GE

ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი?

დავით ბოლქვაძე

უკანასკნელ ხანს, სასკოლო რეფორმის პარალელურად, მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა საკითხს, რა არის მთავარი იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი გახდე. გამოიკვეთა რამდენიმე მახასიათებელი: განათლება, საგნის ღრმა ცოდნა, მოსწავლეთა მაღალი შედეგები, სხვა მასწავლებელთა შეფასებები და სხვა. ამ გამოკვლევებს ერთი ნაკლი ჰქონდა: სათანადო ყურადღებას არ აქცევდა მასწავლებელთა შრომის მთავარ მომხმარებლებს – მოსწავლეებს. თითქმის არავინ დაინტერესებულა მათი აზრით. არადა, მოსწავლეები ხომ ყველაზე მეტ დროს ატარებენ მასწავლებლებთან… აღმოჩნდა, რომ მათ ამ საკითხის თაობაზე უამრავი საინტერესო და ყურადსაღები მოსაზრება აქვთ და შესანიშნავად შეუძლიათ იმ თვისებების ჩამოთვლა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს.

სწორედ მოსწავლეები და მათი მოსაზრებები მოექცა ამერიკელი მეცნიერების კელი მიდლტონისა და ელიზაბეტ პეტიტის კვლევის არეალში. მათ შეისწავლეს ეს მოსაზრებები, გააანალიზეს ისინი და გამოკვლევის შედეგები წიგნად “უბრალოდ საუკეთესო: 29 მოთხოვნა, რომლებსაც, მოსწავლეთა აზრით, საუკეთესო მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს” – გამოსცეს. ვფიქრობთ, ამ ნაშრომის გაცნობა ქართველი მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო იქნება.

მოსწავლეთა მოსაზრებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მასწავლებლების მიმართ მათ აქვთ როგორც ძალიან უბრალო (გაუღიმონ მოსწავლეებს, მიმართონ სახელებით), ასევე შედარებით ძნელად შესასრულებელი მოთხოვნები (დაესწრონ მოსწავლეთა ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს, ესტუმრონ მათ შინ).

მიდლტონი და პეტიტი ამტკიცებენ, რომ მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება, ასევე იმის გააზრება, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებელი ინდივიდია. მკვლევართა აზრით, მასწავლებლები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ მომენტებს ითვალისწინებენ, აღწევენ მაღალ აკადემიურ პროგრესს და მუშაობისას გაცილებით ნაკლებ პრობლემას აწყდებიან.

მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ გავრცელებულ ეფექტზე, რომელიც მოსწავლეებთან პოზიტიურ ურთიერთობას მოაქვს. კითხვაზე: “რატომ არის მოსწავლეებთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენს დროში?” – წიგნის ავტორები პასუხობენ: “ურთიერთობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი როგორც სწავლის, ასევე სწავლების პროცესში, თუმცა ჩვენს დროში ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ტრადიციული ტიპის ურთიერთობები აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე გამოწვევებს და გარკვეულ კორექტივებს მოითხოვდა. ახალი ტიპის ურთიერთობებში სულ უფრო მეტად მკვიდრდება ისეთი მომენტები, როგორებიცაა თანამშრომლობა, კეთილგანწყობა, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა, მოსწავლეთა ინდივინდუალიზმის გათვალისწინება და სხვა. კვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი მოსწავლე ურთიერთობის დეფიციტს განიცდის. მათ იშვიათი კონტაქტი აქვთ მშობლებთან, ზოგ შემთხვევაში უჭირთ ურთიერთობის დამყარება თანატოლებთანაც. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გარეშე სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ბევრი მოსწავლე ქრონიკულად გამოეთიშება სასწავლო პროცესს”. ამის საპირისპიროდ, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობასა და მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებს შორის უშუალო კავშირია. წიგნში დასახელებულია ის კონკრეტული შედეგებიც, რაც ასეთ ურთიერთობას მოჰყვება:

. იზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და მათი სურვილი, მიაღწიონ უფრო მაღალ სტანდარტებს;
. იშვიათდება მოსწავლეთა ნეგატიური ქცევა, პრაქტიკულად აღარ გვიხდება ისეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, სკოლიდან გარიცხვა;
. იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური ხდება;
. მოსწავლეებს უჩნდებათ სკოლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება;
. მოსწავლეებს უყალიბდებათ ისეთი სოციალური თვისებები, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ემპათია, სოციალური პასუხისმგებლობა.

პროფ. რობერტ მარზანო გვთავაზობს, გავიზიაროთ მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავიანთ მოსწავლეებთან მასწავლებლების ურთიერთობის ხარისხი არის ამოსავალი წერტილი საკლასო მენეჯმენტის ეფექტური წარმართვისთვის და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მთელი სასწავლო პროცესის წარმატებასაც. იქ, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობით ურთიერთობას დიდ ყურადღებას აქცევენ, თვალსაჩინოა ასეთი ურთიერთობის შედეგი და იგი გავლენას ახდენს სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესის ყველა ასპექტზე, დაწყებული მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, დამთავრებული სკოლაში უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნით. დადგინდა, რომ პოზიტიური ურთიერთობები სკოლის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და, თავის მხრივ სკოლაში არსებული ატმოსფეროს საიმედო ინდიკატორს წარმოადგენს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები მეტი მონდომებით სწავლობენ იმ მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რომლებსაც სჯერათ მათი და რომლებიც სიტყვით თუ საქმით გამოხატავს მოსწავლეთა მიმართ მზრუნველობას, მათ პატივისცემას.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ მჭიდრო, კეთილგანწყობილი ურთიერთობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, საკლასო ოთახში, რაც უნდათ, ის აკეთონ. არც იმას ვგულისხმობთ, რომ მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი უნდა გახდეს ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენ ვამბობთ, რომ მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეს, სჯეროდეს მისი და მასაც ჩაუნერგოს საკუთარი თავის რწმენა; პატივისცემით ეპყრობოდეს მოსწავლეს, უქმნიდეს ხელსაყრელ პირობებს ცოდნის დემონსტრირებისთვის, თუნდაც ამან მის გეგმაში გარკვეული ცვლილება შეიტანოს და, რაც მთავარია, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი მასთან ურთიერთობას აფასებს. ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური და მასში არ იგრძნობოდეს ფავორიტიზმი.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხია მასწავლებლების დამოკიდებულება საკუთარი შეცდომების მიმართ. სავსებით შესაძლებელია, მასწავლებელს შეცდომა მოუვიდეს სასწავლო პროცესში ან მოსწავლესთან ურთიერთობის დროს. იგი მზად უნდა იყოს ამისთვის, თუმცა ბევრს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ შეუცდომელი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შეცდომის დანახვა და მის გამოსასწორებლად ზომების მიღება. ცდება, ვისაც მიაჩნია, რომ მასწავლებელი სრულყოფილი უნდა იყოს და ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი. უკვე აღარავინ დავობს, რომ მოსწავლის შეცდომა და მისი გამოსწორება ხელს უწყობს სწავლის უნარის ამაღლებას. მოსწავლეები უკეთესად ვითარდებიან, როდესაც შეცდომებისა არ ეშინიათ, როდესაც მათ დაუყოვნებლივ არ სჯიან ამის გამო. მაგრამ როგორ ავუხსნით მოსწავლეებს, რომ შეცდომისა არ უნდა ეშინოდეთ, როგორ განვუვითარებთ მისი აღმოჩენისა და გამოსწორების უნარს, როგორ ვასწავლის გაბედულ აზროვნებას, თუ თავად არასოდეს გადავაფასეთ საკუთარი შეხედულებები? გამოკვლევა მოწმობს, რომ უმჯობესია, შეცდომა მოგვივიდეს და შემდეგ წარმატებით გამოვასწოროთ იგი, ვიდრე “არასოდეს შევცდეთ”.

მკვლევართა საბოლოო დასკვნა ასეთია: მასწავლებლის პროფესიული ცოდნის დონე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოსწავლის აკადემიური წარმატების მისაღწევად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასწავლებლის უნარი, დაამყაროს მოსწავლესთან კარგი ურთიერთობა, რაც, თავის მხრივ, უამრავი მცირე თუ დიდი დეტალისგან შედგება (ხშირად გაღიმება, სახელებით მიმართვა, მოსწავლეთა ხასიათების ცოდნა, მათი სურვილების გაგება, მათთვის საკუთარი პიროვნების უკეთ გაცნობა, თანამიმდევრულობა ურთიერთობისას, შეცდომის შიშის დაძლევა და სხვ.). კეთილგანწყობილი ურთიერთობა მასწავლებლისთვის უნდა იყოს იარაღი, რომლითაც იგი მოსწავლეს უკეთ ჩართავს სასწავლო პროცესში და შეუქმნის მას ხელსაყრელ პირობებს როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ზრდისთვის.

საიტისათვის: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური