GE
14 აპრილი, 2022 18:22

ზუგდიდელმა გოგონამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე I ადგილი მეორედ მოიპოვა

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ, ანა ქარჩავამ, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე, გერმანულ ენაში – I, ქართულ ენაში კი IV ადგილი მოიპოვა. ანა წელს უკვე მეორედ მოხვდა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიებში. ანამ გასულ სასწავლო წელს ჩატარებულ ოლიმპიადაშიც I ადგილი მოიპოვა გერმანულ ენაში.

გერმანულ ენაში ანამ წელს მაქსიმალური ქულა დააგროვა. ქართულ ენაში კი სულ ცოტა დააკლდა, რომ იქაც I ადგილი მოპოვებინა. ამბობს, რომ ოლიმპიადამ დიდი გამოცდილება შესძინა და ეროვნული გამოცდების აღარ ეშინია.

„ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში X კლასიდან ვარ ჩართული. XI კლასში ვიყავი, როდესაც გერმანული ენის ოლიმპიადაზე გავედი. მაქსიმალური ქულები დავაგროვე და მაშინაც, საქართველოს მასშტაბით, რეიტინგში პირველ ადგილზე გავედი. ქართულში რომ IV ადგილზე ვარ, ვფიქრობ, იმის ბრალია, ამ წლების განმავლობაში ჩემი ყურადღება უფრო უცხო ენისკენ რომ იყო მიმართული, ვიდრე ქართულისკენ. ახლა უფრო მეტად ვცდილობ, ქართული კარგად ვისწავლო, მეტი წიგნები წავიკითხო. IV ადგილი არც ისე ცუდია, მაგრამ ვფიქრობ, მეტი შემიძლია. სასწავლო ოლიმპიადა კი, რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა და თან, გამოწვევებით სავსე. მე კი გამოწვევები და ახალთან შეჭიდება მიყვარს“, – უთხრა ანამ EDU.ARIS.GE-ს.

ანა ქარჩავა ფიქრობს, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინოს საკუთარი თავი, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და თვითრწმენაც ჰქონდეს. ანა ფიქრობს, რომ ოლიმპიადის ტესტები უფრო რთულია, ვიდრე ეროვნული გამოცდის.

„ესეს ნაწილში ეროვნული გამოცდების ტესტს ჰგავს ოლიმპიადის ტესტი და კიდევ – სტრესის ნაწილში. ოლიმპიადა კიდევ უფრო რთული მგონია, ვიდრე გამოცდა. მოსწავლე, რომელსაც მხოლოდ სკოლის პროგრამა აქვს დაფარული და სხვა მხრივ არ ვითარდება, ოლიმპიადაზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, რადგან ეს ბევრად უფრო მაღალი დონის არის, ვიდრე ეროვნული გამოცდა“, – ამბობს ანა.

ანა ქარჩავას სამედიცინო განათლების მიღება უნდა. თავის დროზე, გერმანული ენის შესწავლაც იმიტომ არჩია, რომ უნდა, გერმანიაში ისწავლოს.

„გერმანული ენის შესწავლა V კლასში დავიწყე და მერე რეპეტიტორთან გავაგრძელე სწავლა. სამედიცინოზე მინდა ჩაბარება და ვფიქრობ, გერმანია იდეალური ქვეყანაა, სადაც ამ განხრით შეგიძლია ისწავლო. როდესაც ცოდნა გავიღრმავე, საერთაშორისო სერტიფიკატის ასაღებად გავედი და C1 დონე მოვიპოვე, რის შემდეგაც გადავწყვიტე, მოსწავლეები ამეყვანა. ახლაც ვამეცადინებ რამდენიმე მოსწავლეს გერმანულ ენაში. მე კი მასწავლებელი უკვე აღარ მჭირდება. გერმანიაში წასვლა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ჩვენს ატესტატს იქ არ აღიარებენ. ჯერ კოლეჯი უნდა დაამთავრო და მერე ჩაირიცხო უნივერსიტეტში. ამიტომ, ვფიქრობ, ჯერ საქართველოში ვისწავლო სამედიცინოზე პირველი ორი წელი და გაცვლითი პროგრამით პირდაპირ წავიდე გერმანიის უნივერსიტეტში“, – ამბობს XII კლასის მოსწავლე.

ანას აზრით, მიუხედავად იმისა, ზუგდიდი ძალიან პატარა ქალაქია, ახალგაზრდის განვითარებისთვის ბევრი შესაძლებლობაა და ამაში თავადაც შეაქვს წვლილი. რაც შეეხება ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლას, ანა ამბობს, რომ სკოლამ ძალიან ბევრი რამ მისცა და განავითარა მისი როგორც ადამიანური, ისე ინტელექტუალური შესაძლებლობები და მასწავლებლების მადლიერია, თუმცა უნდა, უფრო მეტი თავისუფლება ეძლეოდეს მოსწავლეს, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს და სკოლა მეტად მოდერნიზებული იყოს.

ანა ქარჩავა ქალაქის სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული. ზუგდიდის „ახალგაზრდული სათათბიროს“ წევრია. ეს გახლავთ ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც ამ ქალაქში ახალგაზრდებმა დაარსეს. ოლიმპიადის გარდა, ანას სხვა ჯილდოებიც აქვს მოპოვებული.

„ამ სათათბიროს საქმიანობის ფარგლებში გერმანიაში ვიმყოფებოდი სასწავლო ვიზიტით ერთი კვირით. იქ გავეცანი სტრატეგიებს, თუ როგორ მუშაობს თვითმმართველობის ორგანო. ასე მიღებულ გამოცდილებას კი ისევ ჩვენს ქალაქში ვიყენებთ. გარდა ამისა, ჩვენი ბიბლიოთეკის აქტივობებში ვარ აქტიურად ჩართული, კალიგრაფიის კონკურსებში ვიღებ მონაწილეობას და ორჯერ გავედი პირველ ადგილზე და მესამედ – I I ადგილი დავიკავე ჩვენი რეგიონის მასშტაბით.

„ინგლისურშიც მაქვს საერთაშორისო კემბრიჯის C1 დონის სერტიფიკატი და აგრეთვე, ჩემი ნაწერები. ქართულ ენაზე დაწერილი, დაბეჭდა კავკასიურმა სახლმა სტუდენტურ ალმანახში – „ვირუსული დღიურები“. ასევე – არასამთავრობო ორგანიზაცია „კოგნიტიომ“ ჩაატარა ესეების კონკურსი, სადაც ქვეყნის 12 რეგიონი მონაწილეობდა და იქაც პირველი ადგილი დავიკავე საქართველოს მასშტაბით“, – გვიყვება ანა.

ერთადერთი, რაზეც წარმატებულ ზუგდიდელ მოსწავლეს გული სწყდება, ის არის, რომ მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

„ყოველ მეორე წელს ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა გერმანულ ენაში და მასში მონაწილეობის უფლება არ აქვთ XII კლასელებს, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ამ ოლიმპიადისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩევენ ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ ბავშვებს და მერე ისინი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებენ შეჯიბრს. შარშან არ ჩატარდა, წელს კი მონაწილოების უფლება არ მაქვს, რაზეც გული მწყდება“, – ამბობს ოლიმპიადის პრიზიორი EDU.ARIS.GE-სთან.

ასევე იხილეთ:

ახალციხელი XI კლასის მოსწავლე ამერიკაში ისწავლის – როგორ აიხდინა ოთარ ჯინჭველაძემ ოცნება

ბათუმელი XII კლასელი ბიჭი საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში