GE

„დავითიანი”, „კაცია-ადამიანი?!”, ვაჟა-ფშაველა – ლიტერატურის გამოცდაზე თითქმის ყველაფერი მოვიდა

დღეს, 21 ივლისს, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტების 91%-ზე მეტი.

წელს ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 1 700-ზე მეტი აბიტურიენტი. ის გამოსაცდელები, რომლებიც ტესტირებაზე თბილისში გავიდნენ, EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ ლიტერატურის საგამოცდო ტესტი პრაქტიკულად სრულ პროგრამას მოიცავდა.

191-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ნინი ნოზაძე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე აპირებს სწავლის გაგრძელებას, გვიხსნის, რომ რთულ გამოცდას ელოდა, მაგრამ მარტივად მოეჩვენა.

“თან, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მეოთხე გამოცდა იყო ჩემთვის და არც ვემზადებოდი, არ იყო ძალიან რთული. შუშანიკიდან იყო კითხვები, “დავითიანიდან”, აბოს წამებიდან და ძალიან მარტივი იყო ეს შეკითხვები. ესე ეხებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლას. მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის “მონა”, რომელსაც ერჩივნა, რომ მონად დარჩენილიყო, რადგან უარესის შიში ჰქონდა. ასევე იყო ლექსი მგლებზე, რომლებიც იბრძვიან წვიმასა და ქარში იმისთვის, რომ იყვნენ თავისუფლები”, – მოგვიყვა ნინი.

ჩვენ აბიტურიენტებს ვთხოვეთ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვისაც შეედარებინათ.

ნინის პასუხი ასეთია: “ლიტერატურის გამოცდა უფრო მემარტივა, ვიდრე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი. იქ პირველი ვარიანტი ვიყავი და ჩემთვის ძალიან რთული იყო”.

მარიამ ცუხიშვილი კი გამოცდათ მის წინამორბედზე განსხვავებულად უყურებს და ამბობს, რომ ლიტერატურის გამოცდა დიდად რთული არ ყოფილა, მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან შედარებით, რთული იყო.

“არ ვემზადებოდი ლიტერატურაში, თუმცა დიდად არ გამჭირვებია. რაც შეეხება საკითხებს, შემოვიდა “დავითიანი”, “კაცია-ადამიანი!?”, ვაჟა-ფშაველას “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” და ა.შ. ამ ნაწარმოებებიდან იყო, საუკეთესოს არა, მაგრამ კარგ შედეგს ველოდები. მე ინგლისურ ფილოლოგიაზე ვაბარებ და სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს არჩეული”, – გვითხრა მარიამმა.

ლიკა თევზაძის შეფასებით კი ზოგადად, ლიტერატურის გამოცდა განსაკუთრებული სირთულით არ გამოირჩევა, მით უფრო, რომ მთელი წლის განმავლობაში სწავლობ პროგრამას, უცხო არაფერი გხვდება და გასააზრებლადაც საკმაოდ მარტივია:

“ტესტში კითხვები იწყებოდა ჰაგიოგრაფიით და მთავრდებოდა “ვეფხისტყაოსნით”. კითხვები შეეხებოდა შუშანიკს, აბო ტფილელს, გრიგოლ ხანძთელს. კითხვები შემოვიდა ასევე “დავითიანიდან”, გიორგი ლეონიძის “ნინოწმინდის ღამიდან”, “ვეფხისტყაოსნიდან”. მე ველოდებოდი, რომ “ვეფხისტყაოსნიდან” ბევრი კითხვა იქნებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი იყო. რაც შეეხება წერით დავალებას, მხატვრული თემა დასაწერი იყო მონურ ცხოვრებაზე. მოცემული იყო ორი ნაწარმოები – ნიკო ლორთქიფანიძის “მონა” და შანდორ პეტეფის “მგლების სიმღერა”. აქ ჯერ პირველი, შემდეგ მეორე ნაწარმოები უნდა განიხილო. ცალკე აბზაცში კი შედარებები და განსხვავებებიც უნდა დაწერო. ეს თემა გასააზრებლად ჩემთვის უფრო მარტივი იყო, ვიდრე ის, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვწერე, რომელზეც მე-3 ვარიანტი ვიყავი”.

2026 წლის აბიტურიენტების ერთი – ფიზიკის გამოცდა დარჩათ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური