GE
19 მაისი, 2022 15:40

ბოლო ზარზე მშობლის დასწრების საკითხს სკოლა წყვეტს

სკოლებში ბოლო ზარის ღონისძიებების აღნიშვნა დაიწყო და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისა და მშობლიურ სკოლასთან დამშვიდობების ცერემონიალი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მშობლებისთვისაც. როგორც მშობლების ნაწილი EDU.ARIS.GE-ს უყვება, სკოლების ადმინისტრაცია მათ საშუალებას არ აძლევს, ბოლო ზარის ცერემონიას დაესწრონ.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით კი, თბილისში ამ დრომდე უკვე გაიმართა არაერთი ბოლო ზარის ღონისძიება, რომლებსაც მშობლები უპრობლემოდ ესწრებოდნენ.

ერთ-ერთმა მშობელმა 19 მაისს ისიც მოგვიყვა, რომ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც განუმარტეს, თითქოს სკოლებისთვის რეკომენდაციები გადაგზავნილია.

ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად, პირველ რიგში, ჩვენ ვესაუბრეთ თბილისის სხვადასხვა სკოლების დირექტორებს და თავდაპირველად, ერთ-ერთმა ისიც კი გვითხრა, რომ სამინისტროსგან რეკომენდაციები უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძველ დოკუმენტზე გვესაუბრებოდა, რომელიც სამინისტრომ გასული წლის მაისში მიაწოდა და იქ ჯერ კიდევ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებაზეა საუბარი. ასევე იმაზეც, რომ ბოლო ზარი სკოლაში მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით გაიმართება.

ერთი დირექტორის თქმით კი, მან თავად მიიღო გადაწყვეტილება მშობლები ღონისძიებებზე არ დაეშვა.

რას გვპასუხობს განათლების სამინისტრო კითხვაზე, შეუძლია თუ არა მშობელს, შვილის ბოლო ზარს დაესწროს

საბოლოოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად, აღელვებულ მშობლებს ასეთი პასუხი გასცა: „ბოლო ზარი არის სასკოლო აქტივობა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს თავად სკოლა აორგანიზებს. სამინისტროსგან რეკომენდაციები არ გაცემულა და სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანაში მოქმედი იმ კოვიდრეგულაციებით, რომელიც ამჟამად აქტიურია“.

ასევე იხილეთ: 

მშობელი სასკოლო ექსკურსიებზე: ახალი რეგულაციებით ირღვევა ჩვენი შვილების უფლებები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში