GE

„თუ სკოლიდან ყველა ინგლისურის C1 დონის ცოდნით გავიდა, მაშინ უნივერსიტეტები რა საჭიროა?“ – ინგლისური ენის ტესტების შეფასება სპეციალისტისგან

ინგლისური ენის საგამოცდო ტესტები არ უნდა გართულდეს – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ნანა კიკალიშვილი, რომელსაც 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ინგლისური ენის ტესტების შეფასება ვთხოვეთ. პედაგოგი, რომელიც აბიტურიენტებსაც ამეცადინებს, ამბობს, რომ თუ ტესტები მაინც  გართულდება, ეს უკვე მასწავლებლის ან მაგისტრის გამოცდისთვის შესაფერისი იქნება და არა – ახლად სკოლადამთავრებულის.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაწყებულია და აბიტურიენტები უცხოურ ენაში საკუთარ შედეგებს ჯერ ელოდებიან. სტუდენტობის მსურველთა დიდმა ნაწილმა წელსაც გამოცდებზე ინგლისური ენა ჩააბარა. ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ ტესტი ძალიან ეადვილათ, ზოგი კი ჩიოდა, რომ გამოცდაზე ისეთი დავალებები შეხვდა, რასაც სკოლაში არ ასწავლიან.

ნანა კიკალიშვილის აზრით კი, წელს გამოცდებზე გამოყენებული ტესტები არც რთული ყოფილა და არც მარტივი და თუ აბიტურიენტს სკოლაში ისეთი დავალება არ შეუსრულებია, როგორიც გამოცდაზე მოვიდა, სკოლაა პასუხისმგებელი და არა ტესტის შემდგენი.

– ნანა კიკალიშვილი: მარტივი ტესტები იყო და გაართულეთო, ითხოვენ სოციალურ ქსელში, მაგრამ ტესტი მორგებული უნდა იყოს სკოლაში მიღებულ ცოდნაზე. სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არა ის, რომ მოსწავლეები რეპეტიტორებთან დადიან. არიან ბავშვები, ვინც ვერ დადიან რეპეტიტორებთან. სკოლაში კვირაში ორჯერ ტარდება ინგლისური ენის გაკვეთილი და იქ ყველაფერი უნდა მოასწრო მასწავლებელმა. უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგი ტესტები იყო წელს. მაგალითად, მესამე სავარჯიშოში ორაზროვანი პასუხია გასაცემი და მანდ თუ კარგად არ დააკვირდა დეტალს, ისე ვერ შემოხაზავს აბიტურიენტი სწორად. მოსასმენი დავალება კი კარგად უნდა მოისმინოს. გონიერი ბავშვი, რომელიც მთელი 12 წელი მიჰყვება მასწავლებლის ინსტრუქციას და გაკვეთილებს, უნდა შეასრულოს ეს ტესტი კარგად. მარტივიაო, რომ ამბობენ, მთლად ასეც არ არის, საკმაოდ დასაფიქრებელია ბევრი რამ.

– რამდენად საინტერესო ტესტები იყო და რით იყო წინა წლებისგან განსხვავებული ან მსგავსი?

– წინა წლებში მარტივი ის იყო, რომ მითითებული იყო, მაგალითად, სად ხდება მოქმედება. ამას კი, კარგად თუ მოუსმენს, მე-5 კლასელიც მიხვდება – სად ხდება ის მოქმედება, რესტორანში თუ მაღაზიაში. ტესტებში გამოყენებული ტექსტებიც საინტერესოა. ბავშვები ბევრ რამეს იგებენ. მაგალითად, პირველი ვარიანტის მესამე სავარჯიშოში იყო, როგორ აშენდა რაღაც მონუმენტი, რომლისთვისაც ზოგი ქვა უელსიდან ჩამოიტანეს, მერე ირლანდიიდან გადაიტანეს რაღაც… პატარა-პატარა დეტალებს უნდა დაუკვირდეს აბიტურიენტი, რაც მის აზროვნებასაც ხელს უწყობს, რომ წაკითხული სწორად გაიაზროს. ძალიან საინტერესო ტექსტებია და სათაურებიც ისეთი შესაბამისი, რომ ერთ პატარა სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ტექსტების საშუალებით ხან ცნობილ ადამიანზე იგებენ ინფორმაციას, ხან – ცნობილ მონუმენტზე.

მომეწონა ასევე მეორე სავარჯიშო, რომელსაც ჯერ ყურადღებით უნდა მოუსმინო, მოინიშნო და მერე შეასრულო დავალება. არც ეს სავარჯიშოა ძალიან რთული ან ძალიან მარტივი. ხმოვანი ჩანაწერიც გამართულია, სიტყვები მისაღებია, ანუ შესაბამისი ლექსიკით არის.

– ტესტები ესადაგება იმ ცოდნის დონეს, რაც მოსწავლემ სკოლაში უნდა მიიღოს თუ არის მეტ-ნაკლებობა?

– ზუსტად რომ სასკოლო ცოდნის დონის შესაფერისია. მაგალითად, ზოგიერთი რეპეტიტორი იყენებს რაღაც წიგნებს, სადაც ისეთი შეუფერებელი ლექსიკაა, რომ C1 დონეს სცდება და ეს არ არის სწორი მიდგომა. აბიტურიენტს არ უნდა მოეთხოვებოდეს C1 დონე. პირველ კურსზე რომ შედის ბავშვი, B1 დონეს უნდა ფლობდეს. დანარჩენი უნივერსიტეტმა უნდა დაამატოს და არ უნდა იყოს ზემოთხოვნები. თუ არ იციან, შენ უნდა დაუმატო ის ცოდნა. ვინაა ვალდებული, რომ სკოლიდან C1 დონით გაუშვა ბავშვი? რაღაც ხომ უნდა დაამატოს უნივერსიტეტმა 4 წელი, მერე – მაგისტრატურამ და ბოლოს და ბოლოს ავა C1 დონეზე. თუ სკოლიდან ყველა C1 დონით გავიდა, მაშინ უნივერსიტეტები საერთოდ რა საჭიროა?

სკოლიდან გამოსული ბავშვის დასაშვებ ცოდნას ესაბამება ეს ტესტები და არც ჩვენ, მასწავლებლები და არც სამინისტრო თუ გამოცდების ეროვნული ცენტრია ვალდებული, ტესტები გათვალოს რეპეტიტორის მომზადებულ ბავშვზე. ზოგი სულ დადის რეპეტიტორთან, ზოგი – მხოლოდ ბოლო წელს და ზოგი საერთოდ ვერ დადის. ამიტომაც, ტესტი გათვლილი უნდა იყოს სკოლიდან გამოსულ ბავშვზე და არა იმ ბავშვზე, წლობით რომ დადის თუნდაც მოსამზადებელ ცენტრებში.

როცა ბავშვს უნდა მეტი ცოდნა მიიღოს, კი, ბატონო, მიიღოს, ვინ უშლის, მაგრამ რა დააშავეს იმ ბავშებმა, ვისაც არ აქვს ამის საშუალება? ზოგს არც იმის ფული აქვს, რომ ცენტრში განსაზღვროს თავისი დონე.

– ვინაიდან ბევრი აბიტურიენტისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ინგლისური ენის ტესტი და უმეტესობა მაღალ ქულას იღებს ამ საგანში, სწორედ ამან განაპირობა მოსაზრება, რომ გართულებაა საჭირო… იმასაც ამბობენ, რომ წლიდან წლამდე მარტივდება ეს ტესტები. თქვენი დაკვირვებით, ეს ტენდენცია შესამჩნევია?

– არავითარ შემთხვევაში არ უნდა გართულდეს ტესტები. მაშინ დავყოთ – ვინც ინგლისურ ფილოლოგიაზე აბარებს, მას მივცეთ უფრო რთული ტექსტი, ვისაც იმდენად არ სჭირდება, მას – უფრო მარტივი და ა.შ. ამიტომ, მიდგომა, რომ ყველას B2 და C1 დონე მოვთხოვოთ, არ ვარგა!

არ გამარტივებულა არანაირად. უბრალოდ, რაღაცები იცვლება და იხვეწება და ეს სწორიც არის. ბოლო სავარჯიშოები, გრამატიკულ ნაწილში, სადაც, მაგალითად, არტიკლის ჩასმას ითხოვენ, რატომ უნდა გავართულოთ? არტიკლი ისეთია, მის წესებში რაღაცას ზოგჯერ C1 დონის მასწავლებლებიც კი ეძებენ. ეს ამერიკელისთვისაც კი რთულია. მე ვმუშაობდი ამერიკელ ტრენერთან ერთად და მათაც კი უჭირთ არტიკლები და ჩვენ რატომ უნდა მივცეთ ჩვენს ბავშებს რთული ტექსტები? მაგისტრები ხომ – არა, აბიტურიენტები არიან, რომლებიც სკოლიდან წავიდნენ.

– ტესტები მარტივად ალბათ მხოლოდ რეპეტიტორებთან სიარულის გამო ეჩვენებათ. უადვილდებათ, რადგან ინგლისური ენა ჩვენს ყოფიერებაში დიდი დოზით არის შემოჭრილი…

– დიახ, იმიტომ ეადვილდებათ და არა იმიტომ, რომ მარტივია. გარდა იმისა, რომ რეპეტიტორებთან დადიან, ახალი თაობა სულ უსმენს ინგლისურენოვან რაღაცას და ცოდნას თავისით ივითარებს. ბევრი საშუალება და ონლაინ რესურსია, მაგრამ მასწავლებლის ან მაგისტრის გამოცდისთვის შესაფერის ტესტებს ხომ არ დავუდებთ აბიტურიენტებსაც? ძალიან სწორი ლექსიკით შერჩეული ტესტებია. თემის დაწერის დროს კი ძალიან კარგად ჩანს, ვის როგორი ლექსიკა აქვს, ვის როგორი გრამატიკა…

– აბიტურიენტების ნაწილი ჩიოდა, რომ მოსმენის დავალება, რომელიც საგამოცდო ტესტში შედიოდა, სკოლაში არასოდეს შეუსრულებიათ. სასკოლო პროგრამა რამდენად ითვალისწინებს ასეთი დავალების შესრულებას?

– იმ სკოლაში ვერ ასრულებენ, სადაც შესაბამისი პირობები არ აქვთ. დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, ჩვენი სკოლები შესაბამისად აღჭურვილი არ არის, რომ ასეთი დავალება შეასრულებინოს მასწავლებელმა. ჩვენს სკოლაში გვაქვს ამის საშუალება და ვასმენინებთ მოსწავლეებს, მაგრამ ისეთი ბავშვებიც მინახავს, არასოდეს არაფერი რომ არ მოუსმენიათ. ბევრი კი ცდილობს, სახლშია არსებული ონლაინ რესურსები გამოიყენოს და თავს ასე უშველოს. ეს არ ამართლებს სკოლას. სკოლას უნდა ჰქონდეს პირობები, რომ მოსწავლემ საბაზისო ცოდნა მაინც გაიტანოს იქიდან. პრობლემა სკოლებშია, რადგან არც საათობრივი ბადეა შესაფერისი და არც აღჭურვილობა. აბიტურიენტების ეს პრეტენზია კი საფუძველს მოკლებული არ არის.

– რა შენიშვნა გექნებოდათ ინგლისური ენის გამოცდის მისამართით?

– ცოტა გაუმართავია მოსასმენი აპარატურა. ჩემი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული მოსწავლეები სხვადასხვა რამეს ყვებოდნენ. უკან რომ ზის მას არ ესმის, წინ რომ ზის, იმას ცუდად ესმის და ა.შ. ასევე, დროს თუ დაუმატებენ, კარგი იქნება. ორსაათნახევარი, რაც გამოყოფილი იყო ამ გამოცდისთვის, ყოფნით, მაგრამ ნახევარი საათით მეტი რომ იყოს, უფრო კარგი იქნებოდა, რადგან უფრო მეტს იფიქრებდნენ. ზოგი სწრაფად აკეთებს რაღაცას, ზოგს კი მეტი ფიქრი სჭირდება. ყველაზე ცოტა დრო უცხო ენისთვის არის გამოყოფილი, რაც არასწორია.

ასევე იხილეთ:

რატომ უმარტივდებათ და უნდა გართულდეს თუ არა აბიტურიენტების ინგლისური ენის გამოცდა?

როგორ დავწეროთ უცხოური ენის გამოცდაზე წერილი და თემა მაღალ ქულაზე – აბიტურიენტის გზამკვლევი სპეციალისტებისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური