ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო სახლიდან გაუსვლელად
დღევანდელ რეალობაში ოფისის თანამშრომელს გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მათ, ვინც ოფისის გარეთ მუშაობს, თუმცა ახლო მომავალში, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.
კომპანიების “FlexJobs” და “PayScale” ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ სახლიდან გაუსვლელად მომუშავე ადამიანები არანაკლებს გამოიმუშავებენ და ზოგჯერ ოფისის თანამშრომლებზე მაღალი შემოსავალიც აქვთ.
აშშ-ის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დისტანციურად, თუნდაც კვირაში ერთი დღე მუშაობენ, რამდენიმე წელში საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, 1999 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 9.5 მლნ იყო, 2010 წელს კი უკვე 13,4 მილიონი. მეტიც, “Global Analytics” იუწყება, რომ თანამშრომელთა 75%-ზე მეტი, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, წელიწადში $65 000-ზე მეტს გამოიმუშავებენ.
სახლიდან მუშაობის ვაკანსიათა ბაზიდან “Flex Jobs”-მა მცირე და საშუალო ბიზნესში, სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასები შეისწავლა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსიები:
1) დირექტორი მედიცინის საკითხებში $219 100
2) გენერალური დირექტორი $199 300
3) მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი $164 200
4) მთავარი ოპერაციული დირექტორი $152 800
5) რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი $149 500
6) ფინანსური დირექტორი $139 200
7) ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის აღმასრულებელი $112 300
8) ბიზნეს-ოპერაციების აღმასრულებელი $109 100
9) უფროსი ბიზნეს-ანალიტიკოსი $92 000
10) დირექტორი განათლების სფეროს საკითხებში
“ელექტრონული ფოსტის, ვიდეო-კონფერენციებისა და ვირტუალური ურთიერთობის სხვა ფორმების მზარდი პოპულარობა, საშუალებას იძლევა რომ მაღალანაზღაურებად დისტანციურ სამსახურში დავსაქმდეთ. თუ კანდიდატს საჭირო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები აქვს, დამსაქმებლისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფება მისი თანამშრომელი.”, – აცხადებს “PayScale”-ის ანალიტიკოსი კეტი ბარდარო.
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები დისტანციური სამუშაო პროცესის გაკონტროლებისა და მაღალი შედეგის მიღების საშუალებას ნამდვილად იძლევა, მაგრამ მას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი: თქვენ არ გჭირდებათ დროისა და სახსრების ხარჯვა სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად. გარდა ამისა, შესაძლებელია საკუთარი გრაფიკის შედგენა, ერთ სამუშაო ადგილზე მიჯაჭვულობის არარსებობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი სამუშაო გაცილებით მეტ თვითდისციპლინასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს – სახლში თავისი სამსახურის ეფექტურად ორგანიზება ყველას არ შეუძლია. კოლეგებთან ურთიერთობის არარსებობაც შეიძლება, ნეგატიურად აისახოს ადამიანზე, და კიდევ ერთი – ალბათობა იმისა, რომ მოგატყუონ გაცილებით მეტია, ვიდრე ოფისში მუშაობისას.
წყარო:ubr.ua