GE
29 ივლისი, 2024 10:40

„პედაგოგის პასუხისმგებლობა ბოლო ზარით არ მთავრდება“ – ახალგაზრდა მასწავლებელი სამეგრელოდან, რომელიც გამოცდებზე 35 მოსწავლეს გაჰყვა

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, 27 წლის ისტორიის პედაგოგს გაგაცნობთ, რომელმაც არც 2024 წელს დაიზარა და საკუთარ 35 მოსწავლეს ეროვნულ გამოცდებზე გაჰყვა. ეს გია კვარაცხელიაა სამეგრელოდან, რომელიც ქალაქ ჯვარის მე-2 საჯარო სკოლაში ასწავლის და, ამავდროულად, რეპეტიტორია. გია EDU.ARIS.GE-სთან გასულ საგამოცდო ციებ-ცხელებზე გვესაუბრა და საკუთარი მაგალითით იმ პასუხისმეგბლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ფიქრობს, რომ ყველა სკოლის პედაგოგისთვის ნაცნობია.

„უკვე მეოთხე წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ. რთულია, ჩემს უფროსკლასელ მოსწავლეებსა და ჩემ შორის ასაკობრივი სხვაობა იპოვნოთ. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. წელს 35 მოსწავლეს გავყევი გამოცდაზე. თუ მათი სურვილი იქნება და ჩემს სამუშაო დღეს არ დაემთხვევა, უნივერსიტეტის პირველ დღესაც მათთან ერთად ვიქნები. ზოგადად, ბევრს ჰქონია, რომ სკოლის მასწავლებლები არდადეგების შემდეგ ისვენებენ, სინამდვილეში, მასწავლებლები არასდროს ვისვენებთ და კარგად ვიცით, რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობა ბოლო ზარით არ მთავრდება”, – ამბობს ახალგაზრდა პედაგოგი.

იხილეთ ფოტო:

გია მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლეებს პედაგოგისგან ყურადღება არასდროს ავიწყდებათ და საყვარელი მოსწავლეებისგან მიღებული გამხნევების სასიამოვნო ისტორიას იხსენებს:

„სხვათა შორის, წელს სამოქალაქო განათლების საკვალიფიკაციო გამოცდაზეც გავედი, ეს გამოცდა დაემთხვა ქიმიის გამოცდას, რომელსაც ჩემი ერთი მოსწავლე აბარებდა, ძალიან გვიხაროდა, რომ ასე დაემთხვა და ხელი არ შემეშალა მასაც გავყოლოდი. ასეთი ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ – ერთმანეთს გამოცდებზე დავყვებით და გამამხნევებელი შეძახილებით ვგულშემატკივრობთ. მშობლებს მაინც განსხვავებული მღელვარება აქვთ და როცა ასეთი ახალგაზრდა მასწავლებელი მიგყავს გამოცდაზე, უფრო კომფორტულიც არის. უამრავი მოგონება დაგვიგროვდა“, – გვიყვება პედაგოგი.

საუბრის დასასრულს, გია მასწავლებელმა იმ მომავალი ახალგაზრდა პედაგოგებისთვისაც დაგიტოვა რჩევა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიაში შესვლას გეგმავენ: „იყავით მიმღებიც და გამზიარებელნიც, როგორც ლხინში იქნებით მათ გვერდით, ასევე რთულ პერიოდებშიც უნდა იყოთ, მხოლოდ ხელფასი ვერ იქნება თქვენი მოტივაციის წყარო, უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმე და მომავალი თაობა!“.

ასევე იხილეთ:

„გიორგი, ბებიკო, ნიჭიერი ხარ და ვიცი, გახდები კომაროველი!“ – გულშემატკივრების უწყვეტი რიგი კომაროვში მისაღები წვიმიანი გამოცდიდან (+ფოტო)

„ამოუბეჭდეთ შვილს და ერთად იმუშავეთ“ – საბავშვო მოთხრობა სააზროვნო კითხვებით, რესურსი მშობლებისთვის გამოცდილი სპეციალისტისგან

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში