აბიტურიენტის დედას სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდებზე დაწესებულ მოთხოვნებზე კითხვები აქვს
ორი შვილის დედას, რომელიც წელს აბიტურიენტის მშობელია, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კითხვები აქვს და სკოლაში მიღებულ არასაკმარის ცოდნაზე საუბრობს.
პროფესიით დიზაინერი ნათია, დღეს 17 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის წლევანდელმა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა სერიოზული კითხვა გააჩინა – “რას ამოწმებს სინამდვილეში ეს გამოცდები?”
“თუ მიზანი სასკოლო პროგრამის ცოდნის შეფასებაა, მაშინ როგორ შეიძლება ტესტები იყოს იმ დონეზე შედგენილი, რომ ათასობით მოსწავლე, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობდნენ, გამოცდიდან სრული იმედგაცრუებით გამოვიდეს?
მათემატიკა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია, თითქმის ყველა საგანზე ერთი და იგივე შეფასება ისმის: ტესტები იყო გაუმართავი და რთული. განსაკუთრებით კატასტროფული იყო ქიმია და ბიოლოგია, რომლებშიც მრავალი დავალება მოითხოვდა არა უბრალოდ სკოლის პროგრამის ცოდნას, არამედ გაცილებით ღრმა, უნივერსიტეტის საწყისი დონის ან ოლიმპიადისთვის დამახასიათებელ ანალიზს. ეს უკვე სცდება იმ სტანდარტს, რომელსაც სახელმწიფო სკოლებში რეალურად ასწავლიან.
მაშინ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: თუ სკოლა ვერ გაძლევს იმ ცოდნას, რასაც გამოცდა ითხოვს, რატომ უნდა შეფასდე იმ კრიტერიუმით, რომლის მიღწევის შესაძლებლობაც ყველას თანაბრად არ აქვს?
ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა აფასებდეს ცოდნას, ლოგიკურ აზროვნებასა და სასკოლო პროგრამის ათვისებას, და არა იმას, ვის ჰქონდა შესაძლებლობა ემეცადინა დამატებით, ესარგებლა ძვირადღირებული რეპეტიტორებით ან სპეციალიზებული კურსებით.
გამოცდის მიზანი საუკეთესოების ხელოვნურად “გაფილტვრა” არ უნდა იყოს. მისი მიზანი სამართლიანი შეფასებაა. როდესაც ერთი და იგივე უკმაყოფილებას გამოთქვამენ ძლიერი, საშუალო და სუსტი აბიტურიენტები, ეს უკვე ინდივიდუალური პრობლემა აღარ არის- ეს სისტემური პრობლემის მაჩვენებელია.
არავინ ითხოვს მარტივ გამოცდებს. მაგრამ არსებობს უზარმაზარი განსხვავება რთულსა და უსაფუძვლოდ გადამეტებულ სირთულეს შორის. სახელმწიფო გამოცდა უნდა შეესაბამებოდეს იმ პროგრამას, რომელსაც თავად სახელმწიფო ამტკიცებს და რომლის სწავლებაზეც თავად არის პასუხისმგებელი.
იმედი მაქვს, ამ ყველაფერს შესაბამისი უწყებები სერიოზულად გააანალიზებენ, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდა არ უნდა იქცეს იმ კონკურსად, რომელშიც წარმატებას მხოლოდ ის აღწევს, ვისაც სკოლის მიღმა დამატებითი რესურსები ჰქონდა. განათლების სისტემა სამართლიანობაზე უნდა იდგეს და არა იმაზე, თუ ვინ შეძლო პროგრამაზე ბევრად მეტი მასალის დამოუკიდებლად ათვისება.
იმედი მაქვს რაიმე სახის რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს, ვინაიდან, დამეთანხმებით, თუ როგორი ძნელია უყურო შვილს მთელი წლის განმავლობაში სწავლობდეს, შრომობდეს, მეცადინეობდეს და საბოლოოდ გამოცდიდან განადგურებული გამოდიოდეს. მადლობა!”, – წერს აბიტურიენტის დედა.
ასევე იხილეთ:
„რთული წელი ფინანსურად“ – აბიტურიენტების მშობლები სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოწვევებზე ქუთაისიდან
-
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“ by სკოლების ამბები
-
სასკოლო წიგნის ყდა თუ შინაარსი? – რა ვიცით ახალ სახელმძღვანელოებზე განათლების მინისტრისგან by სკოლების ამბები
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები