GE
21 ოქტომბერი, 2025 13:42

161-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „მოსწავლეებსა და მშობლებს ვეტყოდი, რომ მოთმინება გვმართებს – სოფელი ერთ დღეში არ აშენებულა“

ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია მშობლიური სკოლის დირექტორზე. სასკოლო წლები ხომ ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. საქართველოში 2 000-ზე მეტი საჯარო სკოლა, ამდენივე ისტორია და ამ ისტორიების გაცილებით მეტი ავტორი თუ თანაავტორია.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები – ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად, თავისი სკოლის ისტორიას წერენ და სასკოლო საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენენ. იმედს ვიტოვებთ, ამ მეგობრული ინტერვიუს შემდეგ, რომელიც არაერთი იქნება, მედიასთან საუბარი არც სხვა დირექტორებში გამოიწვევს შიშს.

დღეს წარმოგიდგენთ თბილისის ერთ-ერთი მრავალკონტინგენტიანი საგანმანათლებლო დაწესებულების – 161-ე საჯარო სკოლის დირექტორს, თორნიკე გვენეტაძეს, რომელსაც EDU.ARIS.GE სკოლაში 15 ოქტომბერს ესტუმრა.

– ბატონო თორნიკე, დაასრულეთ ფრაზა – ჩემი, როგორც დირექტორის, ყველაზე დიდი მიღწევაა…

თორნიკე გვენეტაძე: ორი წელია, რაც დირექტორი გახლავართ. ვფიქრობ, ამ ორ წელიწადში სკოლაში მნიშვნელოვანი რაღაცები გაკეთდა, მათ შორის: კლასების რეაბილიტაცია, ლაბორატორიის შესყიდვა, ჰოლის გარემონტება, სადაც მუზეუმს ვხსნით. ვფიქრობ, რომ სკოლა უფრო მეტად ხალისიანი გახდა. ეს ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს უთქვამს, რომ სკოლა უფრო მეტად ცოცხალია.

– გაიხსენეთ მოსწავლის კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ…

თ.გ: იყო ასეთი შემთხვევა, რაც არ დამავიწყდება. მას შემდეგ, რაც დირექტორი ვარ, სკოლაში ძალიან ხშირად ვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის სტუმრებს, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს პროფორიენტაცია, თუ რა და რატომ უნდა. რომ დავიწყეთ სტუმრების მოწვევა, სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, ვფიქრობ, რომ სკოლამ სერტიფიკატების გარდა, ბავშვებს თუნდაც საჩუქარი უნდა გადასცეს, ბედნიერები იყვნენ მოსწავლეები და მითხრეს – „თქვენ სკოლა უფრო საინტერესო გახადეთ, გვიხარია სკოლაში მოსვლა“. როდესაც ბავშვი გეუბნება, რომ უყვარს სკოლა და აქ მოსვლა უნდა, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია.

– დაასრულეთ ფრაზა – მომავალი თაობის განვითარებისთვის უფროსი თაობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს…

თ.გ: ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება ჩვენი შვილების მიმართ. რა თქმა უნდა, მე არავის ოჯახში არ ვიჭრები. მესმის მშობლების მდგომარეობაც, სოციალური მდგომარეობაც იმ კუთხით, რომ სამსახურებში მუშაობენ. თუმცა, რომ ვაკვირდები ამ ვითარებას, მშობლები, უნდათ თუ არ უნდათ, მეტ-ნაკლებად გადართული არიან უფრო სამსახურში და შვილების მიმართ ნაკლები ყურადღებაა. თითქოს არის განცდა იმისა, რომ მთელი პასუხისმგებლობა სკოლაზე გადმოდის. ვფიქრობ, თანაბრად უნდა გავინაწილოთ, რაც გვევალება იმის ფარგლებში, ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის ყურადღების მიქცევა.

– განათლების მინისტრის მიერ დაჯილდოებულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს შორის ერთ-ერთი თქვენი სკოლის მასწავლებელი ბელა თოდუაა. თქვენი აზრით, რა არის პედაგოგისთვის ყველაზე დიდი ჯილდო და რას ეტყოდით ზოგადად მასწავლებლებს?

თ.გ: ქალბატონ ბელას 47-წლიანი გამოცდილება აქვს. პრაქტიკულად ყველა დირექტორი ჰყავს გამოცვლილი გარდა ერთისა (იცინის). ყველაზე დიდი ჯილდო მასწავლებლისთვის მოსწავლის სიყვარულის დამსახურებაა. იმის განცდა, რომ შენს ხელში უამრავმა თაობამ გაიარა, მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ წარმატებული ადამიანები არიან, თუნდაც 1% წვლილი მიგიძღვოდეს ამაში, ესეც მასწავლებლისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. ზოგადად, ჩემი მოწოდება მასწავლებლების მიმართ იქნება, რომ ძალიან უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოსწავლეები განურჩევლად მათი შეხედულებისა, ქცევისა თუ ა.შ. და თუ მოსწავლე გიყვარს, ყველაფერს გააკეთებ, რათა ხელი შეუწყო, რომ უფრო მეტად განვითარდეს.

– სკოლამ თანამედროვე ტექნიკური დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია შეიძინა. არის გამოწვევები – ტექნიკური ან სხვა ტიპის – რომლებზეც ახლაც მუშაობთ? და მათი გათვალისწინებით, რა იქნება თქვენი სათქმელი მოსწავლეებისა და მშობლებისთვის?

თ.გ: შევიძინეთ ლაბორატორია. თუ გინდა, უფრო ხარისხიანად ასწავლო თუნდაც ფიზიკა ან ქიმია, უნდა დაანახო ბავშვს, კონკრეტული ფორმულა როგორ შეიძლება, პრაქტიკაში გადმოიტანო. ეს დასამახსოვრებელიც იქნება და მოსწავლეს უფრო მეტადაც შეაყვარებს იმ საგანს, რასაც თუნდაც მხოლოდ დაფაზე ვერ აღიქვამს. შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ნამდვილად გავიმართეთ. ერთადერთი რჩება ინფრასტრუქტურის პრობლემა, რომელსაც როგორც სკოლის ბიუჯეტით, ასევე სამინისტროს დახმარებით ვაგვარებთ. მინდა გითხრათ, რომ ასევე, დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაციაც. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ძალიან კარგი პროექტია – ნანახი მაქვს.

რაც შეეხება გზავნილს მშობლებისა და მოსწავლეების მიმართ – მოთმინება გვმართებს, რადგან სოფელი ერთ დღეში არ აშენებულა. ის, რაც მე შემიძლია, რასაც ჩვენ ვწვდებით, კეთდება, მაგრამ სრულ რეაბილიტაციას უნდა დაველოდოთ. უამრავი სკოლა რეაბილიტირდა. მალე ჩვენც ჩავერთვებით ამ პროცესში და ერთ-ერთი ულამაზესი სკოლა გვექნება.

ასევე იხილეთ:

როგორი (არ) უნდა იყოს მოსწავლის სასკოლო ჩაცმულობა და სტილი? – „ზოგიერთ გოგონას იმხელა ფრჩხილები აქვს, ცარცს ვერ იჭერს ხელში“

studinfo.ge (მ)