GE
28 აპრილი, 2020 13:07

აგვისტოს ომის ვეტერანთა შვილების მხარდაჭერა სკოლა „პროგრესისგან“

ლიზი მახარაძე, მარიამ ბეგიაშვილი, ლიკა დარჩიძე და ქეთი ფუტკარაძე ის გოგონები არიან, საკუთარი მამების დამსახურება, რომ ბავშვობიდანვე საამაყოდ თან სდევთ, თუმცა მათით თავმომწონეობის საფუძველი მშობლებსაც არაერთი აქვთ. ამაში კი ისინი კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული სიმძაფრით მაშინ დარწმუნდნენ, როცა შვილების საკმაოდ რთულ კონკურსში გამარჯვება შეატყობინეს.

გონებათა შეჯიბრის ორგანიზატორი კი განათლების სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუცია საქართველოში ,,საერთაშორისო სკოლა კოლეჯი პროგრესია”! სასწავლებელი, რომელმაც გადაწყვიტა, აგვისტოს ომის ვეტერანთა შვილების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კონკურსში საუკეთესო ქულების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა დაეფინანსებინა. ასე იქცა კიდევ 4 გონიერი გოგონა დიდი ოჯახის ახალ მატებად.

მათი პროგრესში სწავლის დაწყება მალევე პანდემიის პირობებში დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას დაემთხვა, თუმცა ამბობენ, რომ სიახლესთან ადაპტაცია ადვილად შეძლეს. ერთმა ისიც აღნიშნა, რომ ამ პირობებში თავი ფილმის გმირად წარმოუდგენია, სადაც აწმყო ფუტურისტულ სამყაროს ჰგავს.

პროგრესის მთავარ უპირატესობად კი სწორედ დროის გადასწრება მიიჩნევა. ამის მაგალითი ბევრია. იქნება ეს უკვე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სახელდახელოდ ორგანიზებული ეფექტური პროგრამა, თუ წლების წინ შექმნილი ონლაინ პორტალი, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმში საკლასო ჟურნალად იქცა.

ერთ-ერთი მთავარი რამ კი, რასაც პროგრესი ახალგაზრდებს უზიარებს, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და მათი განვითარების სწორხაზოვანი მიმართულებით გაძღოლაა. ახალ და საკმაო გამოწვევად ქცეულ დისტანციურ რეჟიმთან ადაპტირების უნარიც უკლებლივ ყველა მოსწავლეს აღმოაჩნდა.

გოგონების პროგრესთან შეერთების ისტორია წარმატებულ სტარტს ემყარება და ამავე კურსით გრძელდება. ამბობენ, რომ სკოლის მთავარ მონაპოვარს განათლების რესურსის საუკეთესო გზებით გადაცემის ტრადიციაში ხედავენ. სწორედ ამ პროცესის ნაწილად ყოფნა ის მთავარი იარაღია, რომლის გამოყენებითაც ვეტერანთა შვილები საკუთარი ნათელი მომავლისთვის იბრძვიან!

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი“ ახორციელებს “ვეტერანთა შვილების დახმარების“ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის ომში გარდაცვლილი და ვეტერანთა ოჯახების შვილებს, ასევე, მინდობით აღზრდაში მყოფი მოზარდების სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მოსწავლეები სკოლაში კონკურსის საფუძველზე ირიცხებიან.

“ჩვენი სურვილია მცირედით მაინც დავაფასოთ ომის ვეტერანების ღვაწლი და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ მოსწავლეებს მიიღონ ხარისხიანი განათლება. ჩვენთან სწავლება ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ სტანდარტებს. მიღებული ცოდნა ეხმარება მოსწავლეს თანამედროვე გამოწვევების დაძლევაში და განაპირობებს შემდგომ წარმატებას“, – ამბობს სკოლა “პროგრესის” დირექტორი ნანა ჩარექიშვილი.

სკოლა პროგრესი საშემოდგომო სემესტრში ისევ გამოაცხადებს კონკურსს.

Aris.ge - განათლება განათლება