GE

როგორი (არ) უნდა იყოს მოსწავლის სასკოლო ჩაცმულობა და სტილი? – „ზოგიერთ გოგონას იმხელა ფრჩხილები აქვს, ცარცს ვერ იჭერს ხელში“

„მოსწავლეს მოსწავლეობა უნდა ეტყობოდეს“, „ამ ასაკში რაც გვაბედნიერებს, ის უნდა გავაკეთოთ შიშის გარეშე – სკოლაში შეგვიშვებენ თუ არა“, „ზოგიერთ გოგონას იმხელა ფრჩხილები აქვს, რომ ცარცს ვერ იჭერს ხელში“, „თუ დახეული წიგნი არ არის პრობლემა, პირსინგი, შილაკი და შეღებილი თმა რანაირად არის პრობლემა, ჩემამდე ვერ მოდის“, „მოსწავლემ სკოლაში შესაფერისად ჩაცმულმა უნდა იაროს“, „არ მსიამოვნებს, როდესაც მასწავლებლები ინდივიდუალურობის გამო განგვსჯიან“, „მოხარული ვიქნები, თუ სკოლაში ფორმა იქნება და მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთისგან განირჩევა“ – ეს ფრაზები ეკუთვნით მოსწავლესა და მასწავლებელს, რომლებსაც EDU.ARIS.GE-მ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის ჩაცმასა და ზოგადად, სტილთან დაკავშირებით ჰკითხა.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოსწავლე სკოლაში – ეს საკითხი აქტუალობას არასდროს კარგავს, თუმცა წელს, ის, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებიდან მალევე, ფართო საზოგადოების მსჯელობის საგნად ისევ იქცა. სასკოლო საზოგადოების თითქმის ყველა წევრიც – მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი აქტიურად განიხილავდა ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებას (დირბის საჯარო სკოლა) – აეკრძალა გარკვეული ტიპის სამოსი სკოლაში. ჩვენ ვაკვირდებოდით სოციალური ქსელების შესაბამის თემატურ ჯგუფებს, სადაც გამოთქმული მოსაზრებები ცხადყოფდა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეები აკრიტიკებდნენ პედაგოგებს, მშობლები – მასწავლებლებსა და ერთმანეთს, თავად პედაგოგები კი – ყველას თანაბრად.

და მაინც, როგორი უნდა იყოს მოსწავლის სასკოლო ჩაცმულობა; სად გადის ზღვარი ბავშვისთვის და რა არ მოეწონებოდა თავად მას მასწავლებლის ჩაცმულობაში; თუკი, სკოლას ფორმა არ აქვს შემოღებული, რა არის პედაგოგისთვის მოზარდის ჩაცმულობაში დახეული ჯინსის ალტერნატივა? ტოპი, დეკოლტე და ა.შ. უფრო დიდი პრობლემაა, თუ…? – საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, ამ კითხვებზე პასუხები სასწავლო პროცესში უშუალოდ ჩართული მხარეების – მოსწავლისა და მასწავლებლისგან მოესმინა.

მაია თურქაძე ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელია. ჩვენი რესპონდენტი არ მალავს, რომ მოსწავლეთა ნაწილის სასკოლო სტილი და ამ საკითხზე მშობლების დამოკიდებულება არ მოსწონს.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მოსწავლეს მოსწავლეობა უნდა ეტყობოდეს. არც დახეული ჯინსი, არც პირსინგი და სხვა ზედმეტი რაღაცები არ მომწონს. ბავშვი უნდა იყოს ბავშვი და უნდა გაიზარდოს ისეთ გარემოში, როგორიც ბავშვსა და სასკოლო ასაკს შეეფერება. მე-8-მე-9 კლასებიდან დაწყებული, იმხელა ფრჩხილები აქვს ზოგიერთ მოსწავლე გოგონას, რომ ხელში ცარცს ვერ იჭერს – კალამზე აღარ ვლაპარაკობ. მისი გონება მიმართულია, რომ შილაკი გაიკეთოს, ვიღაცას თავი მოაწონოს და არა იმისკენ, რომ ისწავლოს. ძალიან ნაკლებად, რომ ასეთმა ისწავლოს. ვისაც სწავლა უნდა, ეტყობა. პირსინგი და ა.შ. თუ უნდა, როდესაც სრულწლოვანი გახდება და თავისი მოსაზრებით იცხოვრებს, შეუძლია მაშინ გაიკეთოს. თუმცა, ზოგიერთი მშობელი ბავშვზე მეტად გასაზრდელია. ასეთებსაც შევხვედრივართ სკოლაში და გვითქვამს – ამის გაზრდილი შვილი, ნეტავ, რა უნდა იყოსო“, – გვეუბნება პედაგოგი.

ქალბატონი მაია თურქაძე ისურვებდა, რომ მოსწავლე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასკოლო ფორმით დადიოდეს. მისი მოსაზრებით, ამით ბავშვიც და მშობელიც თავიდან ბევრ უხერხულ კითხვას აირიდებდნენ:

„როდესაც ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში დაიწყე მუშაობა, სკოლას თავისი ფორმა ჰქონდა – საფეხურების მიხედვით, სხვადასხვა ფერებში. მე თუ მკითხავთ, ულამაზესი ფორმა იყო. ყველა ბავშვს უხდებოდა და ამას ყველა აღიარებდა. მომხრე ვარ, რომ სკოლაში მოსწავლეები ფორმით დადიოდნენ. ვფიქრობ, მშობელსაც არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ამაზე – ამით თავს დააღწევს ათასნაირი სამოსის შეძენას და ყოველ დილით შვილის შეკითხვას -„რა ჩავიცვა, დედა“. ფორმა როდესაც იქნება ყველა ბავშვისთვის ერთნაირი, ბავშვს და მშობელს აღარ მოუწევს მოსმენა – „შენ რა გაცვია, ეს იაფფასიანია“, „უი, ეს რა არის – ასეთი ან ისეთი ხარისხისაა“ და ა.შ. მოხარული ვიქნები, თუ სკოლაში ფორმა იქნება და მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთისგან განირჩევა“.

პედაგოგის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლას სპეციალური ფორმა არ აქვს, მოსწავლემ შესაფერისად ჩაცმულმა უნდა იაროს და არა – „გადაჭრელებულად“.

„ერთი მასწავლებელი მყავდა და ამბობდა ხოლმე – „ბავშვს ისეთი ტანსაცმელი უნდა ეცვას, დაფასთან რომ გამოიყვან და ხელს აწევს, არ უნდა უჩანდეს შეხსნილი კაბიდან რაღაც-რაღაცები, რომ ყველას ყურადღება მისკენ არ წავიდეს“. ხშირად ასეც ხდება – გოგონები ზოგჯერ ისეთი ფორმით მოდიან, ჩვენ დავშტერებულვართ და ბიჭები რას იზამენ, ღმერთმა იცის. თუკი, სკოლას ფორმა არ აქვს, მოსწავლემ შესაფერისად ჩაცმულმა უნდა იაროს – მოწესრიგებულად, სუფთად, ნორმალურად და არა გადაჭრელებულად, არაბავშვურად და არაბუნებრივად“, – გვიხსნის მასწავლებელი.

კითხვას, რა უფრო დიდი პრობლემაა სკოლაში, ტოპი, დეკოლტე თუ სხვა რამ, მაია თურქაძე ასე პასუხობს:

„ჩაცმა ერთ-ერთი პრობლემაა იმ მრავალი პრობლემიდან, რაც დღეს სკოლას აქვს. ეს უბრალოდ ყბადაღებული თემაა, თორემ სკოლაში სხვა ძალიან ბევრი პრობლემაა. საკმარისად ვიცხოვრე ევროპაშიც და ვიცი, სკოლის მოსწავლეები იქ როგორ გამოიყურებიან. არის კატეგორია, რომელიც სკოლაში დადის ისე, როგორც ჩვენთან. თუმცა, მასობრივად არის ისეთი სკოლებიც, განსაკუთრებით კერძო სკოლები, სადაც ყველას თავისი ფორმა აქვს. ერთი თხოვნა მექნება, ევროპიდან რომ გადმოიღებენ ხოლმე რაღაც-რაღაცებს – ისეთს, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რაც მისაღებია, ჯერ ის გადმოიღონ და ისწავლონ. კარგიც ბევრი აქვთ და ჯერ ის გადმოვიღოთ“.

სასკოლო სტილზე მასწავლებლისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს, რომელმაც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ანონიმურად დარჩენა ისურვა. მეცხრეკლასელი გოგონა, რომელსაც უკვე არაერთი სასკოლო თუ მის მიღმა წარმატება აქვს, გვეუბნება, რომ ხშირად პედაგოგებისთვის მიუღებელი იმიტომაა, რომ სკოლაში პირსინგსა და შეღებილ თმას ატარებს.

„ბევრი მასწავლებლისთვის მე თვითონ არ ვარ მისაღები ჩემი გარეგნობისა და ინდივიდუალურობის გამო. როდესაც მასწავლებელი ხედავს ჩემს პირსინგებს და ფერად თმას, ჩემზე სხვა წარმოდგენა ექმნება, რაც მინდა რომ შეიცვალოს. [თუმცა, ხშირად არის ხოლმე, რომ ასეც ხდება]. თუ ჩემი სტილის გამო შენიშვნას მაძლევენ, ან ჩემზე არასასიამოვნო წარმოდგენა ექმნებათ, მწყინს. მასწავლებელს ან სხვა უცხო ადამიანს მირჩევნია ავუხსნა, რომ უბრალოდ ასე მომწონს და ეს მაბედნიერებს. არ მინდა იფიქრონ, რომ რადგან განსხვავებულად გამოვიყურები, უზრდელი ვარ, ან ცუდად ვსწავლობ. არ მსიამოვნებს, როდესაც პედაგოგები ჩვენი ინდივიდუალურობის გამო განგვსჯიან. მასწავლებლები ჩვენზე, მოსწავლეებზე, ბევრად გამოცდილი და განათლებული ადამიანები არიან და საწყენია, რომ ჩაცმულობის თუ სტილის გამო, ბავშვებისთვის შენიშვნის მიცემა ასე უბრალოდ და მარტივად შეუძლიათ“, – ამბობს მოსწავლე.

მისი აზრით, მოსწავლეს სწავლაში ვერც კონკრეტული ტანსაცმელი ეხმარება და არც პირსინგი თუ შეღებილი თმა უშლის ხელს. ამიტომ, მიაჩნია, რომ ბავშვმა სკოლაში ის უნდა ჩაიცვას, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს:

„მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უფლება, სკოლაში ჩაიცვას ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. სხვადასხვა სკოლაში ფერად მაისურზეა დიდი პრობლემა და მე არ ვფიქრობ, რომ სწავლაში თეთრი და შავი ტანისამოსი დაგვეხმარება. ბევრჯერ მინახავს, სკოლაში ბავშვს დახეული წიგნი შეხვდა, შემდეგ კი ეს მასწავლებელთან ან დამრიგებელთან გააპროტესტა. პასუხად მათ უთქვამთ, რომ ეს პრობლემა არ არის და რომ დახეული წიგნებით თვითონაც სწავლობდნენ. თუ დახეული წიგნი არ არის პრობლემა, მაშინ უბრალო ფერადი მაისური და რამდენიმე პირსინგი, ფრჩხილზე გაკეთებული შილაკი და შეღებილი თმა რანაირად არის პრობლემა, ჩემამდე ვერ მოდის“.

როგორც გოგონა გვეუბნება, იმის მიუხედავად, რომ ჩაცმულობასთან დაკავშირებით სკოლის წესებს არ ემხრობა, მას მაინც ემორჩილება.

„ზოგადად, დახეული ჯინსების თუ ტოპის აკრძალვას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვის გონება ამას სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ჩემი აზრით, როდესაც მოსწავლე არჩევს ტანისამოსს, თვითონვე ხვდება, რა იქნება მისაღები და რა – არა. ვგულისხმობ ზედმეტად ამოღებულ სამოსს, ტოპს, ძალიან მოკლე შორტებს. ბავშვებს შეუძლიათ ამის ჩაცმა, თუმცა სკოლაში – არა. გააჩნია, ამ საკითხზე ვის მშობელს რა დამოკიდებულება აქვს. პირადად მე, ჩაცმულობასთან დაკავშირებით სკოლის წესებს ვემორჩილები, თუმცა არ ვემხრობი. ვფიქრობ, ადამიანი და მით უმეტეს ბავშვი, ამ რაღაცებით არ განისაზღვრება. რაც გვაბედნიერებს ამ ასაკში, ის უნდა გავაკეთოთ შიშის გარეშე – სკოლაში შეგვიშვებენ თუ არა. მე მაგალითად, მასწავლებლის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის მთავარია, ტანსაცმელი ეცვას და სრულყოფილად ჩაატაროს გაკვეთილი – ისე, როგორც ევალება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მოსწავლემ.

ასევე იხილეთ:

„სასკოლო ფორმა და მოსწავლის თავისუფლება – რას ამბობს კანონი?“

„რატომ გეშინიათ, რომ მოსწავლე და მასწავლებელი მაღალ კლასში შეიძლება ერთნაირად იცვამდნენ? – რატომ არ მიყვარს/არ მინდა ფორმა“

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური