GE

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სარეკლამო კამპანიისთვის 68 402 ლარი დაიხარჯება

UNESCO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2021 წლის 23 აპრილიდან 2022 წლის 23 აპრილამდე, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისი იქნება. დედაქალაქის მერიამ პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური ააიპი შექმნა და ღონისძიების რეკლამირებისთვის 68 402 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში უკვე წარდგენილია.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას და ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

თბილისის მერიის სახელით წარდგენილი პროექტის თანახმად და ა(ა)იპ „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიზნების შესაბამისად, წლის ბოლომდე 35-ზე მეტი ღონისძიება განხორციელდება. პროექტი  2021 წლის 23 აპრილს, საზეიმოდ გაიხსნება და თბილისი კუალა ლუმპურისგან წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად გადაიბარებს,

ა(ა)იპ „ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას გეგმავს და 68402 ლარის დახარჯვას სწორედ ამისთვის აპირებს. ავტობუსების გაჩერებებზე, მეტროში და ქალაქში განთავსებულ ბილბორდებზე რეკლამების განთავსებას შპს „ალმა“ უზრუნველყოფს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით სარეკლამო/საინფორმაციო მასალის განთავსების მთავარი მიზანი “თბილისი UNESCO წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021” პროექტის ცნობადობისა და ინტერესის გაზრდაა. მათივე განცხადებით, სარეკლამო/საინფორმაციო მასალების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები და უცხოელი სტუმრები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური