TIMSS – ქართველი მოსწავლეების შემაშფოთებელი შედეგები
სკოლის გამოსაშვები გამოცდების შემოღებამ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების საკმაოდ დაბალი დონე გამოავლინა. ამ მხრივ, განსაკუთრებით ცუდი მაჩვენებლები საბუნებისმეტყველო საგნებში აქვთ. EDU.ARIS.GE -თან განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ 2012 წელს საატესტატო გამოცდების შედეგები გაუმჯობესდა. თუმცა, გამოცდების ეროვნულ ცენტრში საპირისპიროზე საუბრობენ და მეტი დამაჯერებლობისთვის საერთაშორისო კვლევის შედეგები მოაქვთ.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველ ბავშვებს TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო) საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა) სტანდარტული სკალის ცენტრალურ მნიშვნელობაზე დაბალი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
შეგახსენებთ, რომ 2007 და 2011 წლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში (TIMSS). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შედარებითი კვლევა მთელ მსოფლიოში, რომლის მიზანია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხელშეწყობა. კვლევაში ფასდება მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიღწევები; კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმ ფაქტორების შესწავლას, რომლებიც გავლენას ახდენენ მათემატიკასა და საბუნებისმტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებზე.
‘’ქართველი ბავშვების მიღწევები სტატისტიკურად არსებითად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს. მათემატიკაში, კვლევაში მონაწილე მეოთხეკლასლეთა 28% ვერ წყვეტს მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურისთვის განკუთვნილ დავალებებს, რომლებიც მინიმალურ, საბაზო ცოდნას მოითხოვს მათემატიკაში. მერვე კლასში ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 38% -ია. დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა საბუნებისმეტყველო საგნებშიც.’’ – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია კუტალაძე.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, რეიტინგული სია ასეთია: მეოთხეკლასელთა მიღწეევების მიხედვით, საქართველომ 36-ე ადგილი დაიკავა კვლევაში მონაწილე 50 ქვეყანას შორის; მერვეკლასელმა შედეგების მიხედვით, 35-ე ადგილი 42 მონაწილე ქვეყანას შორის.
‘’2007 წლის შედეგებთან შედარებით 2011 წელს ქართველმა მეოთხეკლასლებმა არსებითად გააუმჯობესეს შედეგი, როგორც მათემატიკაში, ასევე, საბუნებისმეტყველო საგნებში. 2007 წელთან შედარებით, მერვე კლასში საერთო შედეგი ფაქტიურად არ შეცვლილა. თუმცა მერვეკლასელთა შედეგს საგნების მიხედვით თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ 2007 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ბიოლოგიაში, ამასთან შედეგი გაუარესდა ქიმიაში, ფიზიკასა და დედამიწათმცოდენობაში.’’ – ამბობს კუტალაძე.
რაც შეეხება მეორე საერთაშორისო კვლევის შედეგებს. ეს არის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA , რომელიც აფასებს 15 წლის მოზარდთა ცოდნასა და უნარებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ამ კვლევაში საქართველომ 2010 წელს მიიღო მონაწილეობა. 73 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველო მათემატიკაში მიღწეევების მიხედვით 65-ე ადგილზე, საბუნებისმეტყველო საგნებში კი _ 68-ე ადგილზე.
‘’საქართველოს შედეგები ამ კვლევებში ცხადყოფს, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების ხელშესაწყობად.’’ – დასძენს კუტალაძე.
თუმცა, გამოსაშვები გამოცდების შედეგების მათემატიკასა და საბუნებიმეტყველო საგნებში არსებული ვითარების ანალიზი ცოტა ზედაპირულია, მიიჩნევს კუტალაძე.
‘’ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, წინა წლებთან შედარებით რა შედეგები აჩვენს მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებზე. თუმცა ვერ ვიტყვით რამ გამოიწვია ეს შედეგი. ასეთი ანალიზისთვის არსებობს, პირველ რიგში, სახელმწიფო შეფასება. ასევე, საერთაშორისო კვლვები. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლიდან იწყებს სერიოზულ მუშაობას სახელმწიფო შეფასების ორგანიზებისთვის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.’’ – ამბობს კუტალაძე.
მისივე თქმით, ამ საგნებში მოსწავლეთა დიდი ნაწილის მიღწევები შორსაა სასურველისგან. იგივეს ადასტურებს საერთაშორისო კვლევების შედეგი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
‘’იმისთვის რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესი გაუმჯობესდეს, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება სკოლამდელი აღზრდის განათლებიდან დაწყებული უმაღლესი განათლების სისტემით დამთავრებული. მასწავლებელის პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი და მოქმედი პედგოგების კვალიფიკაციაზე ზრუნვა და ხარისხის რეგულაცია.’’ – ამბობს კუტალაძე.
როგორც ჩვენთან საუბარში სხვადასხვა სკოლების დირექტორები და პედაგოგები ამბობენ, საბუნებისმეტყველო საგნების აკადემიური მოსწრების დონე მოსწავლეებში ძალიან დაბალია. რასაც ბავშვების მხრიდან ამ საგნების მიმართ ნაკლები ინტერესით ხსნიან.
სამაგიეროდ, მოსწავლეების უმრავლესობას კარგი შედეგები აქვთ ჰუმანიტარულ და უცხო ენების საგნებში. ‘’იმიტომ, რომ ამ საგნებს ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ. ემზადებიან რეპეტიტორებთან და შესაბამისად, შედეგიც უფრო კარგი აქვთ, ‘’ – ამბობენ პედაგოგები.
გია მურღულია, 24-ე სკოლის დირექტორი: ‘’ზოგადად, საატესტატო გამომოცდების მაჩვენებელი მაღალი არ არის. განსაკუთრებით, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიაში არის დაბალი მაჩვენებელი. ალბათ, დროთა განმავლობაში ეს დონე ამაღლდება, რადგან ბავშვებში მეცადინეობის აუცილებლობა დადგება. ‘’
პედაგოგები იმედოვნებენ, რომ საატესტატო გამოცდების შემოღება მომავალში დადებით შედეგს იქონიებს და ბავშვი წიგნს მიუბრუნდება. მე-8- მე-9 კლასის მოსწავლემ უკვე იცის, რომ მე11-მე-12 კლასში მას ამ საგნების ჩაბარება მოუწევს.
EDU.ARIS.GE-თან საუბარში განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ საატესტატო გამოცდების შემოღების მიზანი სკოლაში განათლების დონის ამაღლება იყო.
‘’მთავარი ამოცანა იყო, რომ ბავშვები დავაბრუნოთ სკოლაში და სკოლაში მიღებული ცოდნით ბავშვმა უმაღლესში ჩააბაროს. როგორც ეს ხდება ამერიკაში, საფრანგეთში. საატესტატო გამოცდების შედეგები 2012 წელს უკვე მკვეთრად გაუმჯობესებული იყო. ბავშვმა უმაღლესში სკოლაში მიღებული ცოდნით უნდა ჩააბაროს და არა რეპეტიტორების ხარჯზე. სკოლის დონეა ასაწევი და არა რეპეტიტორების შემოსავალი.’’ – ამბობს შაშკინი
სალომე არის© გოგოხია
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება