GE

დისტანციური სწავლება და დასკვნითი გამოცდები – როგორია ქართული უნივერსიტეტების პრაქტიკა

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასასრულთან ერთად, უნივერსიტეტებში დასკვნითი გამოცდები იწყება. EDU.ARIS.GE დაინტერესდა იმით, თუ როგორ ფორმატში მიმდინარეობს სასწავლო და საგამოცდო პროცესი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, იქონია თუ არა გამოცდების სტილზე გავლენა დისტანციურმა სწავლებამ და ონლაინ გამოცდების ფონზე, როგორც ცდილობენ ამა თუ იმ უნივერსიტეტში პლაგიატისა და გადაწერის თავიდან აცილებას. ამის გასაგებად, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს დავუკავშირდით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სისტემაზე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი, ასისტენტ-პროფესორი მარიამ კევლიშვილი გვესაუბრა. მისი განცხადებით, ზოგიერთ ფაკულტეტზე, სპეციფიკიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი ჰიბრიდულად მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ, მათ შორის, იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლო და საგამოცდო პროცესი სრულად ონლაინ ხორციელდება.

“დისტანციურმა სწავლებამ გავლენა იქონია როგორც გამოცდებზე, ასევე სასემინარო მუშაობაზე [ე.წ. ასინქრონული დავალებების შემოღებით]. საგამოცდო ფორმატი მორგებულია ონლაინ გამოკითხვას. ძირითადად გამოიყენება ე.წ. “ღია წიგნის” პრინციპს მორგებული დავალებები. ასევე სტუდენტებს უწევთ რეფერატების მომზადება, თუმცა არსებობს სხვადასხვა ონლაინ პორტალიც (მაგ: Exam.net და სხვა მსგავსი), რომელიც შესაძლებლობას იძლევა მეტ-ნაკლებად აკონტროლო სტუდენტის მიერ დავალებების კეთილსინდისიერად შესრულება (გადაწერა/პლაგიატი, დრო და სხვა). თსუ-ში ამავდროულად არსებობს მუდლის პროგრამა, რომელიც ასევე გამოიყენება დისტანციური სწავლებისას (მაგ., დავალებების ასატვირთად და სხვ.) და განსაკუთრებით, ნაშრომების პლაგიატზე შესამოწმებლად”, – ამბობს მარიამ კევლიშვილი.

ასისტენტ-პროფესორის განცხადებით, პლაგიატისა და გადაწერის თავიდან ასაცილებლად, დისტანციური გამოცდებისას, თავად აქტიურად იყენებს Exam.net-ის პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ლექტორს გამოცდის მსვლელობისას თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური ნაწერის რეალურ დროში კონტროლი შეუძლია. ასევე პროგრამას შეუძლია ავტომატურად დაბლოკოს სტუდენტი, თუ იგი გადაწერის მცდელობისათვის სხვა პროგრამას გახსნის და ა.შ.

მეთოდი, რომელზეც რესპოდენტი საუბრობს, აბსოლუტურად გამორიცხავს საგამოცდო დოკუმენტში ნებისმიერი ტექსტის კოპირებისა და ჩასმის შესაძლებლობას, მაგრამ დისტანციური გამოცდების რისკებთან ერთად, ღიად ტოვებს საკითხს მასალის თუნდაც ტელეფონში გახსნის თაობაზე. გახსნილი ტელეფონის დახმარებით დისტანციურად ჩაბარებული გამოცდები რომ არაერთი სტუდენტისთვის არის სახეირო ამას ის პრეტენზიებიც ამყარებს, რომელიც სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტების მისამართით გამოცდების პერიოდში ისმის, მათი არგუმენტი კი ასეთია: “რატომ გვიბარებენ გამოცდის ჩასაბარებლად უნივერსიტეტში, როცა სწავლა ონლაინ ხორციელდებოდა, ეს უსამართლობაა!”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გახსნილი ტელეფონის საკითხი, შესაძლოა, პლაგიატის შემოწმებითა და სტუდენტებისთვის “ღია წიგნის” პრინციპს მორგებული დავალებების შეთავაზებით იქნეს დაზღვეული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსი სწავლების ფორმატი აირჩია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. როგორც მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, შალვა ბერიანიძე გვიყვება, ილიუნიში 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრისთვის შემუშავებულია სწავლების ჰიბრიდული ფორმატი და ძირითადად ისეთი ფაკულტეტები, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევებსა და ექსპედიციებს მოითხოვს, აუდიტორიაში სწავლობენ, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი სწავლა ონლაინ მიმდინარეობს.

“გამოცდები ჩემს საგანზე [აკადემიური წერის ტექნიკები] ტარდება სრულად ონლაინ. ყოველკვირეული დავალებები მზადდება ონლაინ, იტვირთება Moodle-ს პლატფორმაზე, სადაც პროგრამა ამოწმებს პლაგიატს და შესაბამისად ვაფასებთ ლექტორები. გადაწერის საშიშროება, ერთი მხრივ, გაიზარდა, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენი ონლაინ პლატფორმა გვაძლევს საშუალებას გადავამოწმოთ პლაგიატი, რაც არა მხოლოდ ჯგუფის შიგნით, არამედ მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით ამოწმებს და თუ რომელიმე სხვა ჯგუფიდან სტუდენტმა საკუთარი დავალება გაუზიარა ჩემს სტუდენტს, მაგასაც აჩვენებს პროგრამა. მაგრამ, რა თქმა უნდა, პროგრამასა და ციფრებს ყოველთვის მათემატიკური სიზუსტით არ უნდა ენდო და ჩვენ, ლექტორები, ყოველთვის ვკითხულობთ დავალებებს და ვამოწმებთ, რამდენად სწორად შეაფასა პროგრამამ ნაშრომი პლაგიატზე”, – ამბობს შალვა ბერიანიძე.

სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, სწავლა უმეტესად დასწრებულ რეჟიმში მიმდინარეობს კერძო უნივერსიტეტებში. თავისუფალი უნივერსიტეტის პრაქტიკაზე მართვისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ოთარ გულბანი გვიყვება. მისი განცხადებით, თავისუფალ უნივერსიტეტში 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით სწავლა სრულად დასწრებულ ფორმატში მიმდინარეობს – ლექციები და სემინარები ტარდება აუდიტორიებში, ხოლო რაც შეეხება გამოცდებს, თუკი პანდემიამდე გამოცდები მხოლოდ საგამოცდო ოთახში ტარდებოდა, ახლა გადანაწილებულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და საგამოცდო ოთახში, სადაც კოვიდ-რეგულაციების დაცვა საგამოცდო დამკვირვებლების მიერ კონტროლდება.

“ბიბლიოთეკის სივრცე სრულად დათმობილია გამოცდებისთვის – თავის სტანდარტულ ფუნქციას აღარ ასრულებს. ონლაინ ფორმატმა ჩემი ფაკულტეტისთვის ბევრი არაფერი შეცვალა, რადგან თეორიაზე ორიენტირებული კურსია. მაშინაც, როცა მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული, გამოცდებისთვის, მეტწილად, უნივერსიტეტში დავდიოდით და მათ ფიზიკურად ვესწრებოდით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კურსის საგნების ფინალური მეტწილად ესეია, რომელსაც ისედაც სახლში ამზადებს სტუდენტი, ამიტომ საგნების გარკვეულ რაოდენობას ეს ცვლილებები საერთოდ არ შეხებია”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ოთარ გულბანი.

თავისუფალი უნივერსიტეტის მსგავსად სრულად დასწრებულ რეჟიმი მიმდინარეობს სწავლა კავკასიის უნივერსიტეტშიც. უნივერსიტეტის პრაქტიკაზე მედიის სკოლის (CMS) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტუდენტი, ელენე ხაჩიაშვილი გვიყვება. მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეა, კავკასიის უნივერსიტეტი მთლიანად პირისპირ სწავლების რეჟიმზეა გადასული, გეგმით გათვალისწინებული ლექციები, ისევე როგორც გაცდენილი ლექციების აღდგენა, მიმდინარეობს მხოლოდ ადგილზე დასწრებით. რაც შეეხება გამოცდებს, გამოცდები ტარდება საკონფერენციო დარბაზში. ტერიტორია, სტუდენტების განაწილების მიზნით, დაყოფილია ზონებად და დაცულია კოვიდ-რეგულაციები.

“მაშინ, როცა დისტანციურ რეჟიმში ვიყავით, ლექციები და გამოცდები ტარდებოდა “ZOOM”-ისა და “TEAMS”-ის პლატფორმებზე. თვითონ გამოცდის ფორმატებს შორის არ იყო დიდი განსხვავება, ძირითადად ტესტური დავალებები გვქონდა, ღია და დახურული შეკითხვებით. გარდა ტესტებისა, ხშირად გვქონდა გასაკეთებელი პროექტები”, – ამბობს ელენე ხაჩიაშვილი.

თავისუფალისა და კავკასიის უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, სწავლების ჰიბრიდული რეჟიმი გამოიყენება საქართველოს უნივერსიტეტში. UG-ის პრაქტიკაზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, გოგა ნიჟარაძე გვესაუბრა. მისი განცხადებით, თავდაპირველად სწავლებაც და გამოცდებიც დისტანციურად ტარდებოდა, დისტანციური გამოცდების დროს კი გამოცდის დავალებებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

“თავდაპირველად, გამოცდის ტიპი არ შეუცვლიათ და მხოლოდ ღია და დახურულ კითხვებს შეიცავდა. თუმცა, როცა ადმინისტრაცია მიხვდა, რომ ონლაინ გამოცდისას ამგვარი საკითხების გადაწერა მარტივი იყო, გამოცდის სტილიც შეიცვალა და უკვე გავლილ მასალაზე თემების დაწერას გვთხოვდნენ, რადგან გადაწერილი თემების გაცხრილვა ბევრად უფრო მარტივი იყო”, – გვიყვება გოგა ნიჟარაძე.

გოგას ინფორმაციით, ონლაინ სწავლების პერიოდში უნივერსიტეტმა საკუთარი ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გააძლიერა და მოამზადა იმისთვის, რომ შემდეგი კურსები სრულად აუდიტორიულ რეჟიმში თუ არა, შერეულ რეჟიმში მაინც გაგრძელებულიყო. დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესის უნივერსიტეტში განახლებასთან ერთად, ონლაინ ფორმატი ისევ დარჩა, საქართველოს უნივერსიტეტში ყველა გამოცდა აუდიტორიაში ტარდება. საამისოდ, გოგას თქმით, უნივერსიტეტმა განაახლა კომპიუტერული ტექნიკაც, რათა გამოცდისას სტუდენტებს სხვებთან ნაკლები პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ და შეამცირონ ვირუსის გავრცელება.

პრაქტიკული დისციპლინების გარდა, მეტწილად დისტანციური სწავლება მიმდინარეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. როგორც კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე გვიყვება, დისტანციურ სწავლებასთან ერთად, გამოცდებიც ონლაინ რეჟიმში ტარდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით, შეიზღუდა გამოცდებზე გასვლის დრო და სტუდენტებს მხოლოდ კონკრეტული დროის პერიოდში, 2 საათის განმავლობაში აქვთ გამოცდის დაწერის საშუალება.

“[სტუდენტებს] 2 საათი ჰქონდათ, როდესაც გამოცდები ადგილზე ტარდებოდა და შემდეგ დისტანციურადაც, თუმცა თავდაპირველად, როცა დისტანციურ გამოცდებზე გადავედით, სტუდენტს შეეძლო 12 საათიდან 6 საათამდე ნებისმიერ დროს შესულიყო პროგრამაში და დაეწერა გამოცდა. ამ სემესტრში კი შევცვალეთ აღნიშნული საკითხი და სტუდენტს შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ დროს დაწეროს გამოცდა, მაგალითად 12-დან 2 სთ-მდე. ეს ამცირებს გადაწერის შანსს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა სტუდენტები დასრულების შემდეგ ერთმანეთს უგზავნიდნენ ნაწერებსა და საკითხებს. საგამოცდო საკითხები სამართლის ფაკულტეტზე ძირითადად შედგება ტესტური კითხვებისაგან და კაზუსებისგან, რათა ნაკლები იყოს შანსი ინტერნეტიდან ან წიგნიდან გადაწერის”, – ამბობს თამთა წირქვაძე.

სტატიაში განხილული უნივერსიტეტების პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სრულად დასწრებული სწავლა არ მიმდინარეობს, ჰიბრიდული ფორმატი გამოიყენება. ის ფაკულტეტები კი, რომელთა სტუდენტებიც დასწრებულ ფორმატში სწავლობენ, ამ მიმართულების პრაქტიკული კომპონენტებიდან და სპეციფიკიდან არის განსაზღვრული.

მეტწილად, უნივერსიტეტები, რომლებშიც თეორიული ხასიათის კურსები დისტანციურად ისწავლება, სტუდენტებს სასწავლო ფორმატის შესაბამის გამოცდებს სთავაზობენ. შესაბამისად, განსხვავებულია ის გამოწვევები, რომლებიც ამ უნივერსიტეტებს აქვთ. თუკი იმ უნივერსიტეტების, სადაც გამოცდები ფიზიკურ რეჟიმში ტარდება, მთავარი გამოწვევა და საზრუნავი კოვიდ-რეგულაციების დაცვაა, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში შეინიშნება საგამოცდოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საგამოცდო სივრცეების განლაგების ცვლა და სხვა, დისტანციური გამოცდების დროს გაცილებით სხვა გამოწვევები არსებობს – ესაა გადაწერისა და პლაგიატის თავიდან არიდება. სწორედ ამიტომ სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ საგამოცდო დღის წესრიგში რიგი ცვლილებების განხორციელება შეინიშნება, იქნება ეს სტუდენტებისთვის „ღია წიგნის“ პრინციპს მორგებული დავალებების შეთავაზება, პლაგიატის შესამოწმებლად „მუდლის“ პლატფორმის აქტიური გამოყენება, საგამოცდო რეგლამენტისა და სტილის ცვლილება თუ სხვა ისეთი ონლაინ საგამოცდო პროგრამების დანერგვა, როგორიცაა, მაგალითად, Exam.net და სხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტუდენტების მხრიდან არააკადემიურად მოქცევის შესაძლებლობა და გადაწერის ალბათობა აბსოლუტურად გამორიცხული მაინც ვერ იქნება. ის კი ცალსახაა, რომ ზემოთ ნახსენები ორი ვარიანტიდან, იმ უნივერსიტეტის სტუდენტი უნდა იყოს საკუთარი ცოდნის ზრდაში დარწმუნებული, რომელიც გამოცდას სრულფასოვან, დასწრებულ ფორმატში აბარებს.

ერთი რამ, რაც ასევე მოცემული პრაქტიკის განხილვისას შეინიშნება, ის ფართო დისკრეციაა, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს აქვს, აბსოლუტური თავისუფლება – თავად განსაზღვრონ სასწავლო და საგამოცდო ფორმატი და ნებისმიერი სახელისუფლებო ორგანოს დირექტივის გარეშე, თავად მოახდინონ ინტერესების შეპირისპირება.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

ავტორი: გიორგი ჩაჩხიანი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური