ახალციხელი XI კლასის მოსწავლე ამერიკაში ისწავლის – როგორ აიხდინა ოთარ ჯინჭველაძემ ოცნება
ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ოთარ ჯინჭველაძე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ოთარი ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ შეირჩა, რომელიც შედგებოდა ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში.
მოგეხსენებათ, FLEX-ი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ახალციხელი ბიჭი, რომელიც EDU.ARIS.GI-ს საკუთარ თავზე და მიღწეულ წარმატებაზე მოუყვა, ამბობს, რომ მეორედ სცადა ამავე პროგრამით ამერიკაში წასვლა.
„პირველად ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ახლა ამერიკაში ვყოფილიყავი. უფრო მეტი შემართებითა და მოტივაციით მოვედი ამ შედეგამდე. პირველ რაუნდში ესეები დავწერე, შემდეგ – ინგლისურის ტესტი და მერე გასაუბრება გავიარე. ბევრს ამ პროგრამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და ჰგონია, რომ ინგლისური ენის კურსია. არადა, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამაა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ამერიკაში მიჰყავთ ისეთი ბავშვები, ვინც არამხოლოდ ინგლისური ენა იცის, არამედ, გააჩნია ის უნარები, რომლითაც თავის ქვეყანას წარადგენს ამერიკაში, მიიღებს იქ კარგ გამოცდილებას და მერე ისევ და ისევ თავის ქვეყანაში გაუზიარებს იმ გამოცდილებას ადამიანებს. ვფიქრობ, ჩემმა მიზანდასახულობამ და შრომისმოყვარეობამ მოახდინა დიდი გავლენა ჩემზე, რადგან V კლასიდან ვიცოდი ამ პროგრამის შესახებ და როცა ვუყურებდი სხვა ბავშვების ფოტოებს, რომლებიც ამერიკაში მიდიოდნენ, მიზნად დავისახე, რომ მეც წავიდოდი ამ გზით“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ოთარ ჯინჭველაძემ.
XI კლასელი ბიჭი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში გამარჯვების მოსაპოვებლად, ფსიქოლოგიური ტესტია.
„ინგლისური გარკვეულ დონეზე უნდა იცოდე იმისთვის, რომ შენი აზრი გამოხატო. ამის გარდა, უნდა გქონდეს ის თვისებები, რომლითაც ამერიკაში თავს გაიტან, არ უნდა იყო კონფლიქტური, მარტივად უნდა შეგეძლოს ადაპტირება სხვადასხვა გარემოში და ა. შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტია, ინგლისური – მეორეხარისხოვანი“, – ამბობს ახალციხელი ბიჭი, რომელიც ფიქრობს, რომ სკოლას დიდი როლი მიუძღვის მის წარმატებაში, რადგან ადამიანის ჩამოყალიბება სკოლაში ხდება, თუმცა, სკოლის გარდა, სხვა ბევრ აქტივობაშიც იყო ჩართული.
ოთარ ჯინჭველაძე თავის სკოლაში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლება. თავისი სკოლის მადლიერია, მაგრამ ფიქრობს, რომ სკოლა არ იძლევა საშუალებას, ბავშვს ანალიზის უნარი განუვითარდეს.
„სკოლაში აკადემიურად ხდება ბავშვის განვითარება და რაღაცის ანალიზის უნარს ნაკლებად გაძლევს, ჯგუფური მუშაობა აკლია. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ძალიან კარგად სწავლობს, ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობ, სკოლაში უნდა იყოს სხვადასხვა ღონისძიებები, რაც ბავშვს მენტალურადაც წასწევს წინ და არა მხოლოდ აკადემიურად.
„სხვადასხვა ორგანიზაციები, კლუბები არსებობს, სადაც ბავშვს შეუძლია, სხვადასხვა უნარები განივითაროს. მე ძალიან დამეხმარა ჩვენს ქალაქში არსებული „ამერიკის კუთხე“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“… მათ სხვადასხვა პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას და საზოგადოებასთან მიწევდა ურთიერთობა, პრეზენტაციების გამართვა, რითაც სხვადასხვა უნარები ჩამომიყალიბდა“, – ამბობს ოთარი.
ამერიკაში სწავლა ოთარ ჯინჭველაძის ბავშვობის ოცნებაა. ფიქრობს, რომ იქ ბევრი რამის სწავლის საშუალება მიეცემა.
„ამერიკაში სწავლა ჩემი ოცნებაა. იქ ისეთ საგნებს ავირჩევ, რომელიც მომავალ პროფესიაში გამომადგება და ტექნოლოგიებთან იქნება დაკავშირებული. სკოლის დამთავრების შემდეგ, ალბათ ისევ ამერიკაში ან ევროპაში ვამჯობინებ სწავლის გაგრძელებას და ისევ იმისთვის, რომ იქ ნასწავლი გამოცდილებით დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში და აქ გავაკეთო სასიკეთო საქმე. იქაურ სკოლებში ძალიან მოთხოვნადია სპორტი და აუცილებლად უნდა ჩაება. სპორტის გაკვეთილები ახალციხის სკოლაშიც მაღალ დონეზე ტარდება – კალათბურთი, ფეხბურთი… ვცდილობთ, ჯანსაღად ვიცხოვროთ და მასწავლებელიც ხელს გვიწყობს. გონებრივ სპორტზე, ჭადრაკზე დავდიოდი და ასევე, – კარატეზე, კალათბურთზე, ცეკვაზე“, – გვითხრა ახალციხელმა სკოლის მოსწავლემ.
რომელ შტატში და როგორ ოჯახში იცხოვრებს ერთი წლის განმავლობაში, ოთარმა ჯერ არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, ისეთ ადგილას მოხვდება, რომელიც მისი შესაფერისი იქნება.
„გვეკითხებიან ჩვენს ჰობზე და ინტერესებზე, თუ როგორ გვინდა, რომ განვავითაროთ მომავალი ცხოვრება და ეს ინფორმაცია იტვირთება ელექტრონულად. შემდეგ კი, ის ოჯახები გვიპოვიან თავად, რომელთა ინტერესებიც ჩვენსას დაემთხვევა“, – ამბობს ოთარ ჯინჭველაძე.