GE
15 მარტი, 2022 14:54

თბილისის 83-ე საჯარო სკოლის დანგრევა და თავიდან აშენება გადაწყდა – სკოლაში დაწყებული რემონტი მისი დემონტაჟის საფუძველი გახდა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე 83-ე საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის ბრძანება გაცემულია – სკოლა 2022 წლის 14 მარტიდან 2022 წლის 14 ივლისამდე უნდა დაინგრეს, მერე კი ახალი აშენდეს.

სკოლის დირექტორი, ნინო გოგოჩაშვილი EDU.ARIS.GE-თან ამბობს, რომ სკოლაში 2020 წლის ზაფხულში  სარემონტო სამუშაოები დაიწყო და მალევე გაირკვა, რომ შენობა ისე იყო დაზიანებული, მისი რემონტი უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის აშენება და ამიტომაც, მისი დემონტაჟი და ახლის აშენება გადაწყდა.

2021 წლის სექტემბერში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 83-ე საჯარო სკოლა იმ ობიექტების ნუსხაში შეიყვანა, რომელთა მშენებლობის დაწყება 2022-2025 წლებში იგეგმება. სკოლის დირექციის ინფორმაციით, შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები დაახლოებით სამი-ოთხი თვე გასტანს, აშენებას კი წელიწადნახევარი სჭირდება. 83-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ინფრასტრუქტურულად გამართული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის ექნებათ.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც 83-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები მეზობლად მდებარე, 82-ე საჯარო სკოლაში უტარდებათ. გავრცელდა ხმებიც, რომ სკოლის ადგილას საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რის გამოც დირექციას მოუწია სკოლის ოფიციალურ გვერდზე დაეწერა: „არ აყვეთ ჭორებს, კორპუსი არ აშენდება“.

სკოლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მშობლები უკმაყოფილებას გამოსთქვამენ და წერენ: „2 წელი ფუჭად დაიკარგა ისედაც, რაც შენობა უფუნქციოდ დგას. ახლა კიდევ 3 წელი! ძალიან სამწუხაროა“, „1 წლით გამოგვიშვით და ახლა 2025 წელი? კარგით, რაა“…

ნინო გოგოჩაშვილი EDU.ARIS.GE-თან ამბობს, რომ მშობლები იმის გამო წუხან, სკოლა მათი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით რომ არის, თუმცა სკოლის კონტიგენტი ამის გამო არ დაუკარგავთ.

„82-ე საჯარო სკოლა ჩვენივე უნაბში მდებარეობს, ოღონდ ჩვენი სკოლიდან ორი გაჩერების იქით. სარემონტო სამუშაოები რომ დაიწყო, ეს პროცესი გაწერილი იყო ერთ წელზე და მერე უნდა დავბრუნებულიყავით ჩვენს სკოლაში – ასე იცოდნენ მშობლებმაც, მაგრამ მოგვიწია დაგვეწყო დემონტაჟთან დაკავშირებული საბუთების მოგროვება და ამიტომაც გაიწელა ეს ყველაფერი. ძველი შენობაა და შეცვლა აუცილებელია, რადგან ყველაფერს თავისი ვადა აქვს. უკვე შევათანხმეთ შესაბამის ორგანოებთან, რამდენი საკლასო ოთახი დაგვჭირდება, ლაბორატორია როგორი უნდა იყოს და ა. შ.

„სკოლის კონტიგენტი შევინარჩუნეთ, რადგან ხარისხზე ვართ ორიენტირებული და ეს ყველა მშობელმა კარგად იცის. 82-ე საჯარო სკოლაში, სადაც ახლა გვიწევს სწავლა, ძალიან კარგი და უსაფრთხო გარემოა და კარგი მასპინძელიც გვყავს. ერთობლივ პროექტებსაც ვახორციელებთ და ბავშვებიც მეგობრობენ ერთმანეთთან. სახლიდან სკოლამდე მანძილი და დაშორება იწვევს ზოგიერთი მშობლის უკმაყოფილებას, თუმცაღა როდესაც ხარისხიანი განათლება უნდათ თავიანთი შვილებისთვის, სიშორეს მნიშვნელობა აღარ აქვს“, – ამბობს დირექტორი.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რომ არა რემონტი, ბავშვებს მოუწევდათ თუ არა საშიშ გარემოში სწავლა, ნინო გოგოჩაშვილი ასე პასუხობს:

„როგორ ვერ მივხვდებოდით, რომ სახიფათო გარემო იყო, – სადღაც ბზარი გაჩნდა, სადღაც რაღაც და ამიტომაც დავიწყეთ რემონტი. სიღრმეებში რომ ჩავიდნენ და კედლებთან დაკავშირებული სამუშაოები დაიწყეს, უფრო მეტად გამოიკვეთა დაზიანება. რადგან დასკვნა დაიდო, ესე იგი, ჩვენზე კომპეტენტურმა ადამიანებმა მიიჩნიეს საჭიროდ, რომ სკოლის დემონტაჟი განხორციელებულიყო. ჩვენ მაინც ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაწვდით რესურსცენტრს ინფორმაციას, რამე ხომ არ ხდება, დაზიანებული ხომ არ არის სკოლა და ა. შ. რესურსცენტრი კი განათლების სამინისტროს აწვდის ინფორმაციას. რემონტიც ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო თავის დროზე“.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში