GE

„უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების 80-90% აცრილია, შეუძლიათ პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გადაიტანონ“

დღეს სასწავლო პროცესი დასწრებულ ფორმატში განახლდა მოსწავლეებისთვის. უნივერსიტეტებს კი, როგორც ცნობილია, აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ სწავლების როგორ ფორმატს აირჩევენ სტუდენტებისთვის.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, აუცილებელია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ვაქცინაცია, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასწრებულ ფორმატში სწავლის განახლება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის სტუდენტების დიდი რაოდენობის აცრაა აუცილებელი, რაც ამ ეტაპზე არ არის სახარბიელო.

“უნდა ვეცადოთ, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას და ვინც აცრილია, იმან აუცილებლად ბუსტერი გაიკეთოს და რა თქმა უნდა, პირბადე, რომელიც განსაკუთრებულად იცავს. თუ ადრე ჩვენ ვამბობდით, რომ 60-80% სასურველია იყოს ორჯერ აცრილი, დღეს, “ომიკრონთან” მიმართებაში, ეს თამასა უფრო მაღლა არის აწეული, 90% მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის უნდა იყოს აცრილი და მაშინ, რა თქმა უნდა, ნაკლები რისკი გვექნება სკოლებთან მიმართებაში.

“ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენს უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელო. უნივერსიტეტებთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს – ის უნივერსიტეტები, სადაც ხაზს ვუსვამ, სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ პირისპირ სწავლებაზე უფრო მეტი აქცენტი გადაიტანონ, ეს გახლავთ ჩემი რეკომენდაცია”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედთან” ამირან გამყრელიძემ 16 იანვარს.

სტატისტიკა, თუ რამდენი პროფესორ-მასწავლებელი, ან სტუდენტია საქართველოს უნივერსიტეტებში ვაქცინირებული, ამ დრომდე არ არსებობს.

ასევე იხილეთ:

დისტანციური სწავლება და დასკვნითი გამოცდები – როგორია ქართული უნივერსიტეტების პრაქტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური