უძილო ღამეების ”მსხვერპლი”
მეცადინეობაში უძილოდ გატარებული ღამეები სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი სულ მცირე ერთხელ მაინც გამხდარა უძილობის „მსხვერპლი“ წინასაგამოცდო პერიოდში. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ უძილო ღამეებმა შეიძლება სერიოზულად შეარყიოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უკანასკნელი კვლევების თანხამად, ძილის ნაკლებობა უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზია.
რაიმე პროექტზე ან თუნდაც დისერტაციაზე მუშაობის დედლაინი „უნივერსიტეტის ტერორთა“ ტოპ-ლისტის პირველ ადგილს იკავებს. უამრავი მუშაობის შემდეგ, პროექტში საბოლოო შესწორებების შეტანა, საუნივერსიტეტო განათლების კულმინაციურ ეპიზოდს წარმოადგენს, რომელიც უსაზღვრო რაოდენობის კოფეინის მოხმარებით სრულდება. დედლაინამდე პერიოდი კი უამრავ სტრესს უკავშირდება, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ერთ-ერთი სტუდენტი იხსენებს: „ ბოლო შეხვედრა ზედამხედველთან ჩემი ცხოვრების ყველაზე კოშმარული მომენტია. ეს სწორედ პროექტის ჩაბარებამდე 3 დღით ადრე მოხდა. მან მაცნობა, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო მხოლოდ და მხოლოდ დროის ფუჭი კარგვა იყო. შეცდომა უმნიშვნელო იყო , მაგრამ მან ჩემი დაწრილი 20 გვერდი იმსხვერპლა, რომლებსაც სასწრაფო წესით ადგილი ნაგვის ყუთში მივუჩინე. მე ზუსტად 72 საათი მქონდა რომ გამომესწორებინა შეცდომა ”
ღამის გათენება და სტუდენტური ცხოვრების სტილი თითქმის სინონიმებად მოიაზრება. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ხშირ უძილობას მწვავე გრძელვადიან შედეგებამდე მივყავართ, კერძოდ ნევროლოგიური ციკლის მოშლამდე. ბოსტონის უნივერსიტ
ეტის ძილის მედიცინის პროფესორმა სუზან რედლაინმა კვლევების შედეგად დაადგინა უძილობასა და ნევრო-ფსიქიატრიულ აშლილობებს შორის ურთიერთკავშირი. კერძოდ, უძილობა იწვევს შიშებს, შფოთს, მღელვარებას, ის ასევე მიზეზია ბიპოლარული დეპრესიისა. დროთა განმავლობაში, უძილო ღამეების ზრდასთან ერთად, უარესდება სისხლის წნევა, რასაც თან ახლავს გულის დაავადებების, სიმსივნისა და ანთებითი პროცესების გამწვავების რისკი.
ზემოთ აღნიშნული საფრთხეები უმეტესწილად გრძელვადიან პერსპექტივასთან არის დაკავშირებული. ახლა კი თვალი გადავავლოთ მყისიერ შედეგებს.
ჰარვარდისა და ბერკლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ დაადგინა უძილობის საკმაოდ საშიში გვერდითი მოვლენა- მოკლევადიანი ეიფორია.უძილოდ გატარებული ერთი ღამის შემდეგ, მეზოლიმბური სისტემა (ნევროლოგიური ციკლი, რომელიც სიამოვნების შეგრძნებებს აკონტოლებს) ძლიერ სტიმულირდება. პროცესს მართავს ქიმიური ნივთიერება დოპამინი. უძილობისგან გამოწვეული დოპამინის მაღალი დონე ორგანიზმში ხელს უწყობს მოტივაციის, პოზიტივიზმისა და სექსუალური პოტენციის ამაღლებას. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება დადებით ფაქტორად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა.
დოპამინის მაღალი შემცველობა ორგანიზმში მხოლოდ ამ შეგრძნებების სტიმულირებაზე არ არის პასუხისმგებელი. ის ასევე მავნე ჩვევებისა და იმპულსური ქცევების წახალისებას ახდენს. ტვინის ის რეგიონები, რომლებიც გადაწყვეტილებების შეფასებასა და დაგეგმვაზე არიან პასუხისმგებელნი, უძილობის გამო იხურება , რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი ზედმეტად ოპტიმიზმისკენ მიდრეკილი ხდება და არ უშინდება რისკის საკუთარ თავზე აღებას.
კვლევები ასევე გვიჩვენებს, რომ თუ მეზოლიმბური სისტემა ხშირად სტიმულირდება უძილობის შედეგად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება. ეს გამოწვეულია ტვინის „ ნევრალგიური პლასტიურობით“, რაც ახალ სიტუაციებთან მისი ადაპტირების უნარში გამოიხატება. რადგან ის იძულებული ხდება განსხვავებულ მდგომარეობაში იმუშაოს რეგულარულად, ის გამუდმებით გარდაქმნის საკუთარ თავს.
და ასევე არც კი იფიქროთ გამოცდის წინა ღამის მეცადინეობაში გათენება. მკვლევარების აზრით ამას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. ბოლო წუთებში მეცადინეობა ნაკლებ შედეგიანია, რადგან მახსოვრობის კოსნოლიდაცია მხოლოდ და მხოლოდ ღრმა ძილის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ამის გარდა, ისინი, ვინც ღამეს ხშირად ათენებენ, სუსტი ეპიზოდური მეხსიერებითაც გამოირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უჭირთ კონკრეტული სიტუაციების გახსენება. ამის მიზეზი კი უძილობის შედეგად დაზიანებული ტვინის ის სტრუქტურებია, რომლებიც ეპიზოდურ მახსოვრობაზეა პასუხისმგებელი.
ასე რომ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, თავი აარიდეთ ღამის ხშირად გათენებას, სწორად დაგეგმეთ დრო და ძილს თქვენი დროის რესურსის საკმარისი ნაწილი დაუთმეთ!
წყარო: http://www.guardian.co.uk