GE

4 მაისი, 2022

„თამარის“ პრემიას ათჯერადი დატვირთვა აქვს თავისი ღირებულებით“ – CIU-ს სამეცნიერო პრემიის ახალი მფლობელები დასახელდნენ

3 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2017 წელს დააფუძნა სამეცნიერო პრემია „თამარი“, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭებათ.

სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის – თამარის პატივსაცემად ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია უკვე წლებია, რაც სტიმულის მიმცემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. აღნიშნული პრემია ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.

სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით გაიცა:

I პრემიის მფლობელი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მოწვეული პროფესორი დავით მაღრაძე გახდა. II პრემია პროფესორ სოფიო კასრაძეს ერგო, რომელიც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, CIU ასოცირებული პროფესორია.
III პრემია კი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ვახტანგ მაისაიას გადაეცა.

პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის გადაეცა სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს თამთა წირქვაძეს, ხოლო, სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო მინდია უგრეხელიძემ და ბექა ქანთარიამ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ: I პრემია – 3000 ლარი; II პრემია – 2000 ლარი;
III პრემია – 1500 ლარი; IV პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის – 1000 ლარი. სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ორივე კონკურსანტს 3000-3000 ლარი გადაეცა. გამარჯვებულებმა ასევე მიიღეს კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი მედლები.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი, სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე.

I პრემიის მფლობელი, დავით მაღრაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ამ ჯილდოს მიღება და ახლა უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. მისთვის ეს აღიარება იმის მანიშნებელია, რომ მეღვინეობა-მევენახეობის საქმიანობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

„აგრონომიული მეცნიერებები საჭიროებს ინსტრუმენტულ უზრუნველყოფას და ამ ყველაფრის შექმნაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დიდი ძალისხმევა ჩადო. ვთვლი, რომ ეს ჯილდო არამარტო ჩემი, არამედ მთელი იმ ჯგუფის სამუშაოს გამოყოფაა, რომელიც ამ უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზეა შეკრებილი და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგების სპეციალურ კვლევაში. „თამარის“ პრემიას ათჯერადი დატვირთვა აქვს თავისი ღირებულებით, მნიშვნელობით და საუკუნეების გადმოსახედიდან. მოულოდნელი, სასიამოვნო და დასაფასებელია, რომ უნივერსიტეტმა ასეთი ყურადღება მომაქცია“, – ამბობს I პრემიის მფლობელი მეცნიერი.

გამარჯვებულები შეირჩა იმ სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ წლების განმავლობაში – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სესილი გოგიბერიძემ უთხრა. გოგიბერიძე ამ ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, იდეისა და სახელის ავტორი გახლავთ.

„კრიტერიუმები გაწერილია და უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო, მაღალხარისხიან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს, ასევე – ხარისხიან საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას და ამის მიხედვით ხდება ორი წლის განმავლობაში მეცნიერთა აქტივობის შეჯამება, რის შედეგადაც ითვლება ქულები.

„რაც შეეხება პირველი პრემიის მფლობელს, მეღვინეობა-მევენახეობის ძალიან კარგი ფაკულტეტი გვაქვს. უნივერსიტეტს თავისი მეურნეობაც აქვს ოკამში, სადაც ძალიან საინტერესო კვლევები ტარდება. ასევე, ძალიან პრესტიჟულ ჟურნალებში ქვეყნდება ბატონი დავითის სტატიები უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. ამ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი სტატიის გამოქვეყნება. ასე რომ, ბატონი დავითი ერთ-ერთი წარმატებული ავტორია ამ მხრივ“, – ამბობს სესილი გოგიბერიძე, რომლის აზრით აღნიშნული პრემია პრესტიჟულ პრემიად გადაიქცა და ფიქრობს, რომ ეს ღონისძიება ერთი უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია კი გვიყვება, რომ გამარჯვებულთა ვინაობის შესახებ ბოლო წუთამდე არ იცოდა. „თამარის“ პრემიის დაარსების ამბავს კი ასე იხსენებს:

„როცა დავიწყეთ ფიქრი, როგორ წაგვეხალისებინა მეცნიერება, ამისთვის ღონისძიებების მთელი რიგი კომპლექსი შევქმენით. ეს არის შიდა გრანტები, ახალგაზრდების ჩართულობა, მივლინებების დაფინანსება, ნებისმიერ ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებლად ფულის გადახდა… ამ ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ პრემია „თამარი“, რომ გამოგვერჩია ჩვენს აფილირებულ მეცნიერთა შორის ყველაზე წარმატებულები და მგონი, გაამართლა ამ პროექტმა.

„სულ 58 მეცნიერი იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას და ყველას ვთხოვეთ, არ დაკლებოდნენ ღონისძიებას. ამ კომპლექსურმა ღონისძიებებმა ძალიან აწია ცნობადობა საერთაშორისო თვალსაზრისით. ადრე თუ სტატიებს ჩვენი მეცნიერები ძირითადად საქართველოში ბეჭდავდნენ, ახლა საერთაშორისო ჟურნალებში იბეჭდებიან და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მეცნიერება მუშაობს ჩვენს უნივერსიტეტში“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.

გამარჯვებულებს ჯილდოს მიღება მიულოცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ.

სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ასევე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური