ბათუმელმა VIII კლასელმა გოგონამ აფრიკაში გრანპრი მოიგო
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის VIII კლასელი გოგონა, იოანნა შერვაშიძე ტანზანიაში გამართულ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე გრანპრის მფლობელი გახდა. ფინალური ტური აფრიკაში 19 აპრილს ჩატარდა. გოგონა სამშობლოში ჯერ არ დაბრუნებულა.
იოანნა კონკურსში საქართველოს სახელით იღებდა მონაწილეობას. გოგონა სამოდელო სააგენტო „კატრინთან“ თანამშრომლობს. სააგენტომ შიდა შერჩევა ჩაატარა და აღნიშნული კონკურსისთვის არჩევანი იოანნაზე გააკეთა, რადგან მას შეეძლო კონკურსის პირობის დაკმაყოფილება – ნაციონალური ცეკვის შესრულება აკრობატული ილეთებით.
EDU.ARIS.GE 13 წლის გოგონას დედას, ნინო ურუშაძეს ესაუბრა. ნინო ამბობს, რომ მისი შვილის წარმატება გოგონას სილამაზის და იმ ბეგრაუნდის დამსახურებაა, რასაც ის ყოველდღიურ ცხოვრებაში აკეთებს.
„იოანნა სპორტსმენია, აკრობატი. კონკურსის მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეს ნაციონალური ცეკვა შეესრულებინა აკრობატული ილეთებით. იოანამ აფრიკაში გამართულ კონკურსზე გრანპრი მოიპოვა და ორ ნომინაციაშიც გაიმარჯვა – ფოტომოდელი და ორი კონტინენტის, ევრაზიის გამარჯვებული გახდა. ჩემი გოგონა სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს და აჭარის ჩემპიონია და – საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც. აჭარის სპორტული აკრობატიკის ეროვნული ნაკრების წევრია და ასევე, ნაციონალურ ანსამბლ „ხორუმში“ ცეკვავს.
„ამ კონკურსის ორგანიზატორი ამანდა კრიელი გახლდათ და კონკურსისთვის შესავსებ დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ ითხოვდნენ ნაციონალურ ცეკვას აკრობატული ელემენტებით. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექცეოდა კონკურსანტის განათლების დონეს. 9 დღის განმავლობაში საგანმანათლებლო ფორმატის საღამოები იმართებოდა. ჩატარდა ტალანტის, ნაციონალური სამოსის და ა. შ. საღამოები. ტალანტის საღამოზე დაავალეს, ქართული ნაციონალური ცეკვა შეესრულებინა. იოანნამ შეასრულა ქართული ცეკვების მიქსი აკრობატული ელემენტებით“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს ნინო ურუშაძე.
კონკურში მონაწილე 35 ქვეყნიდან ფინალში 15 ქვეყენა გადავიდა. მონაწილეები 12-15 წლის თინეიჯერი გოგონები იყვნენ. რადგან ლიცენზირებულ საერთაშორისო კონკურსებზე დაბალ ასაკობრივ კატეგორიაში ფულადი და სხვა სახის პრიზები არ გაიცემა, იოანნასთვის პრიზები სხვადასხვა კონკურსებზე მიწვევებით შემოიფარგლება. გოგონა მიიწვიეს დუბაის ფეშენ-ვიკზე და პარიზის მოდის კვირეულზე.
იოანნა შერვაშიძე ტანზანიაში სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელთან, ეკატერინე მგალობლიშვილთან ერთად წავიდა. ნისთვის ნაციონალური ცეკვა, აკრობატიკის ელემენტებით, ქორეოგრაფმა გიორგი გოგიშვილმა დადგა, სამოსი კი დიზაინერმა თეონა თავდგირიძემ დაამზადა.
„როგორც მასწავლებლები მეუბნებიან, იოანნა სკოლაში ერთ-ერთი წამყვანი მოსწავლეა. სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული – ცეკვავს, მღერის, გიტარაზე უკრავს და რაც თანამედროვე ბავშვს სჭირდება, ყველაფერში გათვიცნობიერებულია. 164 სანტიმეტრი სიმაღლის არის 42 კოლოს იწონის… იოანამ ტანზანიაში გაიცნო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ბავშვები. განსაკუთრებით ბრაზილიელი გოგონათია აღფრთოვანებული – ძალიან ცეცხლოვანიაო, ამბობს. მოხიბლულია ასევე იქაური კულტურით და იქ ჩატარებული აკრობატების შოუთი. ჯერ არ დაბრუნებულა და ამ წუთებშიც ოკეანეში, დელფინებთან ერთად ცურავს ბილ გეიტსის კუნძულზე, სადაც ფილმი „ლაგუნა“ გადაიღეს. იქ გაიმართა კონკურსი და უზომოდ აღფრთოვანებულია ყველაფრით“, – ამბობს ნინო ურუშაძე.
ასევე იხილეთ:
ზუგდიდელმა გოგონამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე I ადგილი მეორედ მოიპოვა