უმაღლესების დაფინანსების ცვლილებაზე 3 წლის წინ დაწყებული მსჯელობა ახლა უკვე მთავრობის ახალ პროგრამაში მოხვდა
განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა, 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის განხილვისას, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მთავრობა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესის ცვლილებას გეგმავს.
ამაში ახალი მხოლოდ ის არის, რომ ეს საკითხი უკვე სამი წლის მსჯელობის შემდეგ 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამაშიც მოხვდა. არადა, ჯერ კიდევ 2018 წელს პირველად გამინისტრებული მიხეილ ჩხენკელი გვეუბნებოდა, რომ “დაფინანსების მოდელის ცვლილების მიმართულებით ბოლო ფაზაში იყვნენ”. 2019 წელს ეს საკითხი მომავალმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაააქტიურა, თუმცა ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე. ახლა კი ისევ მეორედ მობრუნებული მიხეილ ჩხენკელის საკითხებში მოხვდა.
აი რა გვითხრა დღეს განათლების მინისტრობის კანდიდატმა:
„მიმდინარეობს მუშაობა უმაღლეს სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საკვანძო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას, ცვლად კრიტერიუმებზე დაფუძნებული ფორმულით. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი, პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო დარგებში საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისთვის. გაგრძელდება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად“, – თქვა მიხეილ ჩხენკელმა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოკლე ქრონოლოგია უმაღლესების დაფინანსების ცვლილების თაობაზე იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელი იცვლება – ახალი დეტალები მინისტრის ინიციატივის შესახებ
„ეს ფუნდამენტური ცვლილებაა, უნივერსიტეტების დაფინანსების ცვლილების საკითხზე ბოლო ფაზაში ვართ“
„უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელს შემოდგომისთვის წარვადგენთ“ – ბატიაშვილი
უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებისა და დიფერენცირებული გრანტების მოდელი ისევ დამუშავების პროცესშია
ზემოაღნიშნულ მოცემულობაზე დასკვნას მკითხველი თავად გააკეთებს, ხოლო რაც შეეხება თავად პრემიერობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამას, მთავრობის 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში უმაღლესი განათლების კომპონენტში ხაზგასმულია, რომ გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოცულობა.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება.
შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.
განხორციელდება ხარისხის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები.
შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია.
სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას.
გაგრძელდება პროგრამა − „ვისწავლოთ საქართველში“.
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, გაგრძელდება სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის, გაგრძელდება მსჯავრდადებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებები.
საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც, გარდა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, საქართველოს გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე.
გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად“, – ვკითხულობთ სამთავრობო პროგრამაში.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება