51-ე სკოლის მოსწავლეებს პროფესიული პროგრამების კურსები ჩაუტარდათ
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში კოლეჯების მიერ პროფესიული პროგრამების კურსი განხორციელდა.
51 საჯარო სკოლაში პროფესიული პროგრამების კურსი განხორციელდა საზოგადოებრივი კოლეჯების – „იკაროსი“, „მერმისი“, „აიტი აკადემია“ მიერ. სულ განხორციელდა შემდეგი პროგრამები: კულინარია, კონდიტერია, სერვირება, ბარმენის სპეციალობა, სურსათის უვნებლობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება.
კურსების განხორციელების პრაქტიკამ აჩვენა, რომ სკოლის ასაკში პროფესიული უნარების გამომუშავებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეებში პროფესიული უნარების სწავლების მოტივაცია. „მე, მე-8 კლასში ვარ. კულინარიის კურსებიდან ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან არ მეგონა თუ შევძლებდი. დღეს უკვე შემიძლია დამოუკიდებლად მოვამზადო კერძი. გავხდი უფრო მიზანდასახული და თვითდაჯერებული“- აღნიშნა ელენე ლაფაჩმა.
გიორგი ტორუა კი აღნიშნავს: „მე სკოლაში გავიარე სერვირების კურსები. თავიდან იმ ინტერესით ჩავეწერე გამეგო რა იყო. გულწრფელად მინდა განვაცხადო, რომ ძალიან საინტერესო და საჭირო სპეციალობაა. შეიძლება არ იმუშაო ამ მიმართულებით, მაგრამ აუცილებლად გამოგადგება. მაგ: თუ იქნები სასტუმროს მენეჯერი, ამ პროფესიის ცოდნა დაგეხმარება სწორად წარმართო ის სტანდარტი რასაც ეს სფერო მოიცავს. ვთვლი, რომ ამ პროგრამებმა მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გახადა საინტერესო და მრავალფეროვანი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წელს დაიწყო მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება. პროგრამაში დღემდე საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ძალები 43 სხვადასხვა პროფესიაში მოესინჯათ.