„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია
საქართველოს 9 მოქალაქისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას და შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვს.
მოქალაქეებმა – აკაკი ჩიქობავამ, ანა კამლაძემ, გიორგი ქართველიშვილმა, გიორგი ხასაიამ, ეკატერინე დანელიამ, ვახტანგ ნაცვლიშვილმა, თათია ვერულაშვილმა, ინა ჩარკვიანმა და კონსტანტინე ჩაჩიბაიამ, უკვე მიმართეს საქართველოს პარლამენტს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თხოვნით, რათა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლება მოიპოვონ.
საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ 4 მაისს განსაზღვრა, რომ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, 5 დღის ვადაში უნდა მიიღოს.
რა წერია კანონის პროექტში, რომლის პარლამენტში წარდგენის უფლებასაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვს
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატოს მუხლი – უფასო სასკოლო კვება, რომელიც შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:
1. ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების, მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სასკოლო კვებას საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის. სასკოლო კვება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით.
2. სასკოლო კვების პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო დაბალანსებულ და ჯანსაღ საკვებს.
3. სასკოლო კვების პროგრამის დიზაინი, კვების მოდელი, საკვების რაციონი, პროგრამის მართვისა და საკვების ხარისხის კონტროლის საკითხები, ბიუჯეტი და პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საჯარო სკოლების გეოგრაფიული მდებარეობისა და ინფრასტრუქტურული მზაობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა საჯარო სკოლაში აამოქმედოს სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი. სასკოლო კვების ნებმისმიერი მოდელი უწდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
4. სახელმწიფო უფლებამოსილია, სასკოლო კვების პროგრამის ფარგლებში გამოიყენოს მხოლოდ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ან პროგრამის ფარგლებში დააწესოს კვოტა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უფასო სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას მიაწოდოს წინადადებები და შენიშვნები უფასო სასკოლო კვების პროგრამის შესახებ.
გარდა ამისა, კანონის პროექტში გაწერილია, თუ რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობამ უფასო სასკოლო კვების ამოქმედებამდე.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ:
- 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღოს სასკოლო კვების პროგრამის დიზაინის, კვების მოდელის, საკვების რაციონის, პროგრამის მართვისა და საკვების ხარისხის კონტროლის საკითხების, ბიუჯეტისა და პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების წესის განმსაზღვრელი დადგენილება.
- 2026 წლის 15 სექტემბრამდე შეარჩიოს საჯარო სკოლები, რომლებშიც ამავე თარიღიდან დაიწყებს უფასო სასკოლო კვების საპილოტო პროექტებს. საპილოტე პროექტები შემუშავებული უნდა იყოს იმგვარად, რომ სასკოლო კვების პროგრამა უზრუნველყოფდეს მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო დაბალანსებულ და ჯანსაღ საკვებს.
„სამეცნიერო წრეებში არ დავობენ, რომ კვების უკმარისობა ბავშვებში აქვეითებს გონებრივ უნარებს, მეხსიერებას და გრძელვადიან განვითარებას, რაც ამცირებს აკადემიურ მოსწრებას და მოსწავლეებს შორის უთანასწორობას იწვევს; მშიერ ან ცუდად გამოკვებილ ბავშვს უჭირს მოსმენა, კონცენტრირება და სწავლა – შიმშილი ნეგატიურად ზემოქმედებს ყურადღებასა და შეცნობის უნარზე; ბავშვების შიმშილმა შეიძლება მთლიანად სასწავლო პროცესი და სასწავლო გარემო დააზიანოს. ამას გარდა, საკვების დეფიციტი ბავშვებში ხშირად იწვევს კვებით აშლილობებსა და ჭარბწონიანობას…
არსებობს მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება არ უნდა დაიწყოს მანამ, სანამ საჯარო სკოლებს საკვების ადგილზე დამზადების ინფრასტრუქტურა არ ექნებათ. ეს მოსაზრება სასკოლო კვების არდაწყების საბაბია, რადგან ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას წლები, შესაძლოა, ათწლეული დასჭირდეს; კვლევის მიხედვით, საჯარო სკოლების სრულ განახლებას მილიარდ 600 მლნ ლარი სჭირდება. საბაბია, მათ შორის, იმიტომ, რომ შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება:
- სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს ადგილზე;
- სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
რა თანხა შეიძლება დაიხარჯოს ბიუჯეტიდან უფასო სასკოლო კვების პროგრამაზე
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაითვალეს, რა იქნება უფასო სასკოლო კვების სრული საორიენტაციო ბიუჯეტი და დადგინდა, რომ 545 270 მოსწავლისთვის განკუთვნილი ერთჯერადი კვება ბიუჯეტს 2022 წლის სექტემბერში 198 მილიონი ლარი დაუჯდებოდა.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება, მოამზადოს და მიიღოს დადგენილება, რომლითაც სხვა საკითხებს შორის, განსაზღვრავს პროგრამის დიზაინს, სასკოლო კვების მოდელსა და საკვების რაციონს, რასთანაც პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროგრამის ბიუჯეტი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, დაითვალოს და განისაზღვროს ახალ ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობა.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი
ასევე იხილეთ:
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
„ბედნიერება არჩევანშია” – გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე (EMO-2026) მე-6 ადგილი დაიკავეს by სკოლების ამბები
-
რომელია სწორი: თეფშები დადო თუ თეფშები დააწყო? ფოთლები ვარდება თუ ფოთლები ცვივა? – წესები და მაგალითები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები