GE

„ვერავის ვაიძულებთ, შევიდეს სკოლაში და ეს კუთხე მოაწყოს“ – განათლების მინისტრი უფასო კვებაზე

„კომპლექსური საკითხია, რომლის განხილვა და რომელზე მუშაობაც ჩვეულებრივ სტილში ხორციელდება“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ  საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის კომენტარით ნათელი გახდა, რომ სკოლებში უფასო კვების საკითხზე მუშაობა წინ კვლავ არ წასულა, თუმცა მივიღეთ დაპირება.

როგორც გივი მიქანაძემ გუშინ, 8 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კომპონენტი ყველა საჯარო სკოლაში ეტაპობრივად დაინერგოს.

მისივე თქმით, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო კვების პროგრამის განსახორციელებლად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობდეს.

„ჩვენთვის, კვების საკითხების ორგანიზება სასკოლო ინფრასტრუქტურაში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტს წარმოადგენს… მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის მასშტაბით არაერთი სკოლაა, სადაც ეს ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებს. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს კომპონენტი ყველა სკოლაში ეტაპობრივად დაინერგოს.

„პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი არის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ინფრასტრუქტურულად ვუპასუხოთ და მაქსიმალურად ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

განათლების მინისტრის განმარტებით, ყველა ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ სკოლაში სასკოლო კვების პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურისთვის ადგილები გამოყოფილია.

გივი მიქანაძის თქმით, ამის შემდეგ კი, ყველაფერი დამოკიდებულია დაინტერესებულ კომპანიებზე, რომლებმაც სკოლებში შესაბამისი სივრცე უნდა მოაწყონ.

„ყველა იმ სკოლაში, რომლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და ახალი სკოლის მშენებლობა ხორციელდება, შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის ადგილები გამოყოფილია. შემდგომში ჩვენ ვართ დამოკიდებული კომპანიებზე, თუ რამდენად დაინტერესდებიან ისინი ფართების იჯარით აღებაზე, რომ იქ, კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში და უსაფრთხოების წესების დაცვით, შესაბამისი პროდუქცია შეიტანონ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, შევიდეს სკოლაში, აიღოს იჯარით ფართი და ეს კუთხე მოაწყოს… მთავარი არის, ჩვენ შევქმნათ შესაძლებლობა იმისთვის, რომ კონკრეტული კომპანიები შემოვიდნენ.

„კომპლექსური საკითხია, რომლის განხილვა და რომელზე მუშაობაც ჩვეულებრივ სტილში ხორციელდება“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური