GE

უმაღლესი განათლება – დასაქმების გარანტი თუ ფუჭი დროის კარგვა?

ფოტო –
2284

მუდმივად მიმდინარეობს საჯარო დებატები იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს დასაქმებას. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დასაქმებას ხარისხიანი უმაღლესი განათლება უზრუნველყოფს, მეორე ნაწილის აზრით, კი დასაქმებას განსაზღვრავს სხვა ასპექტები და არა პერსონალური, თუ სოციალური განვითარება. სამუშაოს მაძიებლები ვერ მიაღწევენ წარმატებას, თუ არ გაითვალისწინებენ რამდენად მნიშვნელოვანია პერსონალურ, პროფესიონალურ განვითარებასა და განათლებას შორის ურთიერთკავშირი.

2011 წელს უმაღლესი განათლების კარიერული მომსახურების გაერთიანებამ გამოიკვლია, თუ რას ფიქრობდნენ ამ საკითხის შესახებ უმაღლესი განათლების მქონე პირები. კვლევის შედეგი ასეთი გახლდათ: სტუდენტები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მათი საუნივერსიტეტო აქტივობა განსაზღვრავდა პერსონალურ და პროფესიულ განვითარებას, მნიშვნელოვნად აფასებდნენ საუნივერსიტეტო განათლებას. შედარებით ცუდი შედეგების მქონე სტუდენტებს, როგოც ჩანს, მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების სურვილი ამოძრავებდათ, მათი საუნივერსიტეტო აქტივობა კი დაიკარგა.

იმ გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, რომელიც მივიღე უნივერსიტეტში სწავლისას, მე არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ! – მიაჩნია სტუდენტების ერთ ნაწილს.

კურსდამთავრებულები, რომლებიც უმაღლეს განათლებას შემდგომ პერსპექტივებთან აკავშირებენ, ხსნიან თუ როგორ დაეხმარათ განათლება საკუთარი თავის მიმართ რწმენისა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში. მათ მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტმა მათ გარდა ცოდნისა, მისცათ შანსი – შეხვედროდნენ იმ ადამიანებს, რომლებთანაც შეხვედრის შანსი სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, არც მისცემოდათ. გარდა ამისა, მათ შეძლეს გადაეფასებინათ საკუთარი პრიორიტეტები და ეფიქრათ კრიტიკულად საკუთარ შეხედულებებსა და მიზნებზე.

კვლევაში აღწერილია უმაღლესი განათლების სოციალური და ინტელექტუალური ბენეფიტები. კურსდამთავრებულები ამბობენ, რომ უნივერსიტეტში სწავლისას მათ ისწავლეს სხვა ადამიანების სამუშაოს შეფასება, საკუთარი ცოდნის გამოყენება, ახალი იდეებისა და უცნობი კონცეფციების გაანალიზება, საკუთარი თავის მართვა.

სტუდენტები, რომლებიც ზემოთქმულ აზრს იზიარებენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიაღწევდნენ წარმატებას არსებულ შრომის ბაზარზე. ამ თვითდაჯერებამ სტუდენტებს ხელი შეუწყო, ჩართულიყვნენ აკადემიურ აქტივობებში, დაეგროვებინათ სამუშაო გამოცდილება, მონაწილეობა მიეღოთ სხვა დამატებით აქტივობებში და განევითარებინათ საკუთარი სოციალური და გონებრივი შესაძლებლობები.

მე არ ვთვლი, რომ უმაღლესმა განათლებამ რაიმე სარგებელობა მომიტანა. ვფიქრობ, ეს იყო დროის ხარჯვა. – ამბობს სტუდენტთა მეორე ნაწილი.

სტუდენტთა ეს ნაწილი ამტკიცებს, რომ განათლების ხარისხი იყო იმდენად მცირე და უხარისხო, რომ მათ ვერ შეძლეს შემდგომ დასაქმება. კურსდამთავრებულები, ასევე, აღნიშნავენ, რომ შესაფერის სამსახურს ისინ ვერ პოულობდნენ, რადგან მათი უმაღლესი განათლების ხარისხი არ იყო კოლეჯებისა და სკოლადამთავრებული სტუდენტების განათლებაზე უკეთესი. ისინი პესიმისტურად აფასებდნენ მოვლენებს და მიაჩნდათ, რომ მათ არ ექნებოდათ შანსი დასაქმებულიყვნენ იმ სფეროში, რომელიც მათი განათლების შესაბამისი იქნებოდა.

“არ იფიქროთ, რომ უმაღლესი განათლება, მხოლოდ დამსაქმებელთა მოსახიბლი ინსტურმენტია, უნივერსიტეტი გვაძლევს უდიდეს შესაძლებლობას ვისწავლოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია.”

სტუდენტების მიდგომა უმაღლესი განათლებისადმი მნიშვნელოვანია, რამდენადაც მათი შეხედულება განსაზღვრავს ჩაბმულობას აკადემიურ სწავლებასა და დამატებით აქტივობებში. სტუდენტთა მოსაზრებები შემდგომი დასაქმების შესახებ აჩვენებს, რომ ზოგიერთი მათგანი პესიმისტური განწყობის გამო არ ეკიდება უმაღლეს განათლებას პასუხისმგებლობით.

ეს არის დროული შეხსენება უნივერსიტეტებისა და პოლიტიკოსებისთვის: საჭიროა მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ სტუდენტებმა დაინახონ უმაღლესი განათლების მიღების მიზნები და მთლიანად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

წყარო: www.guardian.co.uk

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური