„უნივერსიტეტების დაფინანსებაზე ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, კოსმეტიკურ სიახლეს მივიღებთ“ – ექსპერტი სამთავრობო პროგრამაზე
განათლების მინისტრობის კანდიდატის და ორგზის განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის პარლამენტში წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას განათლების მიმართულებით ექსპერტები აფასებენ. როგორც EDU.ARIS.GE– სთან დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ვერც სამთავრობო პროგრამაში და ვერც მინისტრის გამოსვლაში კონკრეტიკა სხვადასხვა საკითხის მიმართ, რომელთა გადაჭრაც დღესდღეობით სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ დაინახეს.
„მინისტრის გამოსვლაში ნამდვილად იყო მიმართულებები, რომელსაც უნდა ფიქრობდეს და ახორციელებდეს კიდეც განათლების სამინისტრო და სახელმწიფოც, მაგრამ მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა გამსჭვალული იყო ცენტრალიზებული მმართველობის სულისკვეთებით. სამწუხაროდ, ვერაფერი ვნახეთ, რაც დაკავშირებული იქნებოდა მაგალითად დეცენტრალიზაციის მიმართულებით, თუ რა გაკეთდებოდა. სამაგიეროდ, ბევრი აქცენტი კეთდება უფრო ინფრასტრუქტურული მიმართულებით. სრული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგივე განათლების სფეროში დაბალი მარგი კოეფიციენტით მიმდინარეობდა, ბევრი შეყოვნებებითა და რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზებით. ასევე უნდა ითქვას, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენი საბიუჯეტო სახსრებით ნაკლებად კეთდება. პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურაში და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაში უზარმაზარ დახმარებას სახელმწიფოს მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი უწევს“, – ამბობს გიორგი გახელაძე.
ის 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამიდან გამოყოფს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების საკითხს და აღნიშნავს, რომ მას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა სამთავრობო პროგრამაშიცაა ასახული.
„რაც შეეხება უმაღლესების დაფინანსებას, აქაც დიდი იმედი ვერ გვექნება, რომ არსებული ფინანსური მოდელი შეიცვლება. იყო საკმარისი დრო ამის გასაკეთებლად და ვერ მოახდინეს ცვლილება. თავის მხრივ, არც მინისტრის გამოსვლაში თქმულა კონკრეტულად უნივერსიტეტების დეცენტრალიზაციის შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია დაფინანსების მოდელთან. შესაბამისად, მოლოდინი არ მაქვს რომ უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი მალე შეიცვლება, იყო ამის დრო და არ გააკეთეს, რატომ უნდა ველოდოთ რომ ახლა გამოიყენებენ შესაძლებლობას? მაგრამ თუ შედგება ეს რეფორმა, ის დაფუძნებული იქნება მმართველობის იმ ფორმაზე, რომელიც ახლა არის გამოყენებული უმაღლეს სასწავლებლებში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო, კოსმეტიკური ცვლილება“, – განაცხადა გიორგი გახელაძემ.
მისივე თქმით, სხვა საკითხებთან შედარებით კონკრეტიკა ეხებოდა სკოლამდელი აღზრდის საკითხებს, რომელიც სკოლამდელი ბავშვების მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნას უკავშირდებოდა, თუმცა ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროცესიც შეიძლება დროში გაიწელოს.
EDU.ARIS.GE–სთან საუბარში გიორგი გახელაძემ ხაზი გაუსვა იმ საკითხსაც, რომ არაფერი თქმულა დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დისტანციურ სწავლებას ეხება.
„არაფერი თქმულა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე დღესდღეობით, რაც ეხება დისტანციურ სწავლებას. როგორ წარმოუდგენიათ ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემის ინტერნეტიზაციის და გაციფრულების ერთიანი გეგმა, რომლის საჭიროებაც განათლების სისტემაში დადგა უკვე ერთი წელია, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი”, – განაცხადა გიორგი გახელაძემ.
ამავე თემაზე:
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასწავლებლის სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული“
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება