GE
1 ივნისი, 2022 11:41

„ბედნიერ მოსწავლეს არ ეზარება სკოლაში სიარული“ – წარმატების რეცეპტები სკოლა „აია-ჯესის“ დირექტორისგან

„სკოლა წარმატებულია, თუ იქ სწავლობენ ბედნიერი მოსწავლეები“, – ამბობს სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ დამფუძნებელი და დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მასწავლებელს, ვინც საკუთარი თავის განვითარებაზე ყოველდღიურად არ ზრუნავს, ახლანდელი თაობის მოსწავლეებთან გაკვეთილის ჩატარება გაუჭირდება.

რუსუდან ბოლქვაძე EDU.ARIS.GE-ს კითხვებს პასუხობს და წარმატების კრიტერიუმებს გვიზიარებს.

– ქალბატონო რუსუდან, როდის არის სკოლა წარმატებული?

– წარმატებულია სკოლა, რომელიც მორგებულია მოსწავლის საჭიროებებზე და რომელსაც ჰყავს ბედნიერი და წარმატებული მოსწავლეები. სკოლის წარმატების კრიტერიუმი არის ისიც, როდესაც მისი მოსწავლე წარმატებულია სკოლის გარეთაც.

– როგორია ბედნიერი და წარმატებული მოსწავლე?

– ეს არის მოსწავლე, რომლისთვისაც ცოდნის შეძენა სასიამოვნო და უწყვეტი პროცესია, რომელსაც აქვს უნარი ადვილად, ნებისმიერ სიტუაციაში მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი.

– როგორ აღვზარდოთ ასეთი მოსწავლე, ანუ გაგვიზიარეთ თქვენი სკოლის წარმატების საიდუმლო.

– რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა აუცილებელი არ არის, მოსწავლეს ყველა საგანში ჰქონდეს მაღალი აკადემიური მაჩვენებელი, მაგრამ ის რომ „მომავლის მოქალაქედ“ გაიზარდოს, აუცილებელია, ჰქონდეს ის უნარები, რომელსაც წარმატებული სკოლა აძლევს თავის აღსაზრდელს. ამ უნარების შეძენისთვის მაღალაკადემიური საგაკვეთილო პროცესის გარდა, აუცილებელია არაფორმალური განათლება. ჩვენს სკოლაში არაფორმალური განათლების 26 კლუბზე მეტია. გაკვეთილზე რომ ცოდნა შეიძინა მოსწავლემ, იმ ცოდნის ტრანსფერს აკეთებს სრულიად ახალ სიტუაციაში, ახალ გარემოში, არამხოლოდ პარალელურ, არამედ სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად. ეს მას აძლევს საშუალებას, შეიძინოს უნარები, რაც ასე სჭირდება ცხოვრებაში, განსაკუთრებით 21-ე საუკუნის მოქალაქეს. ცოდნა და ეს უნარები არის ძალიან მნიშნელოვანი, რომ გვყავდეს წარმატებული და ბედნიერი მოსწავლეები.

ასეთი მიდგომა რომ ამართლებს, ამის დასტურია არამხოლოდ წარმატებით ჩაბარებული მისაღები გამოცდები და გამორჩეული და წარმატებული სტუდენტის რანგში ყოფნა, არამედ სახელმწიფო და საზღვარგარეთის სივრცეებში ჩატარებული არაერთი კონკურსის საპრიზო ადგილების მოპოვება. მაგალითად, ერთერთი კონკურსის გამარჯვებული ჩვენი მოსწავლეები უკვე მეხუთედ მიდიან „ნასაში“, აშშ-ში. ეს ჩვენთვის დიდი წარმატების კრიტერიუმია. ეს არის ბედნიერება, რომელიც მამოძრავებელი ძალაა, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და მივდივართ წინ და წინ.

ბედნიერ მოსწავლეს არ ეზარება სკოლაში სიარული, პირიქით, უხარია სკოლაში ყოფნა, ვითარდება და შეუძლია, გულახდილად უთხრას სხვა ადამიანს, თუ რამე აწუხებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არის დაცულ გარემოში, სადაც მას მოუსმენენ. ბედნიერი ვარ, როცა უფროსკლასელები მოდიან და მეუბნებიან, რომ ჩემი რჩევა სჭირდებათ და მე, დირექტორს, როგორც უფროს მეგობარს, აზრს მეკითხებიან. ასეთ სკოლაზე ვოცნებობდი ყოველთვის და მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, რომ მათთან ერთად შევძელი ასეთი სკოლის შექმნა.

– წარმატებული მასწავლებელი ჰქვია მას, ვინც…

– წარმატებული მასწავლებელი ნიშნავს იმ პედაგოგს, რომლისთვისაც სამსახური არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო, ვითარდება თვითონ და ავითარებს თავის მოსწავლეებს. მასწავლებელმა რომ განავითაროს თავისი მოსწავლე თვითონ უნდა ფლობდეს სიახლეებს, რადგან დღეს უკვე ვერ ჩაატარებს ისეთ გაკვეთილს, როგორსაც ატარებდა ერთი წლის წინ. კარგი მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეებში უნდა პოულობდეს თავისი მოღვაწეობის სრულყოფის სტიმულს. მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან მოზარდს წარმატებული მომავლის შექმნაში ეხმარები და ქმნი საკუთარი ხალხის და ქვეყნის მომავალსაც.

– დირექტორობამდე ვფიქრობდი, რომ…

– სანამ სკოლის დირექტორი გავხდებოდი, ფიზიკის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელიც ვიყავი. ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი ხანა იყო, რადგან ვგრძნობდი, გარკვეულ ჯგუფთან როგორ შემეძლო საინტერესო იდეების დანერგვა და ბევრი კარგი საქმის კეთება. მახსოვს, მასწავლებლობიდან 8 წლის თავზე, როდესაც მეთოდისტი მასწავლებლის წოდება მომანიჭეს, მივხვდი, რომ ბევრი ადამიანისთვის შემეძლო შრომა შემოქმედებით პროცესად მექცია.

სანამ სკოლა „აია-ჯესსის“ დამფუძნებელი გავხდებოდი, მანამდე, თბილისის სხვადასხვა სკოლებში დირექტორის მოადგილე გახლდით. მაშინ დავრწმუნდი, რომ მქონდა ის უნარები, რითაც შემეძლო წარმატებული და საინტერესო სასწავლო სივრცე შემექმნა, ფაქტობრივად ამან გამაბედვინა აია -ჯესსის დაფუძნება. საბედნიეროდ, სწორი აღმოჩნდა ჩემი ეს გადაწყვეტილება. ცოტა თამამ პარალელს გავავლებ-ნობელის პრემიის ლაურეატმა, დიდმა მეცნიერმა მარია კიურიმ თავისი და მეგობარი მეცნიერების შვილებისთვის სპეციალური სკოლა შექმნა. ამ სკოლაში სწავლა შემოქმედებითი, სასიამოვნო პროცესი იყო და ავითარებდა შრომის უნარს, ძიების სიყვარულს და კრიტიკულ აზროვნებას. სკოლის კურსდამთავრებულები მეცნიერების, პოლიტიკის, ლიტერატურის კორიფეები გახდნენ… ეს ისტორიული ფაქტი იქცა ჩემს მამოძრავებელ ძალად და 2002 წელს შევქმენი სკოლა, რომელიც თანამედროვე სკოლის მოთხოვნებს ყოველთვის პასუხობდა…

სკოლის მართვა, როგორც ბიზნესისა, ჩემთვის ცოტა რთულია, მაგრამ როგორც დირექტორისთვის, რომელიც ბავშვის განვითარებაზე ფიქრობს, ეს არის უსაყვარლესი სფერო და შედეგებიც შესაბამისი მაქვს. მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც, რაღაც რომ არ გამოსდით, საკუთარი თავიდან იწყებენ კრიტიკას. ეს ძალიან მიადვილებს მონიტორინგსაც და პრობლემის მოგვარებასაც.

სკოლა ის სივრცეა სადაც არსებული სამკუთხედი – მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი, მათი წარმატებული და შეთანხმებული თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა წარმატებული და ბედნიერი მოქალაქის აღსაზრდელად.

ახლახან სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ზარი სინამდვილეში „მომავლის ზარია“ მათთვის და ის რომ ბედნიერების და წარმატების მაუწყებელი იყოს, ეს ძირითადად ჩვენზეა დამოკიდებული.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში