GE
6 ნოემბერი, 2025 14:21

61-ე სკოლის დირექტორი: „მოსწავლეს უნდა უხაროდეს სკოლაში მოსვლა და მასწავლებლის არ უნდა ეშინოდეს“

EDU.ARIS.GE აგრძელებს მკითხველისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერების სულ სხვა კუთხით გაცნობას და ამ მიზნით, თბილისის კიდევ ერთი მრავალკონტინგენტიანი სკოლის დირექტორთან მეგობრულ ინტერვიუს გთავაზობთ.

ჩვენი რესპონდენტი პროფესიით ფინანსისტია და ფიქრობს, რომ დღეს საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატება, ტექნოლოგიებსა და მეტ შემოსავალზე დგას. სწორედ ამიტომ, ცდილობს, თავისი პროფესია სკოლის ფინანსური სიძლიერისა და ბავშვების კეთილდღეობისთვის გამოიყენოს.

სკოლაში, რომლის ლიდერიც შორენა ღუდუშაურია, 1 600-მდე მოსწავლე სწავლობს. მისი სურვილია, პედაგოგები ბავშვების მეგობრები იყვნენ და მათთან მისვლა ყველას უხაროდეს.

მაშ ასე, დღეს წარმოგიდგენთ თბილისის 61-ე საჯარო სკოლის დირექტორს, შორენა ღუდუშაურს, რომელსაც EDU.ARIS.GE 21 ოქტომბერს ესტუმრა.

– ქ-ნო შორენა, რას ნიშნავს თქვენთვის დირექტორობა – სკოლის ლიდერობა?

– შორენა ღუდუშაური: მე ვფიქრობ, რომ დირექტორი სკოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია. როდესაც ხარ დირექტორი – შენ მართავ სკოლას, შენ ქმნი მის კულტურას. შესაბამისად, შენ ხარ ლიდერი-მეგობარი ყველა თანამშრომლის, ყველა მოსწავლის, ყველა მშობლის.

– დაახასიათეთ თქვენი დროის და თანამედროვე პედაგოგები მოკლედ…

– შ.ღ: ჩემი დროის პედაგოგებშიც იყვნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც დღესაც სანატრელია და გვყავს კიდეც. მე მყავდა დამრიგებელი – მასწავლებელი, რომელიც ყველა დროის პედაგოგის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. დღესაც, ამ ადამიანს ჩემს სკოლაში სიამოვნებით ვამუშავებდი. ჩემს პედაგოგებზე ვერაფერს ვიტყვი – ყველა პროფესიონალი იყო, თუმცა რაც შეეხება საერთო დახასიათებას, იმ დროს იყო მიდგომები, როცა ცოტა უფრო უფროსობის სტატუსით სარგებლობდნენ. როცა მასწავლებელი თვლიდა, რომ ის უფროსია და აქვს უფლება, გეუფროსოს.

რა თქმა უნდა, უფროსი უმცროსს ასწავლის. მას დიდი გზა აქვს გავლილი, მაგრამ ეს მეგობრული უნდა იყოს. სულ ვითხოვ არა, ვთხოვ ჩემს პედაგოგებს, რომ პირველ რიგში ბავშვების მეგობრები იყვნენ. მოსწავლეებს მათი არ ეშინოდეთ. ასევე, ასწავლონ უფროს-უმცროსობის ზღვარი. თუმცა, რადგან ჩვენ მათზე უფროსები ვართ, ეს მოსწავლისთვის არა სადამსჯელო ხასიათის მქონე რჩევები, არამედ მეგობრული უნდა იყოს. ბავშვებს მათსავე შეცდომებზე უნდა ვასწავლოთ და ამით სწავლაც შევაყვაროთ. მოსწავლეს უნდა უხაროდეს სკოლაში მოსვლა და მასწავლებლის არ უნდა ეშინოდეს. მან უნდა იცოდეს, რომ აქ მის მომავალზე მზრუნველი ადამიანები მუშაობენ. ამას ჩემი სკოლა და პედაგოგები მაქსიმალურად ახერხებენ და მადლობა მათ. ვერ ვიტყვი, რომ არ ხდება ჩვენთან ისეთი რამ, რომ ვიღაცას რაღაცაზე შენიშვნა არ მივცეთ, მაგრამ ყველაფერი რჩევის სახით ხდება.

– სკოლის მიზნების, ამოცანებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რა იქნება მშობლებისთვის თქვენი მთავარი სათქმელი?

– შ.ღ: ჩემი მოსწავლეების მშობლებს და ზოგადად, მშობლებს მინდა ვთხოვო – არ უყურონ სკოლას, დირექციასა და მასწავლებლებს ისეთი თვალით, რომ ბავშვი ვიღაცამ ამოიჩემა. ასეთი ძველი გაგებები ხშირად არის. მინდა ვუთხრა მშობლებს – ჩვენ ერთად უნდა გავზარდოთ თქვენი შვილები. აი, ამაში იყვნენ ყოველთვის დარწმუნებულები, როგორც მათ უნდათ, მათი შვილები გაიზარდონ და როგორებიც, ასევე გვინდა ჩვენც, რომ ყველანაირად მათ გვერდით ვიდგეთ. მათ მინდა ასევე ვთხოვო – ჩვენ გვერდით იყვნენ.

– 61-ე საჯარო სკოლა, როგორც თქვენი სკოლის ღირებულებების შესახებ ინფორმაციაში ამოვიკითხეთ, „გლობალიზაციის პროცესისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, აღიარებს ღირებულებებს, რომელთა მიღება და გათავისება სასკოლო საზოგადოების მიერ ხელს შეუწყობს ისეთი მოაქალაქის აღზრდას/ჩამოყალიბებას, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს მსოფლიო/საერთაშორისო გამოწვევებს“. რა არის ის, რასაც ამ კუთხით მოსწავლეებს ასწავლით?

– შ.ღ: ვცდილობთ, ბავშვებში განვავითაროთ ის უნარები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ გლობალიზაციის პროცესებს ავყვეთ. ვასწავლით კომუნიკაბელურობასაც, აუცილებლად. ასევე, მოსწავლეების ნიჭის აღმოჩენას და მათ განვითარებას ვცდილობთ.

– გვითხარით მეტი 61-ე სკოლის მისიასა და ხედვაზე. როგორ და რამდენად ახერხებთ ამ მისიის შესრულებას?

– შ.ღ: სწორედ გლობალიზაციის გამო არის ზუსტად, რომ ვცდილობთ, ჩვენი მისიაც იყოს, გავუმარტივოთ მოსწავლეებს, რომ ამ გლობალიზაციას ავყვეთ, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციის კუთხით. ამიტომაც, ჩვენი მისია არის სკოლაში ტექნოლოგიების განვითარება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა იყოს აღჭურვილი სკოლა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებაც მოსწავლემ სათანადოდ უნდა იცოდეს. ეს მისია სწორედ ამიტომ ავირჩიეთ.

ასევე იხილეთ: 

161-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „მოსწავლეებსა და მშობლებს ვეტყოდი, რომ მოთმინება გვმართებს – სოფელი ერთ დღეში არ აშენებულა“

studinfo.ge (მ)