„ბავშვები კეთილები, მომთმენები და მზრუნველები ხდებიან“ – რა უვითარებს ბავშვებს ადამიანურ თვისებებს
ძველი თბილისის რაიონში მდებარე 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის N 75 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოასუფთავეს და ახლა იქ გადასარგავად მცენარეებს პატარა კონტეინერებში ზრდიან.
კლასის დამრიგებელი ალდა ნაჭყებია EDU.ARIS.GE-ს მოუყვა, რას გრძნობენ პატარები და როგორ ელოდებიან თესლიდან მცენარეების აღმოცენებას, რომ სკოლის ეზო გაამწვანონ.
„ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში შევისწავლეთ მცენარეები, თესლი, აგებულება და რადგან გაზაფხულია, გადავწყვიტეთ, პრაქტიკულად გვენახა, როგორ ამოდის თესლიდან მცენარე. ბავშვებმა სახლიდან მოიტანეს იმ მცენარეთა თესლები, ვისაც რა ჰქონდა. ზოგმა მშობელმა ბავშვს არც უთხრა, რის თესლი გამოატანა და ახლა დიდის ამბით ველოდებით, ვისი დათესილიდან რა აღმოცენდება. დაჰფოფინებენ და არიან ერთ ამბავში. ამოსულ მცენარეებს გადავიტანთ სკოლის ეზოში. ჯერ გავასუფთავეთ ეზო, მოვაშორეთ ნაგავი, ნარჩენები და მერე მოვიტანეთ თესლი, მიწა, ქოთნები და ერთჯერადი კონტეინერები…
„ბავშვები ისეთი მოტივირებულები იყვნენ, ძალიან ხალისიანად მოეკიდნენ ეზოს დასუფთავებას თუ დათესვას. მსგავსი აქტივობები, როდესაც პატარები თავისი ხელით აკეთებენ რაღაცას, მათში ბევრ სასიკეთო რამეს ავითარებს. ახლა პირველი, რასაც ამბობენ, ის არის, რომ ხე არ უნდა მოჭრან, რადგან გვაძლევს ჰაერს. შესაბამისად, უფრო კეთილები, მომთმენები და მზრუნველები ხდებიან. ერთმანეთის მიმართაც მზრუნველები ხდებიან. ამ ასაკიდან რაღაც სამუშაოს შესრულება საკუთარი ხელებით, ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს კლასის დამრიგებელი.
ალდა ნაჭყებია ცდილობს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შრომა შეაყვაროს. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ბავშვებს დავალებული აქვთ, მეორადი, გადასაყრელი ნივთებისგან სხვადასხვა რამ დაამზადონ.
„დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გადაყრილი ნივთებისგან ვაკეთებთ სხვადასხვა რაღაცეებს. სკოლაში საჩვენებლად გავაკეთეთ ცარცისა და ჩვრის ჩასადები პლასტმასის ბოთლისგან. გამოვჭერით, შევღებეთ, მივაკარით… ახლა სახლში აკეთებენ სხვადასხვა რამეს. მოიტანენ და ამიხსნიან, რა და როგორ გააკეთეს, დაეხმარათ თუ არა ვინმე, რომ არა საგნისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა, ის კონკრეტული ნივთი სად წავიდოდა და ა. შ. მთავარია, ინტერესი და მოტივაცია აქვთ, რაც მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – გვითხრა ალდა ნაჭყებიამ.