწვდიან თუ არა პედაგოგები მოსწავლეებს სტანდარტით დადგენილ ინფორმაციას. მოზარდებში სქესობრივი განათლების დეფიციტი პირდაპირპროპორციულად აისახება სტატისტიკურ მონაცემებზე, სადაც ნაადრევი ქორწინების, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და მოზარდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პირველადი გამოვლენის მზარდი რიცხვებია ასახული.
ვითარება სკოლებში
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში სქესობრივი განათლების საკითხები 6 საგანის სტანდარტით არის გათვალისწინებული: „ფიზიკური აქტივობა და სპორტი“, „ბუნებისმეტყველება“, „მოქალაქეობა“, „მე და საზოგადოება“, „ჩემი საქართველო“ და „ბიოლოგია“. თუმცა, სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ პასუხობს იმ რეალურ გამოწვევებს, რასთან გამკლავებაც მოზარდებს უწევთ.
ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, რომელმაც საჯაროდ სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ სქესობრივი განათლება სკოლებში მასწავლებლების დამოკიდებულებისა და კეთილი ნების იმედად არის დარჩენილი, რადგან პედაგოგებს, არც ერთი საგნის ფარგლებში, ოფიციალურად არ ევალებათ აღნიშნული საკითხების სწავლება.
„ჩვენ გვყავს „ბიოლოგიის“, „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებლები, რომლებიც რაღაც თემის ფარგლებში, ძალიან კულტურულად ესაუბრებიან მოსწავლეებს სქესობრივ განათლებაზე. თუმცა ვიმეორებ, ეს დამოკიდებულების ამბავია და არა – ვალდებულება. მოგეხსენებათ, თუ რა აჟიოტაჟი მოჰყვა საგნის „მე და საზოგადოება“ შემოტანას საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან, გვახსოვს რელიგიური წრეების პროტესტი… შედეგად „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოები გვაქვს ძალიან კარგი, მაგრამ სქესობრივი განათლების პარაგრაფის გარეშე. მიმაჩნია, რომ სქესობრივი განათლება მესამე კლასიდან უნდა იწყებოდეს, რადგან, სწორედ, რომ მესამე კლასელი ბავშვი უნდა არჩევდეს სითბოსა და ყურადღების გამოხატვის მიზნით გამოწვდილ კანფეტს პედოფილიისგან“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
საკითხები, რომელსაც სქესობრივი განათლება ითვალისწინებს – ინტიმური ჰიგიენა, სქესთა შორის ურთიერთობები, სექსუალური ძალადობის ამოცნობა და სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვა, სქესობრივი განვითარება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სქესთა შორის ურთიერთობები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა, აბორტი, ნაადრევი ქორწინება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. – ან საერთოდ არ აისახა სასწავლო პროგრამაში, ან სახელმძღვანელოების ფურცლებზე უფუნქციოდ დარჩა. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პედაგოგები, ძირითადად თავს არიდებენ მოსწავლეებთან აღნიშნულ თემებზე საუბარს. მიზეზი სპეციალისტების შეფასებით ერთია – მასწავლებლებმა არ იციან რა ფორმით მიაწოდონ მოზარდებს სქესობრივი განათლების საკითხები, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მათ გადამზადებაზე არ უზრუნია.
საკითხის შეფასებისას ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ სქესობრივი განათლება მოზარდისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა მისი თქმით, აქ გარკვეული პოლიტიკის პრობლემა დგას.
„ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველას კარგად მოეხსენება, ისეთი ძლიერი ინსტიტუცია, როგორიც მართლმადიდებლური ეკლესიაა ყოველგვარი საფუძვლიანი არგუმენტების გარეშე ებრძვის სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვას. მათი პოზიციაა, რომ ეს რყვნის ბავშვებს და მათში არაჯანსაღი ინტერესების გაღვივებას უწყობს ხელს. თუმცა, სქესობრივი განათლების ამოცანა სწორედ ის არის, რომ ავარიდოთ ბავშვებს თავიდან ის პრობლემები, რაც ამ მიმართულებით ინფორმაციის ნაკლებობას მოსდევს, ვგულისხმობ ნაადრევ სქესობრივ კავშირებს, არასასურველ ორსულობას, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს…
„ბუნებრივია, ბავშვებს უჩნდებათ კითხვები საკუთარი იდენტობის, ადამიანის დაბადების თაობაზე, გარკვეულ ასაკში ამჩნევენ, რომ არის სქესთა შორის გარკვეული კავშირები. სწორედ, ამიტომ ინფორმაციის მიწოდება ასაკის შესაბამისად, არამატრამვირებლად და იმის კვალდაკვალ უნდა მოხდეს, თუ როგორია ბავშვის სექსუალური განვითარების დინამიკა. სამინისტრო ამბობს, რომ სქესობრივი განათლება მნიშვნელოვანია მოზარდის ცხოვრებაში, მაგრამ მუდმივად ვხედავთ ე.წ. კოჭის გაგორების პოლიტიკას“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან მაია ცირამუა.
განათლების ფსიქოლოგი ნატა ასათიანი კი პრობლემას იმ მასწავლებელთა მენტალიტეტსაც უკავშირებს, რომელთაც მოსწავლეებთან აქვთ შეხება.
„პედაგოგები, რომლებსაც ევალებათ სქესობრივი განათლების სწავლება, თავად არიან საბჭოთა პერიოდში მენტალიტეტჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ „საბჭოთა კავშირში სექსი არ არის“ და ახლა ჩვენ მათ ვთხოვთ, რომ ასწავლონ კვალიფიციურად სქესობრივი განათლების საკითხები. ცხადია, თუ არ ვასწავლეთ მათ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ ასწავლიან მოსწავლეებს.
ვფიქრობ, მაშინ როცა სკოლა მოსწავლეებს სქესობრივი განათლების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აძლევს, მშობლებს კი ერიდებათ შვილებთან სექსზე და სქესობრივ განვითარებაზე საუბარი, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა იკისროს, რათა ჩვენი შვილები არ დავტობოთ ბედის ანაბარა და ის ტაბუები თუ მანკიერი პრაქტიკა, რაც ხშირად გვხვდება სქესობრივ ცხოვრებასთან მიმართებაში, კიდევ უფრო არ გაღრმავდეს. არასამთავრობო სექტორის როლი დიდია, მაგრამ გარდამტეხი ვერ იქნება“, – აცხადებს განათლების ფსიქოლოგი ნატა ასათიანი.
მაშინ, როდესაც სკოლებში მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული ცოდნის გავრცელება ვერ ან არ ხერხდება და სახელმწიფო პასუხისმგებლობის აღების პროცესშია, მოზარდები ინფორმაციის მოპოვებას ძალიან პოპულარული მეთოდით – „დაგუგვლით“ – ცდილობენ. შედეგად, მიღებული ინფორმაცია უმეტესწილად ასაკისთვის შეუსაბამო, არასანდო, ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
„სქესობრივ განათლებაზე დადებული ტაბუ საბჭოთა მენტალობისა და იმ ნარატივის შედეგია, რომ „ჩვენი ქვეყანა შორს უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსგან“, „ერთადერთი პარტნიორი უნდა იყოს ჩვენი მეზობელი ერთმორწმუნე ქვეყანა“, „გარყვნილი ევროპა“, „იდენტობას გვართმევენ“ და ა.შ. ამ ვითარებაში ბავშვებს ერთადერთი გზა რჩებათ – ინტერნეტი, სადაც საკმაოდ ბევრი ვებ-გვერდია, საიდანაც ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სანდო ინფორმაციას იღებენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმ პერვერტულ გამოვლინებებს, რასაც შემდეგ ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაში ვხვდებით“, – გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
საინტერესო ფაქტია, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების ეფექტიანი სწავლების დანერგვის მოწინააღმდეგეები პრობლემას თითქოს ვერ ხედავენ, როდესაც მოზარდთა ნაწილის უმეტესობას ინტერნეტზე უკონტროლო წვდომა აქვს და ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციას ქაოსურ რეჟიმში ღებულობს, თუმცა, ამავე დროს, ეწინააღმდეგებიან იმას, რომ მოსწავლეებმა მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები, ფორმალური განათლების ფარგლებში, კვალიფიცური სპეციალისტებისგან მიიღონ.
სავალალო სტატისტიკა
სქესობრივი განათლების დეფიციტი, რომ მოზარდებს სექსუალური დანაშაულებების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშში – „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების კვლევა და მონიტორინგი“ – ასახულია 2014 -2020 წლების სტატისტიკა, რისი მიხედვითაც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე 1092 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად, აქედან 350 არასრულწლოვანი დარჩა საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახში, ხოლო 236 არასრულწლოვანი – ახლადშექმნილ ოჯახში (ადრეული ქორწინების შემთხვევისას). სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მართლმსაჯულების ბავშვთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით წარმართვის მიზნით, სახალხო დამცველის გაცემული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების, სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მიემართება.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: შემუშავდეს ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე ტრენინგმოდული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის და კონკრეტულად გაწერილი გეგმის საფუძველზე, ეტაპობრივად გადამზადდნენ ამ მოდულით.
„შემუშავდეს ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ღონისძიებების მოდული, რომელიც კონკრეტულად გაწერილი გეგმის საფუძველზე ეტაპორბივად ჩატარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აღნიშნულია კვლევაში.
„სქესობრივი განათლების ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ადრეული ბავშვობიდანვე მივაწოდოთ მოსწავლეებს ინფორმაცია, თუ რა ტიპის შეხება არის სახიფათო, რა სახის ქმედებაა მათ პირად სივრცეში შეჭრის მიმანიშნებელი, რას უნდა აარიდონ თავი. როდესაც ვსაუბრობთ სექსუალური ძალადობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა, თუ ნაადრევი ორსულობის პრობლემებზე, მოზარდებისთვის სწორი ფორმით ინფორმაციის მიწოდება პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია“, – აღნიშნავს მაია ცირამუა.
სავალალოდ გამოიყურება 15-დან 19 წლამდე მოზარდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზის რაოდენობაც.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული კვლევის – „ბავშვები და მოზარდები საქართველოში 2020“ – მიხედვით, 2015-2019 წლებში პირველადი ავადობის 3284 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ჯორბენაძე გვეუბნება, მოზარდების ინფორმირება-განათლება ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან მწირია.
„მოზარდები ჩვენი ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ და მათი რეპროდუქციული ფუნქციის და სქესობრივი ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდებმა უფრო ადრეულ ასაკში დაიწყეს სქესობრივი ურთიერთობები, რაც თავისთავად ზრდის რისკებს არასასურველი ორსულობების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ/შიდსის, ისეთი ონკოლოგიური პათოლოგიის, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო და სხვა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მათი ინფორმირება-განათლება ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან მწირია. სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების დანერგვა თავიდან აგვაცილებს უამრავ პრობლემას, რაც ამ ასაკის მოზარდებისთვის მეტად აქტუალურია“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ჯორბენაძემ.
აცრების ეროვნული კალენდარის მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა აუცილებელია 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა აცრის მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ დაბალია. პრობლემა კომპლექსურია და ექსპერტები, მოსახლეობის სანიტარიული განათლებისა და პროფილაქტიკური მედიცინის კონტექსტში, ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.
„საქართველოში ჯანდაცვისა და ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ამ პროცესისგან გაუცხოებულია. პროფილაქტიკური და საგანმანათლებლო ღონისძიებებს გამართვის ნაცვლად, ძალიან ხშირად, ჯანდაცვის სისტემა ექიმთან ვიზიტზე მისული პაციენტების ფსიქიკას სერიოზულად აზიანებს“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
რას აპირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2019 წელს, „განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021“-ის შუალედური შეფასება გამოქვეყნა, სადაც რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ „უნდა დაიწყოს სქესობრივი განათლების/რეპროდუქციული განათლების მიწოდება სკოლებში, ასაკის შესაბამისად.“ მიმდინარე წელს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა „რადიო თავისუფლებასთან“ აღნიშნავდა, რომ ზოგადი განათლების სისტემაში ორი ახალი საგნის – „ჯანმრთელობა“ და „ექიმის საათი“ – დანერგვა იგეგმება. საგნები არჩევითი იქნება.
სტანდარტების შემუშავების პროცესში „გაეროს მოსახლეობის ფონდი“ და არასამთავრობო ორგანიზცია „თანადგომა“ მონაწილეობენ. სამინისტროს ინფორმაციით, ახალ საგნების ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სქესობრივი განათლების საკითხები უფრო სიღრმისეულად და ამომწურავად შეისწავლონ. თუმცა, ჩნდება კითხვები? – რამდენად აირჩევენ მოსწავლეები აღნიშნულ საგნებს? ვინ განუმარტავს მოზარდებს, რომ სქესობრივი განათლება მათი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია? არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია სკოლებში სქესობრივი განათლების სავალდებულო საგნად დანერგვას ითხოვს.
„სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პრაქტიკულად უკვე შემუშავებულია ძალიან საინტერესო მოდულები და მისი პილოტირება იწყება, მაგრამ ამ ეტაპზე არ ითვალისწინებენ, რომ მნიშვნელოვანია საგნები იყოს სავალდებულო. ბავშვის დაცვა ძალადობისგან ვერ იქნება არჩევანი. საქართველოს, როგორც „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება და მიღებული აქვს პირდაპირი რეკომენდაცია, რომ ფორმალური განათლების სისტემის ფარგლებში ყველა ბავშვს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი განათლების შესახებ სწორად, ასაკის შესაბამისად მიაწოდოს ინფორმაცია. კონვენცია სავალდებულო კანონის ძალის მქონე დოკუმენტია და ჩვენი სარჩელიც ამას ეყრდნობა,“ – განგვიცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ანა აბაშიძემ.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ სქესობრივი განათლების სავალდებულო სწავლების შესახებ ცვლილების შეტანას ჯერ კიდევ 2018 წელს ითხოვდა. ანა აბაშიძე ამბობს, რომ რელიგიური ლიდერებისა და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსების მეშვეობით, კოდექსიდან საერთოდ გაქრა მსგავსი შინაარსის ჩანაწერი.
სად არის გამოსავალი მაშინ, როდესაც „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ სახელმწიფოს ზოგადი განათლების სისტემაში სქესობრივი განათლების ეფექტიანი დანერგვის ვალდებულება აღებული აქვს, თუმცა ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის – მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ რადიკალურ ნაბიჯებს ვერ დგამს? არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები სიტუაციის სიმწვავეზე საუბრობენ, მოზარდები კითხვებზე პასუხებს ინტერნეტში ეძებენ, სახეზეა არასრულწლოვანთა ავადობისა და არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის სავალალო სტატისტიკა.
„ჩვენი კულტურა იმგვარია, რომ სექსუალობაზე ლაპარაკი ძალიან გვიჭირს. ამის ფონზე გამოდიან რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ან პატარა ჯგუფები, რომლებიც გვეუბნებიან – სქესობრივი განათლება აუცილებელია და შენ თუ არ გესმის, „ბნელი“ ხარ. ამ დროს მშობელსაც არავინ უხსნის თუ რა იგულისხმება სქესობრივი განათლების ქვეშ – ამ ორი სიტყვის ერთად წარმოთქმა ძალიან აშინებს საზოგაოდებას – ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ სქესობრივი განათლება, პირველ რიგში, ისევ და ისევ ჩვენს შვილებს დაიცავს ბევრი პრობლემისგან“, – განმარტავს განათლების ფსიქოლოგი ნატა ასათიანი.
სქესობრივი განათლების თემაზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობაზე EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს სასულიერო პირების ნაწილიც. მათი ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სიტყვა -„სქესობრივი“ გაიგვებულია სიტყვებთან – „სექსი“, „სექსობრივი“, არ იციან სქესობრივი განათლების შინაარსი და მიზნობრიობა.
„საქართველოში სქესობრივი განათლების დანერგვაზე რომ საუბარი დაიწყო, ინფორმაცია არ გვქონდა, სასულიერო პირებისთვის ახლაც ბევრი საკითხი გაურკვეველია. ვფიქრობ, აუცილებელია კომუნიკაცია, ინფორმირება. ამ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე სასულიერო პირების რიცხვი არ დაიკლებს, მათი მხარდამჭერების რიცხვი მაინც შემცირდება. მიმაჩნია, რომ ცოდნა, რომელიც კაცობრიობამ დააგროვა, მნიშვნელოვანია და მომხრე ვარ, სქესობრივი განათლება კვალიფიციური პედაგოგების მიერ, შესაბამისი სტანდარტით, სკოლებში ისწავლებოდეს,“ – აღნიშნა სასულიერო პირმა, რომელმაც, ასევე, არ ისურვა სახელისა და გვარის სტატიაში დასახელება.
მანამდე კი, სანამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკლესია, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები სკოლებში სქესობრივი განათლების მდგრადი ფორმით დანერგვის გზების ძიებისა და ერთმანეთთან მორიგების პროცესში არიან, ნაადრევი ქორწინების, მოზარდებზე სექსუალური ძალადობისა და მოზარდებში სექსობრივი გზით გადამდები დაავდებათა სტატისტიკა მდგრადად არასახარბიელოა.
ასევე იხილეთ:
რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?
მოამზადა ნატო ობოლაძემ
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება