ომბუდსმენის რეკომენდაცია განათლების მინისტრს – „დაიწყოს სკოლებში უფასო კვების პროგრამის ეტაპობრივი დანერგვა“
სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება, ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, უფასო სასკოლო კვების საკითხზეც არის საუბარი.
როგორც საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი, სასკოლო სივრცეში კვების ობიექტების მოწყობა მიმდინარეობს, თუმცა „სასკოლო კვების პროგრამა“ ამ დრომდე არ დანერგილა.
ომბუდსმენის შეფასებით, სკოლებში უფასო კვების დასანერგად შესაბამისი ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელება, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია.
„მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში განათლების სამინისტრო განაგრძობს სასკოლო სივრცეში კვების ობიექტების მოწყობაზე მუშაობას, 2023 წლის განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული „სასკოლო კვების პროგრამა“, რომელიც სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა, ამ დრომდე არ არის დანერგილი.
ბავშვთა სიღარიბისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლებში უფასო კვების დასანერგად შესაბამისი ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელება, უმნიშვნელოვანესია ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საპარლამენტო ანგარიშში.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, რომ „დაიწყოს სკოლებში უფასო კვების პროგრამის ეტაპობრივი დანერგვა“.
ასევე იხილეთ:
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები
-
„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია by სკოლების ამბები
-
„ბედნიერება არჩევანშია” – გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS